რეალი-ვოლფსბურგის გამოხმაურება: ზიდანის საუკეთესო დღე

AutoSharing Option
* კრიშტიანო რონალდო გახდა პირველი ფეხბურთელი ჩემპიონთა ლიგის ისტორიაში, ვინც ერთ სეზონში 2 ჰეთ თრიკი შეასრულა.

* სულ ევროპის ყველაზე პრესტიჟულ საფეხბურთო ტურნირზე პორტუგალიელს 5 ჰეთ თრიკი აქვს გაფორმებული, რაც ლიონელ მესისთან ერთად, საუკეთესო მაჩვენებელია.

* რონალდოს მიმდინარე გათამაშებაში უკვე 16 გოლი აქვს გატანილი და მისივე რეკორდის (17 ბურთი, 2013/14 წლების სეზონში) გამეორება-გაუმჯობესების შანსს ინარჩუნებს.

* რონალდო ერთადერთი მოთამაშეა, რომელმაც ჩემპიონთა ლიგის ორ სეზონში შეძლო 15 და მეტი გოლის გატანა.

* კრიშტიანომ ტურნირზე თავისი 125-ე მატჩი ჩაატარა, რითაც კლარენს ზეედორფს
გაუთანაბრდა. მხოლოდ 4 მოთამაშეს აქვს უფრო მეტი შეხვედრა ჩატარებული.

* ჩემპიონთა ლიგის ყველა დროის ბომბარდირთა დავაში რონალდო 92 ბურთით ლიდერობს.

* "სამეფო გუნდი" მიჯრით მეექვსე სეზონში გავიდა ჩემპიონთა ლიგის ნახევარფინალში.

- რეალი-ვოლფსბურგი 3:0 - რონალდომ გერმანული კედელი დაშალა [VIDEO]

კრიშტიანო რონალდოს პროფესიონალიზმისა და ნიჭის წყალობით, ასევე ფანების, ზინედინ ზიდანისა და ცოტა ფორტუნის დახმარებით, მადრიდის "რეალმა" რთული მდომარეობიდან გამოძრომა შეძლო და "ფოლკსვაგენ არენაზე" წაგებული 0:2-ის მერე სასურველი ანგარიშით იმარჯვა - 3:0.

ესპანური გრანდი ბრძოლას აგრძელებს და ჩემპიონთა თასის მეთერთმეტედ დასაკუთრებაზე ოცნებობს. "სან სირომდე" ორი ნაბიჯიღა რჩება. "მგლებმა" კი ისე იბრძოლეს, როგორც გერმანულ გუნდს და ამ მეტსახელის მქონე კლუბს შეეფერება, მაგრამ მარტო ეს და მხოლოდ ერთი მატჩის უმაღლეს დონეზე ჩატარება საკმარისი არ გამოდგა.

"ვგრძნობ, რომ რაღაც განსაკუთრებულს მივაღწიეთ. ეს ადვილი არ იყო და ძალიან ამაყი ვარ ჩემი ფეხბურთელებით. ეს განსაკუთრებული საღამო და მატჩი გახლდათ. იმას მივაღწიეთ, რისკენაც ვისწრაფოდით.

კრიშტიანო რონალდო კი ამტკიცებს, რომ მსოფლიოს საუკეთესო ფეხბურთელია, მაგრამ მას ასევე სჭირდება თანაგუნდელები, რადგან წარმატებას გუნდი აღწევს. იგი მართლაც გამორჩეულია, რადგან ყველა მოთამაშეს არ შეუძლია ერთ შეხვედრაში 3 გოლის გატანა. ჩვენ უნდა გვეთამაშა დიდი შემართებით, მაგრამ ამავდროულად, მშვიდად უნდა ვყოფილიყავით.

მოთმინება ჩემი მესიჯი გახლდათ. ადვილი არ არის "ვოლფსბურგისთვის" 3 გოლის გატანა. ამაში ფანებიც დაგვეხმარნენ და დიდი მადლობა მათი ასეთი ქომაგობისთვის.

ეს ჩემი საუკეთესო დღეა მწვრთნელის რანგში. პირველი მატჩის შედეგის გათვალისწინებით, ჩემი მოთამაშეების რეაქცია და ზოგადად, თამაში დიდებული იყო.

ახლა კი უნდა დავისვენოთ, რადგან წინ მომავალი მნიშვნელოვანი მატჩია. ვიცი, რა რთულია ფეხბურთში სტაბილურად წარმატების მიღწევა და როგორ დეტალებზეა დამოკიდებული ბევრი რამ. ამიტომ ძალიან ბედნიერი გახლავართ. ისიც ვიცი, რომ არაერთი რთული მომენტი იქნება და სწორედ ამ დროს უნდა იყო მშვიდად და არ კარგავდე თავდაჯერებასა და შემართებას.

მწვრთნელობა ძალიან ძნელია, მაგრამ მე ბრწყინვალე გუნდი მყავს, სწავლას ვაგრძელებ და მომწონს, რასაც ვაკეთებ" - განაცხადა ზიდანმა.

დიტერ ჰეკინგი: "მადრიდის "რეალმა" შემდეგ ეტაპზე გასვლა დაიმსახურა. ორი კარგი თამაშის ჩატარება ვერ შევძელით. თამაშს თავიდანვე ვერ ავუღეთ ალღო და ვერ გავიაზრეთ, რა უნდა გაგვეკეთებინა მინდორზე. პირველი გაშვებული გოლისას შეცდომა დავუშვით, ბურთი დავკარგეთ და თავიც უკეთ უნდა დაგვეცვა. დანარჩენი ორი გოლი სტანდარტულებისას გაგვიტანეს, რაც ნიშნავს, რომ თავს კარგად ვერ ვიცავდით.

ერთი გოლი გვჭირდებოდა... ვულოცავ "რეალს", მადრიდელები უკეთესები იყვნენ. ჩვენთვის ეს მარცხი, ცხადია, დასანანია, რადგან დიდი მოლოდინი გვქონდა, ბიჭებს მართლაც დიდი იმედები ჰქონდათ.

გულდაწყვეტილები ვართ, მაგრამ ახლა ბრძოლა ბუნდესლიგაში უნდა გავაგრძელოთ. როგორც გუნდი, გავიზარდეთ, რადგან ჩემპიონთა ლიგაზე დიდი გამოცდილება მივიღეთ და რამდენიმე დასამახსოვრებელი მატჩი ჩავატარეთ, რომელსაც ხალხი გაიხსენებს.

უნდა ვისწავლოთ ამ გამოცდილების გამოყენება და პროგრესი გავაგრძელოთ, რომ მომავალში მეტი ასეთი მატჩი გვქონდეს. მადრიდს ამაყები ვტოვებთ".

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული