"ანორთოსისს" აქაც მოგება უნდა

AutoSharing Option
დღეს, 21 ივლისს ევროპის ლიგის მეორე საკვალიფიკაციო ეტაპის განმეორებით შეხვედრაში საქართველოს თასის მფლობელი ,,გაგრა" ზესტაფონში ფამაგუსტის ,,ანორთოსისს" მასპინძლობს.

კვიპროსში სამი უპასუხო გოლით გამარჯვების შემდეგ კუნძულელებმა წყვილში გამარჯვებულის ბედი, ფაქტობრივად, გადაწყვიტეს. ,,ანორთოსისი" საქართველოში 19 ივლისს ჩამოვიდა, ქუთაისში დაბინავდა და იმ საღამოსვე ივარჯიშა კიდეც, გუშინ კი სტუმართა ბულგარელმა თავკაცმა სტანიმირ სტოილოვმა პრესკონფერენცია გამართა.

დარბაზში უმრავლესობას კვიპროსელები შეადგენდნენ, 7 ჟურნალისტთან ერთად მწვრთნელთან გასაუბრებას გუნდის პრესატაშე და 4 ოფიციალური პირი ესწრებოდა. ფამაგუსტელთა დამრიგებელი საკმაოდ სასიამოვნო მოსაუბრე გამოდგა.

- პირველი შეხვედრა დიდი ანგარიშით მოვიგეთ და
შემდეგ ეტაპზე გასასვლელად დიდი ნაბიჯი გადავდგით. კვიპროსული მატჩის შედეგიდან გამომდინარე, ფავორიტებად ჩვენ ვითვლებით, თუმცა ეს არ ნიშნავს, რომ საქმე მოთავებული გვაქვს და მეტოქეს პატივი არ უნდა ვცეთ. ვიდრე მომდევნო ეტაზე ვიფიქრებდეთ, მანამდე ,,გაგრასთან" კიდევ ერთი მატჩი გვაქვს ჩასატარებელი. ფეხბურთელები საქმეს პროფესიონალურად უდგებიან. მოწინააღმდეგეს დასაკარგი არაფერი აქვს და ხვალ საკმაოდ რთული მატჩი გველის.

- პირველ მატჩში მეტოქის ასეთ სუსტ თამაშს თუ ელოდით?
-"გაგრა" სულაც არ არის სუსტი გუნდი. 3:0 კი მოვიგეთ, მაგრამ მეტოქე მომეწონა. თანამედროვე, სწრაფი და ტექნიკური ფეხბურთის თამაშს ცდილობდა. პირველ წუთებში ძალიან აქტიურად ითამაშეს და ჩვენს კარსაც დაემუქრნენ, თუმცა შემდეგ ჩვენ ვიძალეთ და გავიმარჯვეთ. სწრაფ გოლთან ერთად დიდი ანგარიშით მოგებაში შინაური კედლები და გულშემატკივართა მხარდაჭერა დაგვეხმარა.

ვფიქრობ, სტადიონზე შექმნილმა ატმოსფერომ ევროტურნირებზე გამოუცდელი სტუმრები დააბნია და ეს ჩვენს სასარგებლოდ გამოვიყენეთ. ვიცი, რომ ,,გაგრა" წლეულს გადავიდა საქართველოს ჩემპიონატის უმაღლეს ლიგაში და ჩვენს მეტოქეს წარმატებებს ვუსურვებ.

- მეტოქე გუნდის ფეხბურთელებიდან ვინმეს ხომ არ გამოარჩევდით?
- ,,გაგრა" დაკომპლექტებულია ახალგაზრდა ფეხბურთელებით, რომლებსაც კარგი მომავალი აქვთ. გამოცდილებას შეიძენენ და უკეთეს დონეზე ითამაშებენ. კონკრეტულად კი ვინმეს გამორჩევა გამიჭირდება.

- საქართველოში უძლიერესი შემადგენლობა ჩამოიყვანეთ?
- უძლიერესი შემადგენლობა პირველ შეხვედრაშიც არ გვყოლია. კვიპროსში ხუთი საუკეთესო მოთამაშე გვაკლდა და ისინი არც ხვალინდელ მატჩში იქნებიან. გამოგვაკლდა ძირითადის კიდევ ერთი წევრი, ბრაზილიელი ევანდრო რონკატო, რომელიც კვიპროსულ მატჩში დაშავდა და შევცვალეთ. მცირე ტრავმები აქვთ მარანგოსსა და მინტიკისს. როგორც ხედავთ, გარკვეული პრობლემები გვაქვს, თუმცა საბრძოლველად მზად ვართ.

- თქვენი მიზანი ხვალინდელ მატჩში...
- საქართველოში საბრძოლო განწობით ჩამოვედით. ძალების დაზოგვას არ ვაპირებთ და მოედანზე მოსაგებად გავალთ.

- როგორ თამაშს უნდა ველოდოთ თქვენი გუნდისგან?
- ჩვენ სწრაფ და ტექნიკურ ფეხბურთს მივდევთ, ფიზიკურადაც კარგად ვართ მომზადებული, ასე რომ, შევეცდებით მაყურებლებს ლამაზი ფეხბურთი შევთავაზოთ.

- ხვალინდელ მატჩში მეტოქეთა შანსებს როგორ გაანაწილებდით?
- წინასწარ შანსებზე ლაპარაკი ძნელია. ყველაფერი ხვალ, მოედანზე გამოჩნდება.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული