სიტი-რეალი. გამოხმაურება: არ იფიქროთ, რომ "რეალი" ფავორიტია

AutoSharing Option
AUTO PLAY
არსებობის ისტორიაში, ჩემპიონთა ლიგის ნახევარფინალში პირველად გასული "სიტი" ამ ტურნირის ყველაზე ტიტულოვან გუნდ "რეალს" ეჭიდება. სასწორზე ფინალის საგზური დევს და აბა, რა გასაკვირია, თამაში ფრთხილი და სანახაობრივად იდეალური რომ არ გამოვიდა?

გოლიც არ გასულა და ერთი ხუმრობის მიხედვით, მატჩის საუკეთესო მომენტი, ყოველ შემთხვევაში, იმ ადამიანებისთვის, ვინც ტელეეკრანებს ადევნებდა თვალყურს, კადრში ბრაზილიელი რონალდოს გამოჩენა გახლდათ -… "ფენომენი" ამ მატჩს ესწრებოდა.

პორტუგალიელმა რონალდომ კი მიკროტრავმის გამო ვერ ითამაშა. ზოგადად, დანაკლისი ორივე გუნდს ჰქონდა. ფავორიტად უმეტესობა ისევ "სამეფო გუნდს" ასახელებს, მაგრამ მანუელ პელეგრინი
მიიჩნევს, რომ საშიში არაფერია, მადრიდში მშვიდად და თავდაჯერებულად უნდა ჩავიდეთო. რაც შეეხება ზინედინ ზიდანს, ის მოზომილ კომენტარებს აკეთებს - გული მწყდება, რომ "რეალმა" ვერ მოიგოო.

მატჩში ბევრი სახიფათო მომენტი არ შექმნილა, მაგრამ რამდენიმე მაინც იყო და გამარჯვებასთან ახლოს უფრო მადრიდელები იყვნენ. რამდენჯერმე ჯო ჰარტმა იყოჩაღა, განსაკუთრებით კი, ბოლოსკენ, როდესაც პეპეს აუღო. რამდენიმე საკამათო ეპიზოდიც იყო, როდესაც ფეხბურთელები პენალტის დანიშვნას ითხოვდნენ.

"ფრე ნამდვილად არ მაბედნიერებს, რადგან ჩვენ ძალიან დატვირთული და დაძაბული მატჩი ჩავატარეთ და მოგება გვსურდა. თავს კარგად ვიცავდით და ვცდილობდით, მომენტები შეგვექმნა, მაგრამ დავიდ სილვას ტრავმის მერე ბურთი დავკარგეთ და ზედმეტად დავუტოვეთ მეტოქეს. თუ ვერ იგებ, ამის მერე 0:0 საუკეთესო შედეგია.

ვფიქრობ, "რეალი" მანჩესტერში შედეგზე სათამაშოდ იყო ჩამოსული და ფრთხილობდა. ჩვენ ვუტევდით, მაგრამ რეალური მომენტების შექმნა გაგვიჭირდა. მეტოქეს კი მატჩის მიწურულს მშვენიერი შანსი ჰქონდა, მაგრამ საბედნიეროდ, ჯო ჰარტმა გვიხსნა.

ვიცოდით, რომ მადრიდელები ნელ ტემპში შეეცდებოდნენ თამაშის წარმართვას. ამისთვის მზად ვიყავით, მაგრამ სამწუხაროდ, როდესაც ბურთი გვქონდა, მომენტებს ვერ ვქმნიდით და გოლიც ვერ გავიტანეთ. ამის მიუხედავად, არ მიმაჩნია, რომ "რეალი" ფავორიტია. გასვლაზე თამაშის კარგი სტატისტიკა გვაქვს - პსჟ-სთან, კიევის "დინამოსთან", "სევილიასთან" მატჩები გავიხსენოთ. "სანტიაგო ბერნაბეუზე" შეშინებულნი არ ჩავალთ" - განაცხადა პელეგრინიმ.

რაც შეეხება ტრავმებს: გეცოდინებათ - "რეალს" კრიშტიანო რონალდო არ ჰყავდა და ქარიმ ბენზემამ ტაიმი ითამაშა. "სიტიმ" დავიდ სილვა დაკარგა და სავარაუდოდ, ესპანელი საპასუხო შეხვედრაში ვერ იქნება. სამაგიეროდ, წესით, უნდა შეძლოს თამაში იაია ტურემ, რომელიც თავისიანებს პირველ შეხვედრაში ვერ დაეხმარა.

წესითა და რიგით, მადრიდში რონალდოც ითამაშებს, რაც, რა თქმა უნდა, ზინედინ ზიდანის გუნდის შანსებს გაზრდის.

"მათ არ ჰყავდათ კრიშტიანო, ჩვენ კი - იაია. ბენზემამ 45 წუთი ითამაშა. იგივენაირად გამოგვაკლდა დავიდ სილვა, რომელიც ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანი ფეხბურთელია" - დაამატა პელეგრინიმ.

"გამოუშვით საპასუხო თამაში. ჩვენ ბრწყინვალე შემადგენლობა გვყავს და ამ გუნდს ფინალში გასვლა ნამდვილად შეუძლია. იმ კვირაში დიდი მატჩი გველოდება და ამისთვის მზად ვართ" - აღნიშნა ჰარტმა.

ზინედინ ზიდანი: "მთლიანობაში, ძალიან კმაყოფილი ვარ, თუმცა ადვილი მატჩი არ გახლდათ. თავი ძალიან კარგად დავიცავით. მეორე ტაიმში ბურთი უფრო მეტად გვეჭირა და შანსებიც გვქონდა. ცოტა გულდასაწყვეტი სწორედ ესაა, რომ მოგება შეგვეძლო და უფრო მეტს ვიმსახურებდით.

მინდორზე ყოველთვის გამარჯვებისთვის გავდივართ. რონალდოს რაც შეეხება, მან ვარჯიშისას ტკივილი იგრძნო და არ გვსურდა, გაგვერისკა და მდგომარეობა გაგვეუარესებინა. ქარიმის შემთხვევაში სხვაგვარად იყო, მატჩის მსვლელობისას შეატყო, რომ მდგომარეობა გაუარესდა და ტრავმა უმიზეზდებოდა. ორივე გუნდისთვის ძალიან მნიშვნელოვანი ფიგურაა.

იმედია, საპასუხო შეხვედრაში ორივე იქნება. მატჩამდე მიმაჩნდა, რომ შანსები 50/50-ზე იყო და ახლაც ასე მიმაჩნია. შინ ვითამაშებთ და კარგად ვიცით, როგორ შეგვიძლია "სანტიაგო ბერნაბეუზე" ბურთაობა, მაგრამ შანსები მაინც თანაბარია. ჩემპიონთა ლიგის ნახევარფინალში ადვილი არასდროს არ არის".

- ზინედინ ზიდანს შარვალი "სიტისთან" მატჩის დროსაც შემოეხა [VIDEO]

"ჩვენ მეტი მომენტი გვქონდა, უკეთესად გამოვიყურებოდით და მოგებას ვიმსახურებდით. დასანანია, ეს რომ ვერ შევძელით, მაგრამ სასურველი შედეგის მისაღწევად საპასუხო შეხვედრაში უნდა ვიბრძოლოთ" - განაცხადა მადრიდელთა ნახევარმცველმა ლუკა მოდრიჩმა.

სტატისტიკა
* მადრიდის "რეალს" ამ სეზონში არც ერთი შეხვედრა არ წაუგია, რომელშიც ლუკას ვასკესი ძირითადში იყო - 10 მოგება, 2 ფრე.

* "სამეფო გუნდის" უელსელმა ლეგიონერმა გარეთ ბეილმა "სიტისთან" მატჩში იმაზე მეტჯერ დაარტყა (5), ვიდრე "ქალაქელებმა" - ერთად (4).

* კეილორ ნავასი "რეალის" პირველი მეკარეა, რომელმაც ჩემპიონთა ლიგის ერთ სეზონში კარი 8-ჯერ შეინახა მშრალად.

* მადრიდელებმა ჩემპიონთა ლიგის ნახევარფინალის პირველ მატჩში 0:0 პირველად ითამაშეს.

* კრიშტიანო რონალდოს გარეშე "რეალის" მოგებთა პროცენტული მაჩვენებელი - 50%-ია, ხოლო რონალდოსთან ერთად - 71%.

* "სიტიმ" ჩემპიონთა ლიგაზე გამართულ ბოლო 11 მატჩში კარი მშრალად მხოლოდ 2-ჯერ შეინახა და ორივეჯერ ესპანურ კლუბთან - "ვილიარეალთან" და ახლა "რეალთან".

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული