ვოლფსბურგი VS რეალი - არც ისე დაუმარცხებლები

AutoSharing Option
* "ვოლფსბურგი" ჩემპიონთა ლიგაზე მეორედ თამაშობს, პლეი ოფში კი - პირველად.

* "ვოლფსბურგს" და "რეალს" ერთმანეთში არასოდეს უთამაშიათ.

* ამ სეზონში გერმანულმა კლუბმა ლიგაზე ყველა საშინაო მატჩი მოიგო.

* ჩემპიონთა ლიგის ამ სეზონში მხოლოდ "რეალი" და "ბარსელონა" არ დამარცხებულან.

"მგლებს" ბუნდესლიგის სეზონი ხელიდან ეცლებათ. მათთვის ერთადერთი საშველი ჩემპიონთა ლიგაზე წარმატებაა. თუმცა "ვოლფსბურგისთვის" საუბედუროდ, დაახლოებით იმავე მდგომარეობაშია "რეალიც".

ურთიერთშეხვედრები
ეს ამ გუნდების პირველი ევროპული დაპირისპირებაა. ევროპულ ასპარეზზე გამოწრთობილი "სამეფო კლუბი" "მგლებს" ჯერ არსად გადაჰყრია. "ვოლფსბურგი" მხოლოდ მეხუთედ ხვდება ესპანურ გუნდს.

პრესკონფერენცია
დიტერ ჰეკინგი
(ვოლფსბურგი): "ჩვენს გუნდს მოტივაციის პრობლემა არ ექნება. უდიდესი შანსი გვაქვს, მთელმა მსოფლიომ ნახოს, რა შეგვიძლია. ყურადღების ცენტრში მოვექცევით. არავის ეგონა, რომ "ვოლფსბურგი" აქამდე მოაღწევდა. მე ბიჭებს კვლავ ვეუბნები, რომ ეს ჯერ კიდევ არ არის საინტერესო მოგზაურობის დასასრული, მეტი შეგვიძლია.

თუკი მადრიდის "რეალს" დავამარცხებთ, ეს წლის ერთ-ერთი მთავარი სენსაცია იქნება. აი, ეს გვინდა ჩვენ და ხვალ ამ სენსაციას საფუძველი უნდა ჩავუყაროთ. სიმართლე გითხრათ, როცა წილისყრამ "სამეფო კლუბი" შეგვახვედრა, ძალიან გაგვიხარდა. "რეალს" ტოპ-კლასის ფეხბურთელები ჰყავს. ჩემს გუნდს მართლა შეუძლია ამ გუნდს ტოლ-სწორად ებრძოლოს.

"რეალის" გაჩერება მხოლოდ კრიშტიანო რონალდოს გაჩერება არ არის, მეტოქეს ბევრი ვარსკვლავი ჰყავს. ჯერ კიდევ არ ვიცი, შეძლებს თუ არა ნალდო თამაშს. ექიმს და თავად ფეხბურთელს უნდა გავესაუბრო. როგორც ვიცი, თავად თამაში სურს".

ზინედინ ზიდანი (რეალი): "ვოლფსბურგთან" ძალიან მძიმე მატჩი გველის, მაგრამ ჩვენ კარგად ვართ მომზადებულნი. ჩვენ ამ თამაშს ისე ვუდგებით, როგორც ფინალს. "ბარსელონათან" მოგება დავიწყებულია.

გუნდი კარგ ფორმაშია და მოტივირებულია, ეს კი მთავარია. "ვოლფსბურგმა" ბევრი იბრძოლა, რომ აქამდე მოეღწია. შესაძლოა, ახლა მათ პრობლემები აქვთ ბუნდესლიგაში, მაგრამ ჩემპიონთა ლიგა სულ სხვა შეჯიბრებაა.

"რეალი" ვერ არის იმ დონის, რომ დაუმარცხებელი ეწოდოს; ჩვენი დამარცხება "ვოლფსბურგსაც" შეუძლია. ამიტომ ძალიან ფრთხილად უნდა ვიყოთ. ყველაზე მეტად მინდა, რომ ჩემმა ფეხბურთელებმა კონცენტრაცია საკუთარ თამაშზე გააკეთონ და მეტოქეს სწორედ ჩვენი თამაში მოვახვიოთ თავს. სულ უფრო და უფრო ძნელია, მაგრამ "რეალს" ტიტულის მოგება შეუძლია".

გასულ უქმეებზე
"მგლები" სტუმრად "ლევერკუზენთან" 0:3 განადგურდნენ და ძალიან გაირთულეს სატურნირო მდგომარეობა.

"რეალმა" "კამპ ნოუზე" "ბარსას" კლასიკო მოუგო. მასპინძელთა კარში ქარიმ ბენზემამ და კრიშტიანო რონალდომ გაიტანეს.

ოთხშაბათი. 6 აპრილი
ვოლფსბურგი-რეალი 22:45
დისკვალიფიკაცია: არავინ
ტრავმა: ბენდტნერი (გუნდიდან გაუშვეს), იუნგი, ნალდო (?), კალიჯური - ვარანი
სავარაუდო შემადგენლობები
ვოლფსბურგი (4-2-3-1): ბენალიო - ტრეში, დანტე, კნოხე, როდრიგესი - გილავოგი, ლუის გუსტავო - შიურლე, არნოლდი, დრაქსლერი - კრუზე
რეალი (4-3-3): კ. ნავასი - კარვახალი, პეპე, ს. რამოსი, მარსელო - კროოსი, კაზემირო, მოდრიჩი - ბეილი, ბენზემა, რონალდო
მსაჯი: ჯანლუკა როკი (იტალია)

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული