ლიგა: ესპანური დერბი და ორი გამართლება
5 და 13 აპრილი
ბაიერნი (გერმ)-ბენფიკა (პორტ)
ბარსელონა (ესპ)-ატლეტიკო (ესპ)
6 და 12 აპრილი
ვოლფსბურგი (გერმ)-რეალი (ესპ)
პსჟ (საფრ)-სიტი (ინგლ)
წილისყრის ფაქტები
* "ვოლფსბურგი" და "რეალი" ერთმანეთს არასოდეს შეხვედრიან. შეგახსენებთ, რომ გერმანული გუნდი პლეი ოფის დებიუტანტია, "სამეფო კლუბი" კი - 10-გზის ჩემპიონი.
* "ბაიერნი" ევროთასებზე 6-ჯერ შეხვდა "ბენფიკას", 4-ჯერ მოუგო და 2-ჯერ ფრე ეთამაშა. კლუბები ერთმანეთს 1995 წლის
* "ბარსელონამ" "ატლეტიკოს" ბოლო ექვსი დაპირისპირება მოუგო. ლიონელ მესის 25 გოლი აქვს "ატლეტიკოს" კარში გატანილი. ეს გუნდები ლიგის 2013/14 წლების სეზონშიც დაუპირისპირდნენ ამ ეტაპზე - მადრიდელებმა შინ 1:0 მოიგეს, სტუმრად 1:1 ითამაშეს და ნახევარფინალში გავიდნენ.
* პსჟ და "მანჩესტერ სიტი" ერთადერთხელ შეხვდნენ ერთმანეთს - ინგლისში 0:0 ითამაშეს უეფას თასის ჯგუფურ ეტაპზე (2008/09 წწ).
მართალია, "რეალის" ექსფორვარდი ემილიო ბუტრაგენიო ამტკიცებს, რომ ტურნირის ამ ეტაპზე ფავორიტები და აუტსაიდერები არ არსებობენ, მაგრამ საერთო შეფასებით, გრანდებიდან ყველაზე მეტად სწორედ "რეალს" გაუმართლა წილისყრამ.
ტურნირის ათგზის გამარჯვებულის მეტოქე "ვოლფსბურგი" იქნება, გუნდი, რომელიც ახლა ცუდ ფორმაშია. "მგლები" ისტორიაში პირველად თამაშობენ ჩემპიონთა ლიგის მეოთხედფინალში და, ბუნებრივია, ამ დაპირისპირებაში ზინედინ ზიდანის გუნდი ფავორიტია.
"რამდენიმე დღის წინათ ვთქვი, რომ "ბენფიკა" თუ შეგვხდებოდა, ყველაზე მეტად გაგვიმართლებდა, მაგრამ ჩემი მეორე სურვილი სწორედ "რეალი" იყო. ჩვენ უნიკალური შანსი გვეძლევა, უმაღლეს დონეზე დავამტკიცოთ, რა შეგვიძლია. უახლოეს ხანებში მოვიფიქრებ, შემტევ ფეხბურთს ეთამაშება "ვოლფსბურგი" "რეალს" თუ დაცვითს", - განაცხადა გერმანელთა თავკაცმა დიტერ ჰეკინგმა.
ესპანური დერბი მეოთხედფინალში - "ბარსელონამ" "ატლეტიკოს" ბარიერი უნდა დაძლიოს.
"ძალიან სერიოზული ოპონენტია, რა უნდა იყოს იმაზე კარგი, რომ მსოფლიოში საუკეთესო გუნდს ვეთამაშებით? მე ძალიან აღფრთოვანებული ვარ", - ამბობს დიეგო სიმეონე და ვერ გაიგებ კაცი, გულწრფელია თუ არა არგენტინელი სპეციალისტი.
ნელ-ნელა "პარი სენ-ჟერმენი" ლიგის მოგების ერთ-ერთი ფავორიტი გახდა, "მანჩესტერ სიტისთან" დაპირისპირება კი პასუხს გაგვცემს, რამდენად რეალურია პარიზელთა ამბიციები.
"სიტი" ძალიან კარგი გუნდია, ბრწყინვალე ფეხბურთელებითა და მწვრთნელით, მაგრამ ამ ეტაპზე ისედაც მხოლოდ ძალიან კარგი გუნდებია დარჩენილი. ძალიან კარგი ორი მატჩი გველის, რადგან "სიტის" ფილოსოფიაც ჩვენნაირია - ნამდვილი ფეხბურთის თამაში", - თქვა ლორან ბლანმა. მისი ვიზავი მანუელ პელეგრინი კი ამ აზრზეა: "მძიმე წილისყრაა. კარგია, რომ საპასუხო თამაში შინ გვაქვს. როცა ჯერ სტუმრად თამაშობ, იცი, როგორ უნდა ითამაშო, ეს კი მცირე უპირატესობაა".
"ბაიერნი" პორტუგალიურ "ბენფიკას" დაუპირისპირდება და ამ ორი კლუბის თამაშების ისტორია გერმანული გრანდის სასარგებლოდ მეტყველებს. ერთია, თანამედროვე ეპოქაში ისინი ერთმანეთს არ შეხვედრიან, ბოლო მატჩი მათ შორის 1995 წელს გაიმართა. "ბაიერნის" ფეხბურთელები კი ერთხმად აღნიშნავენ, რომ არც ისეთი იოლი მეტოქე შეხვდათ, როგორც ერთი შეხედვით ჩანს.
ევროპალიგა: კლოპი ყოფილი გუნდის წინააღმდეგ
7 და 14 აპრილი
დორტმუნდი (გერმ)-ლივერპული (ინგლ)
ბილბაო (ესპ)-სევილია (ესპ)
ბრაგა (პორტ)-შახტარი (უკრ)
ვილიარეალი (ესპ)-სპარტა (ჩეხ)
წილისყრის ფაქტები
* "ლივერპული" და "დორტმუნდი" ერთმანეთს სამჯერ შეხვდნენ. აღსანიშნავია ევროპის თასების თასის ფინალი "ჰემპდენ პარკზე", სადაც "დორტმუნდმა" მეტოქე 2:1 დაამარცხა.
* "ბილბაო" და "სევილია" ევროპულ ასპარეზზე პირველად ხვდებიან ერთმანეთს.
* 2010/11 წლების ჩემპიონთა ლიგის ჯგუფურ ეტაპზე "შახტარმა" სტუმრად 3:0, ხოლო შინ 2:0 მოუგო "ბრაგას".
* "ვილიარეალი" და "სპარტა" ერთმანეთს პირველად ეთამაშებიან.
იურგენ კლოპი "დორტმუნდის" წინააღმდეგ! ეს დაპირისპირება გერმანიიდან წამოსვლის შემდეგ პირველივე სეზონში შედგება. ხშირად ასეთი ირონიულია საფეხბურთო ფორტუნა.
"იმედი მაქვს, რომ "დორტმუნდი" არ შეგვხვდება", - ეს იურგენ კლოპის სიტყვებია წილისყრამდე. მისთვის სამწუხაროდ, ასე არ მოხდა, "ლივერპული" ევროპალიგის მეოთხედფინალში სწორედ "დორტმუნდს" გადაეყარა, სადაც კლოპმა სამწვრთნელო სკამზე 7 სეზონი გაატარა.
"მიხარია, რომ ბიჭებს დიდებულ ქალაქსა და სტადიონს ვაჩვენებ. ეს ისეთი ისტორიაა, რომლის დაწერაც მხოლოდ ფეხბურთს შეუძლია. ჩახვიდე დორტმუნდში და ეთამაშო "ბორუსიას" - ეს ერთ-ერთი საუკეთესო რამ არის, რაც შეიძლება ფეხბურთში შეგემთხვას. მეტოქე ძალიან ძლიერია, მაგრამ არც ჩვენ გვყავს ცუდი გუნდი. ვფიქრობ, ამ დაპირისპირებას მთელი მსოფლიო ნახავს", - განაცხადა 48 წლის სპეციალისტმა.
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"