ალექს გარსია: რასაც ვერ ახერხებს ფეხი, აკეთებს გული

AutoSharing Option
დღეს, 25 აგვისტოს თბილისის "დინამო" ათენის აეკ-ს ეთამაშება და იმედია, ევროპის ლიგის ჯგუფურ ეტაპზე გააღწევს.

ეროვნული სტადიონის ისედაც არასახარბიელო მდგომარეობაში მყოფი მოედნის საფრის ზედმეტად დატვირთვისა და უარესად წახდენის შიშით დინამოელთა მთავარი მწვრთნელი ალექს გარსია გუშინდელ ვარჯიშს საგურამოში გეგმავდა. თუმცა შემდეგ გადაწყვიტა, რომ "ბოლო რეპეტიცია" მაინც "ბორის პაიჭაძეზე" აჯობებდა და ვარჯიში 18 საათზე დანიშნა, ნახევარი საათით ადრე კი მედიას შეხვდა.

ალექს გარსია:
- ძალიან მნიშვნელოვანი მატჩია და გულშემატკივარს მოვუწოდებ, გუნდს გვერდში დაუდგეს, რათა შემდეგ ეტაპზე გასვლა შევძლოთ. შინ ვთამაშობთ და, მიუხედავად
იმისა, რომ პირველი შეხვედრა წავაგეთ, იმედია, ხვალინდელ მატჩს წარმატებით დავასრულებთ.

- ჰარი პოტერის ჯოხი ხომ არ იპოვეთ?
- ოოო, ერთი კვირაა, ვეძებ, მაგრამ საამისოდ კიდევ დამრჩა 24 საათი. საერთოდ, რასაც ვერ შეძლებენ ჯადოსნური ჯოხი და ფეხები, შეძლებს გული და მეც ჩვენი მოთამაშეების გულიანი თამაშის იმედი მაქვს. ბიჭებმა თავისი თამაშით დაიმსახურეს ის, რომ სტადიონზე ბევრი მაყურებელი მოვიდეს.

- აეკ-თან მეორე ტაიმის ბოლო 15 წუთში გუნდის მოქმედებით უკმაყოფილო იყავით. რას მიაწერთ თქვენი ფეხბურთელების ასეთ თამაშს - არასრულყოფილ ფიზიკურ მომზადებას თუ სტიმულის ნაკლებობას?
- უპირველესად, საერთაშორისო თამაშების გამოცდილების დეფიციტს. ბოლო 10 წუთის განმავლობაში მოედანზე ვითარების გაკონტროლება ამიტომაც ვერ შევძელით.

Sportall.Ge

- მოწინააღმდეგის რომელ რგოლს გამოარჩევთ და ყველაზე მეტად ვის უნდა ვუფრთხოდეთ?
- ნახევარდაცვას და ესპანელ ხოსე კარლოსს, მან ყველაზე მეტი პრობლემა შეგვიქმნა. მიუხედავად იმისა, რომ მეორე თამაში განსხვავებული იქნება, მას მაინც განსაკუთრებული ყურადღება უნდა მივაქციოთ.

- ხვალინდელი მატჩის 11 ფეხბურთელი უკვე შეარჩიეთ?
- ახლა ყველა შეკრებაზეა და დღევანდელი ვარჯიშის შემდეგ გავაკეთებ დასკვნებს. მხოლოდ იმის თქმა შემიძლია, რომ დაგვაკლდებიან კაშია და ხმალაძე.

- რატომ არ იყო ბოლო შეხვედრებში რობერტინიო? ტრავმა თითქოს არ ჰქონდა.
- ტრავმა არ ჰქონია, მაგრამ გუნდში დიდი კონკურენციაა და ბოლო ვარჯიშებიდან გამომდინარე, 18 კაცს მიღმა დარჩა. დღეს ჩვეულებრივად ივარჯიშა.

- ახლაც ასე იქნება?
- ახლა კარგად ვარჯიშობს.

- 0:1 სარისკო ანგარიში არ არის?
- კიდევ ერთი რომ გაგვიტანონ, შესაძლოა, გასვლაზე ფიქრი წარმოუდგენელი იყოს. მაგრამ "მანჩესტერისა" და "ბაიერნის" ჩემპიონათა ლიგის ფინალის შემდეგ ფეხბურთში შეუძლებელი აღარაფერია. ხვალინდელ მატჩში ჩვენი ფეხბურთელები მოედანზე თავს დადებენ.

- აეკ-ს დელასი დააკლდება...
- ახლა ჩემი გუნდის ამბები მადარდებს. მაგრამ აეკ-ს გრძელი სათადარიგოთა სკამი აქვს. ვფიქრობ, დელასი დიდი დანაკლისი არ იქნება, მას სრულფასოვან შემცვლელს მოუძებნიან.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული