პსჟ VS სიტი - ნუ უსმენთ ფეხბურთის უცოდინრებს!

AutoSharing Option
* პსჟ მეოთხედფინალში ზედიზედ მეოთხედ არის გასული, მაგრამ ჯერ ეს ეტაპი ვერ გადალახა. "სიტი" კი ისტორიაში პირველადაა მეოთხედფინალში.

* პსჟ-მ ჩემპიონთა ლიგაზე ბოლო 4 მატჩი მოიგო.

* მანუელ პელეგრინის ჩემპიონთა ლიგის მეოთხედფინალში გუნდი მეოთხედ გაჰყავს. აქამდე ეს ეტაპი პელეგრინის გუნდმა მხოლოდ ერთხელ დაძლია - 2006 წელს "ვილიარეალი" ნახევარფინალში გავიდა.

ჩემპიონთა ლიგის ერთ-ერთ ფავორიტად ქცეული "პარი სენ-ჟერმენი" კიდევ ერთ ინგლისურ გუნდს გამოცდის - "ჩელსის" შემდეგ "მანჩესტერ სიტის" ჯერი დადგა.

ურთიერთშეხვედრები
ეს გუნდები ერთმანეთს მხოლოდ 2008/09 წლების სეზონში შეხვდნენ. ეს იყო უეფას თასის
ჯგუფური ეტაპი. მანჩესტერში შეხვედრა 0:0 დასრულდა. მაშინ ინგლისელებს მარკ ჰიუზი წვრთნიდა, ხოლო პარიზელებს - პოლ ლე გუენი.

"სიტის" შემადგენლობაში კიდევ შემორჩენილები არიან ჯო ჰარტი, პაბლო საბალეტა და ვენსან კომპანი. პარიზელი კი აღარავინაა გუნდში. მაშინ ორივე გუნდი გავიდა პლეი ოფში.

პრესკონფერენცია
ლორან ბლანი (პსჟ): "მანჩესტერი სულ კარგად მახსენდება, მე ხომ "იუნაიტედში" ვთამაშობდი. მას მერე ალბათ ბევრი შეიცვალა მანჩესტერში, მით უფრო, "სიტიში". "სიტი" ნელ-ნელა ეწევა "იუნაიტედს" და დიდი კლუბი ხდება. არც ის დაგვავიწყდეს, რომ ეს გუნდი 70-იან წლებშიც ძლიერი იყო.

ამბობენ, რომ ასეთ ეტაპზე, როცა ყველაფერი მცირე დეტალმა შეიძლება გადაწყვიტოს, საერთაშორისო გამოცდილებას უდიდესი მნიშვნელობა ენიჭება. წილისყრის მერე ბევრს უხაროდა, რომ ორ გრანდს ავცდით - "ბარსელონასა" და "ბაიერნს". ბიჭები ძალიან მკაცრად გავაფრთხილე, რომ ასეთ ხმებს ყურადღება არ მიაქციონ. ვინც ასე ფიქრობს, ფეხბურთში დიდად ვერ ერკვევა.

ჩვენი ხვალინდელი მეტოქე ხარისხიანი ფეხბურთელებითაა დაკომპლექტებული და ეს ხარისხი სიღრმისეულია. მინდა ვთქვა, რომ "სიტის" შემადგენლობა, ამ მხრივ, გვჯობს. ორი ძალიან დელიკატური და მძიმე დაპირისპირება გველის".

მანუელ პელეგრინი
(სიტი): "პსჟ-სთან ბრძოლა ძალიან ძნელია, მაგრამ არ ვიტყვი, რომ უშანსოდ ვართ. პსჟ და "სიტი" ბევრი რამით ჰგვანან ერთმანეთს. ორივე კლუბს თითქმის ერთნაირი იდეა ამოძრავებს და ერთნაირი გრანდიოზული პროექტები აქვთ.

"სიტი" პლეი ოფში პირველად გავიდა და მოდი, ვნახოთ, რა შეგვიძლია ტურნირის ერთ-ერთ ფავორიტთან. ჯო ჰარტი ბოლო დღეებში უპრობლემოდ ვარჯიშობს, მაგრამ მაინც არ გადამიწყვეტია, ვინ დადგება კარში".

გასულ უქმეებზე
ზლატან იბრაჰიმოვიჩმა სეზონში პირველი საშინაო ჰეთ თრიკი შეასრულა "ნიცასთან" 4:1 დასრულებულ მატჩში. იბრას 30 გოლი აქვს გატანილი და "ოქროს ბუცისთვის" ბრძოლაში დაწინაურდა.

შაბათს "მანჩესტერ სიტიმ" სტუმრად "ბორნმუთი" გაანადგურა - 4:0. გუნდის ბომბარდირმა სერხიო აგუერომ ამ მატჩში ერთი გოლი გაიტანა. პელეგრინის გუნდმა სამი გოლი პირველ ოც წუთში გაიტანა.

ოთხშაბათი. 6 აპრილი
პსჟ-სიტი 22:45
დისკვალიფიკაცია: არავინ
ტრავმა: ვერატი, ორიე (?), პასტორე - დელფი (?), ფერნანდო (?), სტერლინგი, კომპანი, ჰარტი (?), ტურე (?)
სავარაუდო შემადგენლობები
პსჟ (4-3-3): ტრაპი - მარკინიოსი, დ. ლუისი, ტ. სილვა, მაქსველი - მატუიდი, რაბიო, ტ. მოტა - დი მარია, იბრაჰიმოვიჩი, კავანი
სიტი (4-3-2-1): ჰარტი - სანია, მანგალა, ოტამენდი, კლიში - ფერნანდინიო, ტურე, ფერნანდო - ნავასი, სილვა - აგუერო
მსაჯი: მილორად მაჟიჩი (სერბეთი)

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული