როგორ დააღწია "ატლეტიკომ" ჯოჯოხეთს თავი ცოცხალმა

AutoSharing Option
AUTO PLAY
"ბარსელონასა" და "ატლეტიკოს" წყვილში ფავორიტები კატალონიელები იყვნენ და რჩებიან კიდეც, მაგრამ პირველი მატჩის ანგარიში ისეთი არ არის, რომ "ბარსას" თავკაც ლუის ენრიკეს ოდნავ მაინც ჰქონდეს სიმშვიდის საფუძველი.

შეგვიძლია ვთქვათ, რომ "კამპ ნოუზე" გამართული შეხვედრა სამ ნაწილად დაიყო. პირველ ნაწილში "ატლეტიკო" უკეთ გამოიყურებოდა და გოლის გატანაც შეძლო. ის კი არა, ფერნანდო ტორესის ბურთის მერე "ათლეტებს" ერთი-ორი მცდელობა კიდევ ჰქონდათ და კინაღამ ანტუან გრიზმანმაც შეაგდო.

მეორე ნაწილი გარდამავალი გახლდათ, როდესაც ტორესი გააძევეს, რასაც დიეგო სიმეონე არ ეთანხმებოდა და არც მისი ამალა. თუმცა
"ელ ნინიომაც" სულელურად ითამაშა და არ გაუმართლა. აქედან მოყოლებული ველოდით, როდის მოიპოვებდა "ბარსელონა" უდიდეს უპირატესობას და ცხადი იყო, რომ "ჩოლოს" უკან დახევა მოუწევდა.

მესამე ნაწილი კი მეორე ტაიმის დებიუტიდანვე დაიწყო, როდესაც კატალონიელებმა მადრიდელები საკუთარ საჯარმოსთან გამოკეტეს და შეტევა-შეტევაზე დაუშინეს, რისი წყალობითაც საბოლოოდ თავისას მიაღწიეს და გაიმარჯვეს კიდეც, მაგრამ ორ ბურთზე მეტი ვერ გაიტანეს და ამაზე თუ დაწყდებათ გული.

ლუის ენრიკე: "როდესაც "ატლეტიკოს" ეთამაშები, ძალიან, ძალიან ყურადღებით უნდა იყო. თამაშს ტემპი უნდა მისცე და ბურთის კონტროლს მიაქციო ყურადღება. შესაძლოა, პირველ ტაიმში ეს ყველაფერი არ გამოგვდიოდა. მეტოქემ პირველ ნახევარში კარგად ითამაშა, ერთი-ორი შანსი შექმნა და გატანა მოახერხა. "ატლეტიკომ" ჩვენი შეცდომით ისარგებლა.

გაძევებამ თამაში შეცვალა. შესვენებისას ვსაუბრობდით, რომ წნეხი გაგვეძლიერებინა, მეტი შემართებით შეგვეტია და თანაც გუნდურად და არა ინდივიდუალურად. ვფიქრობ, მეორე ტაიმით ფანები ისიამოვნებდნენ, რადგან მოწინააღმდეგე საკუთარ საჯარიმოსთან მოვაქციეთ და ვუტევდით. თამაშით კმაყოფილი ვარ და მახარებს, რომ მოვიგეთ.

- ლიონელ მესის ულამაზესი მაკრატელა "ატლეტიკოსთან" მატჩში [VIDEO]

ზოგს, რა თქმა უნდა, გუნდის წევრებს არ ვგულისხმობ, შესაძლოა, შეეშინდა კიდეც, როდესაც 0:1-ს ვაგებდით, მაგრამ ამ გუნდს თავდაჯერება არ აკლია. ახლა კი "ვისენტე კალდერონზე" გასამართი საპასუხო მატჩისთვის მზადებას ვიწყებთ.

მას მერე, რაც აქ ვარ, ჩვენ ყოველთვის თითეულ მატჩს ცალკეულად ვუდგებით და მოსაგებად ვთამაშობთ. ასე იქნება "კალდერონზეც", ჩვენ მხოლოდ მოგება გვაკმაყოფილებს ხოლმე. ამ შემართებითა და ამ ფეხბურთელებით ნებისმიერი მიზნის მიღწევა შეგვიძლია. ჩვენ გვეგონა, რომ "რომასთან" ტრავმის მერე რაფინია ამ სეზონში დავკარგეთ და ვეღარ დავიხმარებდით, მაგრამ სამედიცინო შტაბი უმაღლესი კლასის გვყავს და ძალიან ბედნიერი ვარ, რომ ის ისევ ჩვენთან ერთად არის. მას შეუძლია ბურთის კონტროლი, გოლის გატანა, პატარა სივრცის გამოყენება...

გამარჯვებასთან ერთად, რაფინიას დაბრუნება საღამოს მთავარი სასიხარულო ამბავი გახლდათ. რაც შეეხება სუარესს, მისთვის რთული თამაში იყო, რადგან მჭიდროდ მეურვეობდნენ და ყოველთვის ორი ცენტრალური მცველის წინააღმდეგ უწევდა ბრძოლა. ამიტომაც მნიშვნელოვანი გახლდათ, ჩვენი ფლანგელები თავიანთ პოზიციაზე დარჩენილიყვნენ და ფლანგებიდან დაგვხმარებოდნენ.

სუარესი ძალიან შრომისმოყვარე და გამორჩეული ტიპაჟია, სახასიათო ფიგურაა და კლუბს მხოლოდ გოლებით კი არა, თავისი შემართებით ეხმარება. მან თავი განსაკუთრებულად დაიმკვიდრა. შეგვიძლია ვთქვათ, რომ ის ნახევრად კატალონიელია".

"მე ვამაყობ ჩემი მოთამაშეებით და ბედნიერი ვარ, რომ ამ გუნდში და გუნდთან ერთად ვმუშაობ. გუნდთან, რომლის ფეხბურთელებიც ყველა შეხვედრაში სიცოცხლეს წირავენ და მინდორზე ყველაფერს დებენ. მათ ნებისმიერი ბარიერის გადალახვა და სირთულის დაძლევა შეუძლიათ, მათთვის გამოუვალი მდგომარეობა არ არსებობს. გაძევებამდე მართლაც კარგად ვთამაშობდით. რასაკვირველია, მერე, მეორე ტაიმში "ბარსელონას" არაერთი მომენტი ჰქონდა და საკუთარ საჯარიმოს მიგვაჯაჭვა. დაცვიდან ამოსვლა ძალიან ძნელი გახლდათ.

- უნდა გაეგდო თუ არა მსაჯს ლუის სუარესი? [VIDEO]

თუმცა ჩემი ფეხბურთელები მართლაც ძალიან ძლიერები არიან და კლუბის მაისურას ბოლომდე იცავენ. ჩვენ ცოცხლები ვართ, ჩვენ გვაქვს შანსი. "ბარსელონას" ბევრი მომენტი ჰქონდა და კიდევ შეეძლო გატანა, მაგრამ ვერ გაიტანა. შესაბამისად, ეს გარკვეულ მოლოდინსა და იმედს გვიტოვებს და უტოვებს იმ ფანებს, რომლებიც სტადიონზე მოვლენ და გვიგულშემატკივრებენ.

ჩვენ ყოველთვის გვჯერა საკუთარი თავის და ბოლომდე დავიხარჯებით. ნახევარფინალში გასვლა რთული იქნება, მაგრამ მართლაც ყველაფერს გავიღებთ. როდესაც გასახდელში ბიჭებს ვუყურებ, ვხედავ, რომ ისინი ძალიან ბედნიერები არიან იმით, რომ ამ გუნდში თამაშობენ. ეს განწყობა და ჩვენი რესურსი მაქსიმალურად უნდა გამოვიყენოთ" - განაცხადა სიმეონემ.

აქვე ვთქვათ, რომ ეს იყო 31-ე შემთხვევა ჩემპიონთა ლიგის ისტორიაში, როდესაც "ბარსელონას" მეტოქე კაცნაკლული დარჩა. ამ კუთხით კატალონიელები გამოირჩევიან, მათ მეტოქეებს ყველაზე ხშირად უძევებენ ფეხბურთელებს.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 4 /
რეალმა უხეშობით მოუგო ბარსაა კამპ ნოუზე?:))))
ნიკო
15:06 08-04-2016
0
მაჩვენეთ გუნდი ვინც ბარსელონას თავისივე ფეხბურთის თამაშით დაამარცხებს და მაშინ ვიტყვი რომ ბარსაზე ძლიერი გუნდიც არსებობს თქო...მაგრამ უმეტესად გუნდები უხეშობით და ბინძური ფეხბურთით ცდილობენ ბარსას შეჩერებას რაც ამაზრზენია...ფეხბურთში მარტო შედეგი არარის მთავარი...მაყურეელი ფულს იმიტომ იხდის რომ ლამაზი და სანახაობრივი ფეხბურთი იხილოს, და არა ანტი ფეხბურთი....
zura88
21:10 07-04-2016
0

სიახლეები პოპულარული