თორნიკე მაისურაძე: მოვიგეთ იმიტომ, რომ ქართულად ვითამაშეთ

AutoSharing Option
"მოვიგეთ იმიტომ, რომ ქართული ფეხბურთი ვაჩვენეთ, ვითამაშეთ პასებზე აგებული კომბინაციური ფეხბურთი", - განაცხადა "ირტიშთან" მოგებული მატჩის შემდეგ რუსთავის "მეტალურგის" მთავარმა მწვრთნელმა არმაზ ჯელაძემ და ამით ყველაფერი თქვა თამაშზეც და გუნდზეც.

რუსთავის "მეტალურგში" თორნიკე მაისურაძის დანიშვნას ყველა სკეპტიკურად შეხვდა, მაგრამ ამ ახალგაზრდა და გამოუცდელმა კაცმა ყველა დააჯერა: როდესაც გაქვს მკაფიოდ ჩამოყალიბებული შეხედულებები, რწმენა და ნიჭი, გამოუცდელობასაც გადალახავ და იმ ყაზახურ ბარიერსაც, რომელიც ბოლო წლებში ქართული გუნდებისთვის სცილა და ქარიბდა იყო.

"დაჩიას" თავკაც იგორ დობროვოლსკის საქციელი ჯერაც ვერ მოგვინელებია, სხვა მწვრთნელები უფრო
ტაქტიანები არიან, მაგრამ მეტოქის უპირატესობის აღიარება მაინც უჭირთ. მართალია, მატჩი არ გვინახავს, მაგრამ უეფას ტექსტური რეპორტაჟისას ყაზახთა მწვრთნელ ტალგატ ბაისუფინოვის ნაუბრიდან უნდა დავასკვნათ - ქართველებმა ღირსეულად მოიპოვეს ფრანგულ "რენთან" თამაშის უფლება.

"მეტალურგმა" "ირტიშთან" საშინაო ფრის (1:1) შემდეგ ყაზახები სტუმრად 2:0 დაამარცხა და ევროპის ლიგის მესამე საკვალიფიკაციო ეტაპზე 28 ივლისს თბილისში და 4 აგვისტოს საფრანგეთში "რენს" დაუპირისპირდება. ფრანგული კლუბების მაღალ დონეს თუ გავითვალისწინებთ, რუსთაველებს ახლა ბევრად უფრო რთული მეტოქე ჰყავთ, მაგრამ მაისურაძეს სჯერა, რომ გუნდი ფრანგებთანაც ღირსეულად ითამაშებს.

- ყაზახური პრესის გაცნობისას არმაზ ჯელაძის სიტყვები მენიშნა, ქართული ფეხბურთი ვაჩვენეთო. არადა, ეს ფეხბურთი ბევრს თაროზე შემოდებული დამტვერილი წიგნი ეგონა.
- ბედნიერი კაცი ვარ, რომ ეს ყაზახებსაც ვათქმევინეთ. გადაუჭარბებლად შემიძლია იმის თქმა, რომ მინიმუმ ოთხი გოლი უნდა გაგვეტანა. პირველივე ტაიმში 1:0-ზე ირაკლი ქობალია, რომელმაც ძალიან კარგად ითამაშა, მეკარესთან პირისპირ გავიდა, დაახლოებით 10 მეტრის მანძილზე ხელს არავინ უშლიდა, მაგრამ ვერ გაიტანა, მერე კი ახლო მანძილიდან დარტყმული თავური ოდნავ ააცილა მიზანს. ყაზახებს მომენტები კი ჰქონდათ, მაგრამ ასპროცენტიანი - არც ერთი. მთელი 90 წუთი საკმაოდ ლამაზი, ტემპიანი და დაძაბული თამაში იყო.

- საინტერესოა, მეტოქეს როგორი ტაქტიკა დაუპირისპირეთ.
- აქცენტი მოკლე და საშუალო პასებზე გავაკეთეთ, რათა მეტოქე უბურთო მოძრაობებით დაგვეღალა და ამან გაამართლა. 2:0-ზე კი ისე აირივნენ, ლამის ყოველ ორ წუთში ვუქმნიდით სახიფათო მომენტს. იმითაც ვისიამოვნე, სტადიონი "რუსთავი, რუსთავის" რომ ყვიროდა. მართლაც ბედნიერი ვარ, რომ ყაზახეთში ქართული ფეხბურთი ვაჩვენეთ.

- რომელიც ბოლო დროს დავიწყებული იყო.
- სამწუხაროდ ასეა, მაგრამ ყველანაირად ვცდილობთ, ჩვენ ვაჩვენოთ. ყევლაფერი დამოკიდებულია შემადგენლობაზე, ჩვენ კი ისეთი ბიჭები შევკრიბეთ, რომელთაც ეს შეუძლიათ. "ბანანცთან" მატჩის შემდეგ კიდევ უფრო შეთამაშდნენ, რაც ძალიან გვჭირდებოდა, რადგან ოთხი ახალწვეული გვყავდა.

სასიამოვნოა, რომ გუნდი შეიკრა, აქ სიხარულიც და ტკივილიც ერთია. ყველა გუნდში არის რთული პერიოდები და "ბანანცთან" შინ 1:1 რომ ვითამაშეთ, სწორედ იმ დროს დაემთხვა ჩვენთვის მძიმე პერიოდი. მაგრამ ბიჭებმა ვაჟკაცობა გამოიჩინეს და შემდეგ ეტაპზე გავედით. ახლაც მოედანზე თავი დადეს, რისთვისაც მადლობას ვუხდი.

- რუსთავული ფრეს შემდეგ გამარჯვებაში დარწმუნებული იყავით. საგარეო მატჩი გქონდათ და რა გაიმედებდათ?
- რუსთავული მატჩის მსვლელობიდან და ხარისხიდან გამომდინარე მივხვდი, რომ ჩვენ უკეთესი გუნდი და შემსრულებლები გვყავდა და პავლოდარში ყაზახებს განსაკუთრებული რა უნდა ეჩვენებინათ?

- საშინაო თამაში გუნდს სრულიად ცვლის.
- გეთანხმებით და ამაზეც ვფიქრობდი, ვფიქრობდი იმაზეც, რომ ჩვენს ბიჭებს სიცხეში თამაში არ უყვართ და როდესაც ამინდის პროგნოზი შევიტყვე, პავლოდარში კი სიგრილე იყო მოსალოდნელი, გამიხარდა და იმედი გამიძლიერდა.

- თუმცა ჩვენს გუნდებს ყაზახური კომპლექსი გაუჩნდათ.
- მე არ მქონდა, რადგან ყაზახებს პირველად ვხვდებოდი. ან რატომ უნდა მქონოდა ყაზახური კომპლექსი, როდესაც კარგად ვიცი ქართული და მათი ფეხბურთის ტრადიციები და მიღწევები. საბედნიეროდ, პირველი მატჩის შემდეგ თავად ბიჭები მიხვდნენ, რომ "ირტიშზე" უკეთესი გუნდი ვართ და ისე ითამაშეს, წარმატების მცირედი შანსიც არ დაუტოვეს მეტოქეს.

ამას გარდა, 1:1 ისეთი გაურკვეველი შედეგია, მასპინძლები იძულებულები იქნებოდნენ, წინ წამოსულიყვნენ და ეს ფაქტორი ტაქტიკის შემუშავებისას გამოვიყენეთ.

მიმაჩნია, რომ შედეგი კანონზომიერია, რადგან "მეტალურგი" და ზოგადად ქართული ფეხბურთი "ირტიშსა" და ყაზახურზე მაღლა დგანან. ის, რომ აქამდე ერთხელაც ვერ მოვუგეთ, ჩვენივე მიზეზით ხდებოდა და არა მეტოქის სიძლიერის გამო. სხვათა შორის, ეს აღნიშნა კიდეც ბაისუფინოვმა, რომელიც გულიანი და კეთილშობილი ადამიანი გამოდგა. თავისიანების თამაშით აღშფოთებული სათადარიგოთა სკამთან ხმამაღლა ლაპარაკობდა და ასეთი ფრაზაც თქვა - რა გვინდა, ვერ გავიგეო.

მომეწონა ამ კაცის დამოკიდებულება, გულახდილობა, კეთილშობილება, გულწრფელად გვისურვა ფრანგებთან წარმატება. საერთოდ, ყაზახები ღირსეულად მოიქცნენ და მადლობა მათ ამისთვის.

- აკი თქვეს კიდეც, ასეთ შედეგს არ ველოდითო.
- ისევე, როგორც არ ელოდა ამას ბევრი ქართველი, მაგრამ სირცხვილი იყო ყაზახებთან მუდმივად წაგება. მე ჩემზე, ჩვენზე კი არა, ქართულ ფეხბურთზე ვამბობ, რადგან ბევრად უკეთესი ფეხბურთი გვაქვს. "ირტიში" "მეტალურგზე"ზე მდიდარი კლუბია, მაგრამ ეს მათ უპირატესობას არ ნიშნავდა.

ქართველებს ფეხბურთის თამაში ნამდვილად შეგვიძლია, თანაც ძალიან მინდა, ჩვენი კლუბი გაიგივდეს იმ ფეხბურთთან, რომელიც ქართველ გულშემატკივარს ახარებს - საამისოდ ყველაფერს გავაკეთებთ.

საბჭოთა პერიოდში, ვიგებდით თუ ვაგებდით, სახეს ვინარჩუნებდით, მაგრამ თანამედროვე ფეხბურთმა ჩვენი ფეხბურთის სახე წაშალა. თუმცა მოდიან ნიჭიერი ახალგაზრდები, რომელთაც ქართული ფეხბურთის აღორძინება შეუძლიათ. ნაკრებში ეს უფრო რთულია, რადგან ევროპიდან ჩამოდიან იქაურ ფეხბურთს შეჩვეული ბიჭები, საკლუბო დონეზე კი ეს შესაძლებელია.

თუნდაც დღევანდელი პირობებით ყაზახებს მუდამ უნდა ვუგებდეთ, ოღონდ საჭიროა კლუბში იყოს სტაბილური გარემო, ფეხბურთელები ხანგრძლივი დროით რომ გავაჩეროთ და დარწმუნებული ვარ, შემადგენლობის შესათამაშებლად ორი წელიც საკმარისი იქნება, ჩვენი კლუბები ჩემპიონთა ლიგის ჯგუფურ ეტაპზეც ლეგიონერების გარეშე რომ გავიდნენ. სამწუხაროდ, სტაბილურობა ფინანსებზე არანაკლებ გვაკლია.

იმედია, "მეტალურგში" მალე ყველაფერი დალაგდება და ქვემო ქართლს და მთლიანად ქვეყანას კიდევ ერთი სოლიდური გუნდი ეყოლება.

- ახლა "ირტიშზე" გაცილებით სერიოზულ მეტოქესთან თამაში გელით.
- რა თქმა უნდა, "რენი" უკეთესი გუნდია, მაგრამ მოედანზე შიშით გასვლას ის სჯობს, საერთოდ არ ითამაშო. დარწმუნებული ვარ, ბიჭები ისევე გულანთებულები ითამაშებენ, როგორც პირველ და მეორე ეტაპებზე. ახლა მათ ორდღიანი დასვენების საშუალება მივეცი, დიდი ენერგია დახარჯეს მატჩშიც და მგზავრობაშიც. კვირას კი ვარჯიშს "ამერზე" განვაახლებთ.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 1 /
movigebta - metoqeze damamcireblad saubars veravi gvascavlis (es statia savsea damamcirebeli, uazro, arafris mtqmeli frazebit).

provincialzmi etkoba koveltvis kofila qartvelta seni.
eddy
17:29 23-07-2011
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული