ჩემპიონთა ლიგა. IV ტურის ფაქტები და ციფრები: "უემბლიმ" "ტოტენჰემი" არაფრით მიიღო

AutoSharing Option
ევროთასებზე ასი გოლის გატანამდე კრიშტიანო რონალდოს სულ ორიღა აშორებს, მაგრამ პორტუგალიელი აშკარად ვერ არის ფორმაში, რითაც მესიმ ისარგებლა და კიდევ ერთი გოლით მიუახლოვდა ჩემპიონთა ლიგაზე გატანილი გოლების რაოდენობით. გამოიღვიძა რადამელ ფალკაომ, რომელმაც ამ ტურნირზე ლამის შვიდწლიანი პაუზის მერე გაიტანა, თანაც ორი გოლი - თქვენ წინაშეა ლიგის IV ტურის საინტერესო ფაქტები და ციფრები...

* "ლესტერ სიტი" ერთადერთი გუნდია, რომელმაც ჩემპიონთა ლიგაზე დებიუტის შემდეგ, პირველ ოთხ მატჩში კარი "მშრალად" შეინახა.

* "ლეგიასთან" შეხვედრაში მატეო კოვაჩიჩის 88 პასიდან 85 ზუსტი იყო. ეს ამ
მხრივ, მისი საუკეთესო მაჩვენებელია "რეალში" გადასვლის შემდეგ.

* ზინედინ ზიდანის მწვრთნელად დანიშვნის მერე "სამეფო გუნდმა" 3 გოლი პირველად გაუშვა.

* " რეალის" მეკარე კეილორ ნავასმა მიმდინარე ჩემპიონთა ლიგაზე უკვე 5 გოლი გაუშვა, რაც უკვე ორით მეტია წინა სეზონში ჩატარებულ 11 მატჩში გაშვებულ 3 ბურთზე.

* სევილიელმა ლუსიანო ვიეტომ მიმდინარე სეზონში უკვე 5 გოლი გაიტანა (ყველა ტურნირზე), ანუ ორით მეტი, ვიდრე მთელ წინა სეზონში "ატლეტიკოს" მაისურით.

* გარეთ ბეილმა გოლი 57-ე წამზე გაიტანა. ეს "რეალის" უსწრაფესი გოლია ჩემპიონთა ლიგაზე.

* ჯანლუიჯი ბუფონმა ჩემპიონთა ლიგაზე მე-100 მატჩი ჩაატარა და აქედან 42 შეხვედრაში მან კარი "მშრალად" შეინახა. ჯიჯიმ 95 გოლი გაუშვა და 4 პენალტი მოიგერია.

* "სევილიას" ჩემპიონთა ლიგაზე შინ 13 თამაში აქვს ჩატარებული: 10 მოგება, 1 ფრე, 2 წაგება. სევილიელებმა საკუთარ კედლებში გამართულ ყველა შეხვედრაში გაიტანეს.

* ანტუან გრიზმანს ჩემპიონთა ლიგაზე "ატლეტიკოს" მაისურით უკვე 12 გოლი აქვს გატანილი. მეტი მხოლოდ ლეგენდარულ ლუის არაგონესს აქვს.

* "სიტის" "ბარსელონასთან" საშინაო შეხვედრაში ბურთის ფლობის პროცენტული მაჩვენებელი 34,7% ჰქონდა. ეს არის ყველაზე დაბალი მაჩვენებელი, რომელიც ხოსეპ გვარდიოლას გუნდებს აქამდე ჰქონიათ ესპანეთში, გერმანიაში, ინგლისში და ჩემპიონთა ლიგაზე. მიუხედავად ამისა, პეპმა მოიგო, თანაც, ყოფილ გუნდთან.

* კევინ დე ბრუინმა "ბარსას" ჯარიმა გაუტანა. აქამდე ბოლო ჯარიმა ჩემპიონთა ლიგაზე კატალონიელთათვის 2009 წელს ჟუნინიო პერნამბუკანოს ჰქონდა გატანილი.

* ლიონელ მესის ჩემპიონთა ლიგაზე "სიტის" კარში 6 გოლი აქვს გატანილი. ლეოზე მეტი "ქალაქელებისთვის" ამ ტურნირზე არავის გაუტანია.

* მიმდინარე ლიგაზე ტურინის "იუვენტუსმა" 32-ე დარტყმის მერე გაუშვა გოლი.

* "იუვენტუსმა" ჩემპიონთა ლიგაზე ბოლო 37 საშინაო მატჩიდან მხოლოდ 2 წააგო (ორივე "ბაიერნთან") - 22 მოგება, 13 ფრე.

* 2013/14 წლების სეზონიდან მოყოლებული, ანუ მას მერე, რაც ხოსე კალეხონი "ნაპოლიში" გადავიდა, გუნდმა ყველა ტურნირზე 175 მატჩი გამართა და ესპანელმა აქედან 173-ში მიიღო მონაწილეობა.

* ჯგუფური ეტაპის 4-ივე მატჩში "ნაპოლიმ" გაიტანა და გაუშვა კიდეც.

* 2 ნოემბერს 10 წელიწადი და 1 დღე გავიდა მას მერე, რაც იგორ აკინფეევი ჩემპიონთა ლიგაზე კარის "მშრალად" შენახვას ვერ ახერხებს. 2006 წლის 1 ნოემბერს ცსკა "არსენალს" უგოლოდ დაუზავდა და მაშინ 20 წლის აკინფეევმა ზედიზედ მეექვსედ შეინახა კარი მშრალად. თუმცა, მას მერე მან უკვე 40 მატჩი ჩაატარა ლიგაზე და… გოლი ყველა შეხვედრაში გაუშვა (ამჯერად, "მონაკოსთან" - 3).

* რადამელ ფალკაოს ჩემპიონთა ლიგაზე გოლი 2 450 დღის განმავლობაში არ გაეტანა და ცსკა-სთან შეხვედრაში კოლუმბიელმა ერთბაშად ორი გაიტანა. ფალკაოს უკანასკნელად 2010 წლის 17 თებერვალს გამოეჩინა თავი, როდესაც "პორტუს" "არსენალის" დამარცხებაში (2:1) დაეხმარა და დაახლოებით ექვსწლინახევრიანი პაუზის მერე მან მონეგასკებს "არმიელების" წაქცევაში შეუწყო ხელი.

* "მონაკოს" "ლუი მეორეზე" უკანასკნელი 18 შეხვედრიდან მხოლოდ 2 აქვს წაგებული - 12 მოგება, 4 ფრე.

* "ტოტენჰემმა" "უემბლიზე" გამართული ბოლო 5 მატჩი წააგო: 2 ასოციაციის თასზე, 1 ლიგის თასზე და ორიც ჩემპიონთა ლიგაზე.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული