ბაიერნი-ატლეტიკო. გამოხმაურება: ეს მატჩი შემიყვარდა

AutoSharing Option
AUTO PLAY
მადრიდის "ატლეტიკომ" კიდევ ერთი ომახიანი გამარჯვება მოიპოვა. "ბარსელონას" მერე "ათლეტებმა" მიუნხენის "ბაიერნიც" ჩამოიშორეს და ბოლო 3 სეზონში მეორედ გავიდნენ ფინალში. მართალია, გერმანულ გუნდს დიდი სათამაშო უპირატესობა ჰქონდა, მაგრამ დიეგო სიმეონეს მიდგომამ თავისი გაიტანა და "ჩოლომ" დრამატულ დუელში აჯობა ხოსეპ გვარდიოლას.

"ჩვენ ვეთამაშეთ ყველაზე ძლიერ მეტოქეს, ვისაც ოდესმე კარიერაში შევხვედრივარ. ეს განსაკუთრებით პირველ ტაიმს ეხება, როდესაც მეტოქეს დიდი უპირატესობა ჰქონდა. პირდაპირ ვიტყვი, რომ ეს მატჩი შემიყვარდა, რადგან ჩემმა გუნდმაც ძალიან კარგად ითამაშა. ზეწოლას გავუძელით და გოლიც გავიტანეთ.

ეს კი ძალიან ძნელი
გახლდათ. დაუჯერებელია, რასაც მივაღწიეთ. ახლა უკვე იმის თქმა შეგვიძლია, რომ ევროპის სამი საუკეთესო გუნდიდან ორი დავამარცხეთ. ვამაყობ ჩემი ფეხბურთელებით, მათ დიდებულად იშრომეს და იბრძოლეს. ვცადეთ, საკუთარი თამაში გვეჩვენებინა და ჩვენი ხასიათი გამოგვევლინა.

იმ სტილით და ტაქტიკით გვემოქმედა, რომელსაც მიჩვეულნი ვართ და რომლითაც ამ შემადგენლობით წარმატების მიღწევა შეგვიძლია. ახლა ფინალში ვართ და მოგების შანსი გვაქვს. ვნახოთ, გამოგვივა თუ არა ეს, მაგრამ ყველანი ვემზადებით და ბოლომდე დავიხარჯებით. ზედიზედ გავუმკლავდით ორ ძალიან ძლიერ მეტოქეს და შემთხვევითი არ არის, რომ აქამდე მოვედით.

ჩვენ განვვითარდით როგორც გუნდი, პროგრესი განვიცადეთ და ახლა ბევრი ახალგაზრდა ფეხბურთელი გვყავს, რომლებსაც ყველაფერი წინ აქვთ. ვთამაშობთ იმ ფეხბურთს, რომელიც გამოგვდის და გვიყვარს, - აღნიშნა დიეგო სიმეონემ. - ცხოვრება შურისძიებაზე არ არის. საქმე ახალ შანსში, ახალ შესაძლებლობაშია.

ჩვენთვის ეს ახალი შესაძლებლობაა, რომლის გამოყენებაც უნდა ვცადოთ. იმედია, ფინალში მოვიგებთ, იმისდა მიუხედავად, თუ ვინ იქნება ჩვენი მეტოქე" - განმარტა სიმეონემ.

"ვულოცავ "ატლეტიკოს", კარგი მატჩი იყო. ვფიქრობ, ვინც ნახა, ამ თამაშით ყველა ისიამოვნებდა. რაც შეგვეძლო, ყველაფერი გავაკეთეთ. ჩემი ფეხბურთელებით ამაყი ვარ. ვწუხვარ მათ გამო, ვწუხვარ მარცხის გამო, მაგრამ ბედნიერი ვარ იმ თამაშით, რომელიც ვაჩვენეთ.

მართალია, ახლა მეც, ბიჭებიც, ფანებიც მოწყენილები ვართ, მაგრამ გუნდით მართლაც ვამაყობ. ამ კლუბს დიდი მომავალი აქვს. ჩვენ ჯერ არ ვართ გერმანიის ჩემპიონები, ქულა კიდევ გვჭირდება და იმედია, მას მომავალ შაბათს ავიღებთ. ფინალში ვერ გავედით, მაგრამ ბიჭებს შეუძლიათ, სეზონით მაინც იამაყონ. მე აქ ყოფნა და მუშაობა სწორედ ამ ბიჭების გამო მიხაროდა.

ახალი მწვრთნელიც დიდ სიამოვნებას მიიღებს მათთან მუშაობით. რასაკვირველია, მინდოდა ჩემპიონთა ლიგის "ბაიერნთან" ერთად მოგება და ბოლომდე ვიხარჯებოდი ამისთვის. ამ კლუბს ჩემი ცხოვრება მივეცი. ვამაყობ ჩვენით. ძალიან კარგად ვითამაშეთ მადრიდში მეორე ტაიმში და დღევანდელ შეხვედრაში, ასევე, "იუვენტუსთან" და "ბენფიკასთან".

ასე რომ, მშვიდად შემიძლია ძილი, რადგან ვიცი, რომ ყველაფერი გავიღეთ. ცოტათი გამართლებაც გვჭირდებოდა. აქ გატარებული პერიოდით ბედნიერი ვარ, დიდი სიამოვნება მივიღე. ტიტულები კი, საბოლოო ჯამში, უბრალო სტატისტიკაა. მე ვიცი, რომ ბოლომდე დავიხარჯე და ფეხბურთელებს ყველაფერი მივეცი, ხოლო ისინი მინდორზე იხარჯებოდნენ ბოლომდე. არაფერს ვნანობ" - განაცხადა ხოსეპ გვარდიოლამ.

"რთული მატჩი იყო. განსაკუთრებით, პირველ ტაიმში გაგვიჭირდა, რადგან კარგად ორგანიზებულნი არ ვიყავით და პრობლემები შეგვექმნა. გაგვიმართლა, რომ პირველი ნახევარი მხოლოდ 0:1 წავაგეთ. საბოლოოდ, დავმარცხდით, მაგრამ მისაღები ანგარიშით და მთავარია, ფინალში ვართ" - განაცხადა "ათლეტების" გოლკიპერმა იან ობლაკმა.

უფრო ომახიანი იყო ფერნანდო ტორესი: "ჩვენ ბევრად უკეთესები ვიყავით. გეგმის მიხედვით ვმოქმედებდით, მეტოქეზე ზეწოლას ვახდენდით, ბევრის საშუალებას არ ვაძლევდით და სახიფათო კონტრშეტევებით გამოვირჩეოდით, რაც საბოლოოდ გოლითაც დასრულდა".

"ჩვენ ბევრი მომენტი გვქონდა და ფინალში გასვლას ვიმსახურებდით. კარგად ვითამაშეთ, მაგრამ სამწუხაროდ, არ გაგვიმართლა. ცხადია, ძალიან გულდაწყვეტილები ვართ, ბოლომდე ვიბრძოლეთ და ძალიან დასანანია, რომ მიზანს ვერ მივაღწიეთ" - აღნიშნა "ბაიერნის" ნახევარმცველმა ჩაბი ალონსომ.

ფაქტები
* ბოლო 8 ჩემპიონთა ლიგის ფინალიდან 5-ში ერთი ესპანური გუნდი მაინც თამაშობდა.

* მადრიდის "ატლეტიკომ" ჩემპიონთა ლიგის ისტორიაში პირველად გაუშვა გოლი ჯარიმიდან.

* "ბაიერნმა" "ათლეტებს" კარისკენ 35-ჯერ დაურტყა. ამდენჯერ დიეგო სიმეონეს ეპოქაში "ატლეტიკოს" კარისკენ ერთ მატჩში არავის დაურტყამს.

* "ატლეტიკოს" ბურთის ფლობის საშუალო პროცენტული მაჩვენებელი მეოთხედფინალებსა და ნახევარფინალებში 25% იყო.

* პეპ გვარდიოლას "ბაიერნი" ჩემპიონთა ლიგას სამჯერ ნახევარფინალში გამოეთიშა და მეტოქედ სამივეჯერ ესპანური გუნდი ჰყავდა - "რეალი", "ბარსელონა" და "ატლეტიკო".

* იან ობლაკმა "ბაიერნთან" მატჩში 9 "სეივი" შემოგვთავაზა, ყველაზე მეტი "ატლეტიკოს" მეკარეებს შორის ჩემპიონთა ლიგის ერთ მატჩში.

* "ათლეტები" ჩემპიონთა ლიგის/თასის ფინალში მესამედ გავიდნენ. პირველად ეს 1974 წელს მოხდა, როდესაც ლუის არაგონესის დამატებით დროში, 114-ე წუთზე გატანილი გოლით სწორედ "ბაიერნს" უგებდნენ, მაგრამ საფინალო სასტვენამდე 10 წამით ადრე შვანცერბეკმა გაათანაბრა, ხოლო გადათამაშებაში მიუნხენელებმა 4:0 იმარჯვეს. მეორედ კი 2014 წელს, როდესაც სიმეონეს გუნდი "რეალს" უგებდა, მაგრამ რამდენიმე წამით ადრე სერხიო რამოსმა გაათანაბრა, ხოლო დამატებით დროში "სამეფო გუნდს" მოგება აღარ გასჭირვებია.

* მხოლოდ კრიშტიანო რონალდოს აქვს ჩემპიონთა ლიგის ნახევარფინალებში უფრო მეტი (10) გოლი გატანილი, ვიდრე რობერტ ლევანდოვსკის - 6.

* ჩემპიონთა ლიგაზე "ბაიერნის" მიერ გატანილი ბოლო 5 გოლიდან 4-ში არტურო ვიდალმა მიიღო მონაწილეობა.

* ფერნანდო ტორესმა ჩემპიონთა ლიგის მატჩში საგოლე გადაცემა კარიერაში პირველად გააკეთა.

* ანტუან გრიზმანმა ჩემპიონთა ლიგაზე "ატლეტიკოს" 15 გოლიდან 8-ში მიიღო მონაწილეობა, ანუ 53%-ში (7 გოლი, 1 პასი).

* იან ობლაკმა ჩემპიონთა ლიგაზე სამი პენალტიდან 2 მოიგერია.

* ჩაბი ალონსოს "ბაიერნის" მაისურით 6 გოლი აქვს გატანილი და ყველა საჯარიმოს გარედან.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 2 /
ანტიფეხბურთმა გაიმარჯვა
giga
13:58 06-05-2016
0
ტორესი რა არაადეკვატური ... ნახეთ რა, თუ მოედანზე ყოფნისას ვერ ხვდება უპირატესობა რომელ გუნდს აქვს, სტატისტიკას მაინც გადახედოს მატჩის შემდეგ. 35 დარტყმა 6-ს წინააღმდეგ, აქედან 4 წავიდა კარისკენ და ამ კარისკენ წასულში 1 მსაჯის მოგონილი პენალტი იგულისხმება, ბურთის ფლობა 68%-32%, კუთხურები 12-2 და თავად მატჩის მიმდინარეობაზე ხომ საერთოს არაფერს ვამბობ და ყოველიმე ამის გათვალისწინებით ალბათ მხოლოდ ტორესს შეუძლია თქვას "ჩვენ ბევრად უკეთესები ვიყავით"-ო. ამის გუნდმა რომ მართლა აჯობოს რომელიმეს თამაშით მაშინ რას იტყვის წარმოდგენაც ჭირს
ლევანი
12:39 06-05-2016
0

სიახლეები პოპულარული