01:29 28-04-2016
ატლეტიკო-ბაიერნი 1:0 - "ჩოლომ" ბრძოლა მოიგო, ომი გაგრძელდება [VIDEO]
AutoSharing Option
მით უმეტეს, დიეგო სიმეონეს გუნდს მოტივაციის პრობლემა არასდროს აქვს, "ჩოლოს" ისედაც მშვენივრად ჰყავდა დამუხტული თავისიანები.
იქაურობამ საერთოდ იფეთქა საულ ნიგესმა საოცარი სოლო-რეიდი შორეულ კუთხეში ელეგანტური დარტყმით რომ დააგვირგვინა და "ათლეტები" დააწინაურა. შესაძლოა, მადრიდელები ემოციებს ზედმეტადაც კი აყვნენ, რადგან გოლიდან ცოტა ხანში მეტოქეს ორჯერ შეაქმნევინეს საგოლე შანსი. მასპინძლებს ორივეჯერ არტურო ვიდალი აწუხებდა, ჩილელი თავით ცდილობდა გატანას.
ამ ეპიზოდებში იან ობლაკი არც ისე დამაჯერებელი გახლდათ, სამაგიეროდ კარგი იყო ხიმენესი. ამის მერე ობლაკის კარის თავზე ცა მოიწმინდა და ისიც დამაჯერებლად გამოდიოდა კარიდან და მთლანად "ატლეტიკოც" სოლიდურად გამოიყურებოდა. კი, ბურთი უფრო "ბაიერნს" ეჭირა და ეს დიდად გასაკვირი არც არის, მაგრამ მიუნხენელებს რეალური მომენტის შექმნა არ გამოსდიოდათ.
აი, "ატლეტიკო" კი უფრო იშვიათად უტევდა, მაგრამ ზუსტი დარტყმა მეტი ჰქონდა და გატანაც შეეძლო - ანტუან გრიზმანს მანუელ ნოიერმა აუღო. კარგად იდგა ხავი მარტინესი, რომელიც ხოსეპ გვარდიოლას დაცვის ცენტრში ჰყავდა დაყენებული.
მეორე ტაიმი "ბაიერნმა" აგრესიულად დაიწყო და კარგი მონაკვეთიც ჰქონდა. ალაბას შორეული უძლიერესი და ძალიან ლამაზი დარტყმის მერე ბურთი ხარიხას მოხვდა. სხვა მომენტებიც იყო, "ატლეტიკომ" ფანებითურთ ძალიან ინერვიულა, მაგრამ "ჩოლო" ნერვიულობის კაცია, აბა სხვაგავარად, როგორ თუ ნერვები არ დაგაწყდა, ძარღვები არ დაგებერა და ემოციებისგან არ დაიცალე….
"ატლეტიკოს" ტემპის დაგდება და ცოტა წინ აწევა, თამაში მეტოქის ნახევარზე ატანა სჭირდებოდა. თორემ მადრიდელებმა ბურთი და მოედანი ზედმეტად დათმეს. დროული მომენტიც გამოცხვა - კონტრშეტევაზე გაქცეულმა მადრიდელებმა კარგი შანსი შექმნეს, როდესაც გრიზმანის პასის მერე ფერნანდო ტორესმა ოსტატურად მოატყუა ალაბა და ლამაზად ჩაჭრა ბურთი შორეული კუთხისკენ, ყველაფერი თითქმის, იდეალურად გაკეთდა, ბურთი ძელმა აისხლიტა.
პეპმა ცვლილებები გამოიყენა, რიბერი და მიულერი შეუშვა ბრძოლაში. მოგვიანებით ბენატიაც დაამატა და ალაბა გაათავისუფლა, წინ გაუშვა. სიმეონე კი ხელს არაფერს კიდებდა, 85-ე წუთზე ერთადერთი ცვლილებაც იმიტომ გააკეთა, რომ საულისთვის აპლოდისმეტები ეჩუქებინა და დრო გაეყვანა, პლუს საული დაიღალა და ფეხიც აიტკია.
მატჩი კორექტული გამოვიდა, მაგრამ ბოლოსკენ პატარა დაძაბულობა და შეხლა-შემოხლები მაინც იყო, ბარათებიც დაგროვდა. მარკ კლატენბურგმაც მიიღო რამდენიმე საკამათო და უცნაური გადაწყვეტილება.
"ათლეტები" მედგრად იდგნენ, განსაკუთრებულად აუგუსტო ფერნანდესისა და ფილიპე ლუიშის საიმედო და პროდუქტიული თამაშიც უნდა გამოვარჩიოთ. შეხვედრის მიწურულს "ბაიერნს" ხელახლა წამოუარა, შანსი ჰქონდა ვიდალს, რომელსაც იქამდეც აუღო ერთი კარგი ბურთი ობლაკმა, გგატანა შეეძლო ბენატიასაც, მაგრამ 1:0 ძალაში დარჩა.
ჩოლომ ბრძოლა მოიგო, ომი "ალიანს არენაზე" იქნება. იმის წარმოდგენაც კი ჟრუანტელს იწვევს თუ მართლაც რა გველის იქ, დაველოდოთ...
ატლეტიკო-ბაიერნი 1:0
გოლი: 1:0 საული (11)
ატლეტიკო (4-4-2): ობლაკი - ხუანფრანი, ხიმენესი, სავიჩი, ფილიპე ლუიში - გაბი, კოკე, ფერნანდესი, საული (85. ტომასი) - გრიზმანი, ფ. ტორესი
ბაიერნი (4-1-4-1): ნოიერი - ლამი, მარტინესი, ალაბა, ბერნატი (77. ბენატია) - ჩაბი ალონსო - ტიაგო ალკანატარა (70. მიულერი), ვიდალი, კომანი (60. რიბერი), დუგლას კოშტა - ლევანდოვსკი
გაფრთხილება: საული - დუგლას კოსტა, ბენატია, ნოიერი, ვიდალი
კუთხური: 5-5 ჯარიმა: 7-11 თამაშგარე: 2-0 კარში დარტყმა: 11(5)-19(7) ბურთის ფლობა: 31%-69%
მაყურებელი: 52 127
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 15 /
მოწონებების მიხედვით
თარიღის მიხედვით
საულ ნიგეზმა ძაან მაგარი გოლი შეაგდო
0
0
გაიმარჯვა ანტიფეხბურთმა. ბაიერნმა ფეხბურტი ითამაშა მეტოქისგან განსხვავებიტ.
0
0
ყველა კომენტარი
გააკეთეთ კომენტარი
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.
ასევე დაგაინტერესებთ
107.00 k
150.00 k
სიახლეები
პოპულარული