ატლეტიკო VS ბარსელონა - თამაში, როგორც ომი

AutoSharing Option
ალბათ, არ იქნება გადამეტებული, თუ ვიტყვით, რომ ესპანური დერბი ყველაზე საინტერესო წყვილია კვარტეტში. მით უფრო, პირველი მატჩის შემდეგ, როცა 10-კაციანმა "ატლეტიკომ" გმირულად იბრძოლა "კამპ ნოუზე", სადაც ბრძოლა წააგო, მაგრამ ომი ჯერ არა.

- როგორ დააღწია "ატლეტიკომ" ჯოჯოხეთს თავი ცოცხალმა

რაც ლუის ენრიკე "ბარსელონას" თავკაცია, "ატლეტიკო" კატალონიურ გრანდს შვიდჯერ შეხვდა და შვიდჯერვე დამარცხდა. მოკლედ, დიეგო სიმეონემ ჯერ ვერაფრით გამოუნახა წამალი ლუის ენრიკეს კრებულს. დღეს კიდევ ერთი და თან მნიშვნელოვანი შანსია. სიმეონეს ცუდ დროს დააკლდა ფერნანდო ტორესი. "ელ ნინიო" ძლივს ფორმაში შევიდა,
მაგრამ მან საკუთარ თავს უნდა დააბრალოს, "კამპ ნოუზე" თავი ლამის ძალით გააძევებინა მსაჯს.

მასპინძლებს არც ცენტრალური მცველი ხოსე ხიმენესი ეყოლებათ, რომელსაც კვლავ ლუკას ერნანდესი შეცვლის.

"ბარსელონას" საკმაოდ ბევრი ფეხბურთელი აკლია, თუმცა სასტარტოში მათგან ერთიც არ მოიაზრება. ბუნებრივია, 4-5 ფეხბურთელის არყოფნა ლუის ენრიკეს სკამზე არჩევანს უმცირებს.

პრესკონფერენცია
დიეგო სიმეონე (ატლეტიკო): "ატლეტიკოს" წევრობა ნიშნავს იყო მებრძოლი, არასოდეს ნებდებოდე და მუდამ მზად იყო სიძნელეებთან გასამკლავებლად. ჩვენ კარგად ვიცით, რომ "ბარსა" უკეთესი გუნდია, მაგრამ ისიც ვიცით, რომ ჩვენ მათთან ბრძოლა შეგვიძლია.

ყოველთვის ვცდილობთ, "ბარსას" რაიმე ახალი შევთავაზოთ, რომ როგორმე დავამარცხოთ. ბიჭების განწყობა და მონდომება საოცარია. "ბარსას" ამ სტადიონზე საოცარი ატმოსფერო ელის, თუმცა ისინი ამას მიჩვეულები არიან და ვერ გავაკვირვებთ. კოკე ჩვენთვის ძალზე მნიშვნელოვანი ფეხბურთელია, მას ძალიან კარგი ხედვა აქვს. გუნდი მისი წყალობით, ბოლო დროს ენერგიულად და კარგად თამაშობს".

ლუის ენრიკე (ბარსელონა): "ჩვენ ერთგოლიანი ჰანდიკაპი გვაქვს, მაგრამ ამ წყვილში ჯერ საკითხი ღიაა. ჩემი აზრით, ჩვენ სეზონში ყველაზე მნიშვნელოვანი მატჩი გველის. შევეცდებით, უკეთ ვითამაშოთ, ვიდრე მეტოქემ. პენალტების სერიაზე არ გვივარჯიშია, გულშიც არ გაგვივლია ეს.

"ატლეტიკო" რომ გავიაროთ, მხოლოდ კარგი თამაში არ კმარა, ძალიან კარგი თამაში უნდა ვაჩვენოთ. როცა მოგებას ერთ-ორ ფეხბურთელს მიაწერენ, ყოველთვის ვბრაზდები, ისევე, როგორც - წაგებისას ანტიგმირს რომ გამოარჩევენ. წაგებისას პასუხისმგებელი მხოლოდ მწვრთნელია. "ვისენტე კალდერონზე" თამაში ბევრისთვის ჯოჯოხეთურია, მაგრამ "ბარსას" შეუძლია იქ თამაში, რაც ბევრჯერ დაუმტკიცებია".

გასულ უქმეებზე
"ატლეტიკო" ბარსელონას ესტუმრა და "ესპანიოლს" 3:1 მოუგო. არადა, სიმეონეს გუნდი თავიდან აგებდა, მაგრამ პირველ ტაიმში ფერნანდო ტორესმა გაათანაბრა. მეორეში კი ანტუან გრიზმანმა და კოკემ "ათლეტებს" მოაგებინეს.

"ბარსელონა", მოულოდნელად, სან სებასტიანში "რეალ სოსიედადთან" დამარცხდა. 18 წლის მიკელ ოიარზაბალმა მატჩის ერთადერთი გოლი გაიტანა კლაუდიო ბრავოს კარში. ამ წაგების შემდეგ "ბარსამ" მდევარი "ატლეტიკო" სამ ქულამდე მოიახლოვა.

ოთხშაბათი. 13 აპრილი

ატლეტიკო-ბარსელონა 22:45 (1:2)
დისკვალიფიკაცია: ტორესი (ატლ)
ტრავმა: ტიაგო, ხ. ხიმენესი, სავიჩი (?) - მატიო, რაფინია, სანდრო, ვერმალენი, ვიდალი
სავარაუდო შემადგენლობები
ატლეტიკო (4-4-2): ობლაკი - ხუანფრანი, გოდინი, ლ. ერნანდესი, ფილიპე ლუიში - კოკე, გაბი, ა. ფერნანდესი, ს. ნიგესი - გრიზმანი, ფერეირა-კარასკო
ბარსელონა (4-3-3): ტერ შტეგენი - დ. ალვეში, პიკე, მასკერანო, ალბა - ბუსკეტსი, რაკიტიჩი, ინიესტა - მესი, ლ. სუარესი, ნეიმარი
მსაჯი: ნიკოლა რიცოლი (იტალია)

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 1 /
ჰალა მადრიდ
nika
00:41 14-04-2016
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული