ბაიერნი-ატლეტიკო - 2:1 - გვარდიოლა ნახევარფინალში მეოთხედ გააჩერეს [VIDEO]

AutoSharing Option
იმის აღწერა, რაც "ალიანს არენაზე" 70 ათასი გულშემატკვირის თვალწინ მოხდა უბრალოდ შეუძლებელია. ერთადერთი სიტყვა, რომელიც დაახლოებით ახლოს მივა ეს არის - სიგიჟე.

მიუნხენში ნამდვილი საგიჟეთი იყო, მთავარი გიჟი კი დიეგო სიმეონე გახლდათ, რომელმაც გადაწყვიტა, რომ "ბაიერნს" თითქმის, მთელი თამაში დაუდგებოდა და გაძლებდა, იმ ანგარიშს მიაღწევდა, რომელიც სურდა… ჩოლოს გუნდმა გაძლო.
მინხენელებმა თავიდანვე აგრესიულად დაიწყეს და დიდი უპირატესობა მოიპოვეს.

"ათლეტები" კი მეტოქის კარისკენ ვერც იყურებოდნენ. გოლი მწიფდებოდა და 31-ე წუთზე გავიდა კიდეც - ჩაბი ალონსომ ჯარიმა ეშმაკურად შეასრულა, ცოცხალმა კედელმა არ
ივარგა, ხიმენესს ბურთი ფეხზე მოხვდა, თან ფეხებშუა გაუძვრა და იან ობლაკი უშანსოდ დარჩა.

მალევე აჭრილმა ხიმენესმა პენალტი "აიკიდა" და თომას მიულერს რომ გაეტანა, შეიძლება, ყველაფერი დასრულებულიყო.…მაგრამ მან ვერ გაიტანა, ობლაკმა მოიგერია და ალონსოს დამატებაც მოიგერია.

მეორე ტაიმიც იგივე სცენარით დაიწყო, "ბაიერნი" მეორე გოლის ძიებაში იყო. თუმცა ზუსტად ამ დროს მოხდა გაუთვალისწინებელი რამ - მიუნხენელები შეცდნენ, "ატლეტიკო" კი ასეთი გუნდია, ერთ და წვრილმან შეცდომასაც არ გაპატიებს - ანტუან გრიზმანმა ბურთი თავით დაუგდო ფერნანდო ტორესს, რომელმაც მას საპასუხო პასი გაუჭრა, ფრანგი მცველებს გაექცა და "ატლეტიკოს დ’არტანიანმა" თავისი დაშნით მეტოქეს მწარედ უჩხვლიტა.

"ბაიერნი" დაიბნა, "ატლეტიკოს" კი თავდაჯერება შეემატა. სიმეონეს მიერ ჭკვიანურად და დროულად მინდორზე შემოყვანილი იანიკ ფერეირა-კარასკო მშვენივრად დანარნარებდა მინდორზე და "ათლეტები" მეტოქეს ნერვებს უშლიდნენ.

თუმცა ნერვები მიუნხენელბს მყარი აქვთ და მენტალურად მძლავრები არიან. მათ გამოსავალი მაინც იპოვნეს, ისევ საჰაერე ბურთებში, როდესაც არტურო ვიდალმა ფილიპე ლუიშთან ორთაბრძოლა მოიგო და რობერტ ლევანდოვსკის უპასა, გატანა უფრო ადვილი იყო, ვიდრე აცილება და პოლონელმაც შეაგდო.

მიუნხენელები მეტოქის საჯარიმოსა და კარს მიაწყდნენ, იყო ჩაწოდებები, გამჭოლი პასები, დარტყმები… სულ "ბაიერნმა" მეტოქის კარისკენ 35-ჯერ (!) დაარტყა, "ატლეტიკომ" კი 7-ჯერ. კუთხურებში 12:2, ბურთის ფლობა მასპინძლებს 70%-მდე.. მაგრამ რა ხეირი... შეცვლაზე შესულმა კინგსლი კომანმა (მის გარდა გვარდიოლას არც არავინ გამოუყვანია) რამდენიმე კარგი მომენტი გაუშვა, ვიდალს დაუბლოკეს, ლევანდოვსკიმ და მიულერმა ერთი-ორჯერ ხეირიანად ვერ დაარტყეს, ერთხელაც ობლაკმა რიკოშეტის მერე საოცარი ბურთი აიღო.

ბოლომდე უქმად არც მადრიდელები იყვნენ, ეს კი არა ტორესმა თავისივე წაქცევისთვის დანიშნული პენალტი ვერ გამოიყენა, ნოიერმა აუღო, დარტყმა დაახლოებით ისეთივე უხეირო გახლდათ, როგორიც მიულერის. ერთიცაა, იმ მომენტში ხავი მარტინესმა "ელ ნინიო" აშკარად საჯარიმოს გარეთ წააქცია და კიდევ კარგი ეს პენალტი არ გავიდა.

ისე თურქ ჯიუნეთ ჩაქირს, რომელიც ერთი კვირის წინ "სიტი"-"რეალს" მსაჯობდა, ბრიგადასთან ერთად რამდენიმე ხარვეზი ჰქონდა, ძირითადად "ათლეტების" სასარგებლოდ, ერთი-ორი წვრილმანი ჯარიმაც ვერ დაინახა. თუმცა "ბაიერნი" ამის გამო არ გავარდნილა, მიუნხენელები იმიტომ გავარდნენ რომ თავიანთი შანსები ვერ გამოიყენეს და იმიტომ, რომ "ატლეტიკოს" დიეგო სიმეონე წვრთნის. "ჩოლომ" თავისი გაიტანა.

ცოტა გაუმართლა კიდეც, მაგრამ ის თავად წავიდა ამ ეკლიან გზაზე და თავად აირჩია ასეთი გეგმა. ხოლო ჩემპიონთა ლიგაში ამ ეტაპზე და ზოგადად ფეხბურთშიც და ცხოვრებაშიც, აბა გამართლების გარეშე, როგორ იქნება?

ისე, რამდენიმე შეხლა-შემოხლაც იყო, სიმეონეს ძლივს ამაგრებდნენ, ბოლოს მან მსაჯების ასისტენტს მხარში ხელიც კი ჩაარტყა, როდესაც ცვლილება გადაუდეს, ჩოლო გაცოფდა და სულ "პორკე, პორკეს" გაიძახოდა. შეიძლება დისკვაიფიკაციაც არ აცდეს, მაგრამ ამას ვინღა ჩივის...ჩვენ კი ბოლო 3 წელიწადში მეორედ შეიძლება მადრიდული ფინალი ვიხილოთ - "ატლეტიკო"-"რეალი", მაგრამ ამისთვის "სამეფო გუნდმა" დღეს ხოსეპ გვარიდოლას მომავალი გუნდი "სიტი" უნდა გაიაროს.

პეპის ამჟამინდლი კლუბი კი უკვე დაგვემშვიდობა. თავად პეპიც დაემშვიდობება იქაურობას, "ბაიერნთან" ერთად მან ლიგა ვერ მოიგო, ბუნდესლიგა კიდევ ერთხელ ალბათ, შემდეგ ტურში გაოფიციალურდება და იგი შეგვიძლია უკვე "ბაიერნის" ექსმწვრთნელად მოვიხსენიოთ. ესპანელი ნახევარფინალურ სტადიაზე მეოთხედ გააჩერეს.
იხილეთ ვიდეო
Sportall.Ge

ბაიერნი-ატლეტიკო 2:1 (0:1)
გოლები: 1:0 ჩაბი ალონსო (31), 1:1 გრიზმანი (53), 2:1 ლევანდოვსკი (74)
ბაიერნი (4-1-4-1): ნოიერი - ლამი, ხავი მარტინესი, ბოატენგი, ალაბა - ჩაბი ალონსო - დუგლას კოშტა (73. კომანი), ვიდალი, მიულერი, რიბერი - ლევანდოვსკი
ატლეტიკო (4-4-2): ობლაკი - ხუანფრანი, ხიმენესი, გოდინი, ფილიპე ლუიში - გაბი, ფერნანდესი (46. ფერეირა-კარასკო), კოკე (93. სავიჩი), ს. ნიგესი - გრიზმანი (82. თომასი), ფ. ტორესი
შენიშვნა: მიულერმა ვერ გაიტანა პენალტი (34), ტორესმა ვერ გაიტანა პენალტი (84)
გაფრთხილება: ხავი მარტინესი - ხიმენესი
კუთხური: 12-2 ჯარიმა: 14-9 თამაშგარე: 3-2 კარში დარტყმა: 35(12)-7(4) ბურთის ფლობა: 67%-33%
მაყურებელი: 70 000

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 9 /
სამწუხაროდ ლამაზი ფეხბურტი დამარცხდა წუხელ. ცალკარა თამაში იყო. ასე გახდა საბარძნეთი ჩემპიონი 2004 წელს. ფინალს ბაიერნი დაამშვენებდა.
kaxa
19:14 04-05-2016
0
მოგესალმებით ფეხბურთის მოყვარულებო,გამართლდა ჩემი პროგნოზი ატლეტიკოსთან მიმართებაში,როგორც ბარსელონასთან,ისე ბაიერნთან,ახლა ვაკეთებ შემდეგ პროგნოზს,თუ მოხდა სასწაული და სიტიმ რეალი გამოადო (რაც,პირდაპირ ვაცხადებ არარეალურია)მაშინ 99-ტი პროცენტით თასი ატლეტიკოსია,ხოლო რეალთან ატლეტიკოს დაბალი შანსი აქვს,80-20,რეალის სასარგებლოდ,არ გეგონოთ რეალის ვქომაგობდე,არა მე მხოლოდ და მხოლოდ საქართველოს ნაკრებს და ქართულ კლუბებს ვქომაგობ.
roma
20:17 04-05-2016
0

სიახლეები პოპულარული