"ჩიხურა" გასული სეზონის შემდეგ გაახალგაზრდავდა, უფრო ზუსტად რომ ვთქვათ, დასუსტდა და ამის გამო სულაც არ ყოფილა გასაკვირი, არასაფეხბურთო ქვეყნის წარმომადგენელს რომ ვერ აჯობა.
თუმცა მეტოქის ფაქტორიდან გამომდინარე, მაინც გვქონდა იმედი, რომ საჩხერელები მძიმე ბრძოლაში, მაგრამ მაინც შეძლებდნენ "ვადუცის" გატეხვას.
"ჩიხურასგან" ევროსარბიელზე ბევრს არაფერს ვითხოვთ, მისგან ერთი ეტაპის გადალახვაც რიგიანი შედეგი
ძალიან მძიმე სათქმელია, მაგრამ ფაქტია - "მიხეილ მესხზე" ერთმანეთის წინაშე ერთი დონის ორი გუნდი წარსდგა.
მატჩი მეტისმეტად უსახური გამოდგა. ერთმანეთს ორი უფერული გუნდი დაუპირისპირდა, რომელთაც წარმატების მისაღწევად ძალ-ღონე არ დაუზოგავთ, მაგრამ საშემსრულებლო ოსტატობის ნაკლებობის გამო გამარჯვების გოლის გატანა ვერც ერთმა ვერ შეძლო.
შეხვედრის საწყის წუთებში მასპინძლები გარკვეულ უპირატესობას ფლობდნენ. შეიძლება ბესიკ დეკანოიძის ორი უშედეგო დარტყმის გახსენება, ამის საპასუხოდ კი პასკალ შურპფმა და პაკ კვანგ რიონგმა სცადეს თავიანთი გუნდის დაწინაურება, მაგრამ პირველს მეკარემ აჯობა, მეორემ კი არაზუსტად დაარტყა.
"ჩიხურამ" მე-10 წუთზე გუნდის ერთ-ერთი ლიდერი ნიკა კვასხვაძე დაკარგა, რამაც მოკლესკამიანი საჩხერელების შემტევ პოტენციალზე საგრძნობლად იმოქმედა. პირველი ტაიმის შუაწელისთვის სტუმრებმა თამაში გაათანაბრეს და დროდადრო მწვავე კონტრშეტევების განხორციელებას ცდილობდნენ.
პირველი ტაიმის ბოლო სახიფათო მომენტი მაინც ქართველებმა შექმნეს - დავით ოდიკაძის ჩაწოდებულს რატი წინამძღვრიშვილმა თავი შეაგება, მაგრამ ბურთი მიზანში ვერ მოახვედრა.
მატჩის მეორე ნახევარი პირველზე უფერული გამოდგა. დროის გასვლასთან ერთად, ორივე გუნდს გადაღლა ეტყობოდა, რაც "ჩიხურას" უფრო აზარალებდა, რადგან 0:0 "ვადუცისთვის" სულაც არ იყო ურიგო შედეგი.
რამდენიმე უშედეგო შორეულ დარტყმას თუ არ გავიხსენებთ, "ჩიხურას" მეორე ტაიმში დაწინაურების შანსი არც მისცემია. სამაგიეროდ, 67-ე წუთზე ლიხტენშტაინელები იყვნენ გამარჯვების გოლთან ახლოს, მაგრამ ნიკოლას ჰასლერს მიზანმა ოდნავ უმტყუნა.
გამარჯვება არავის დაუმსახურებია და სრულიად ლოგიკური 0:0 დაფიქსირდა, "ჩიხურას" ვერმოგებას კი დიდ სენსაციად ნუ შევრაცხავთ. ზედ ევროტურნირების წინ "ახალი გუნდის" კეთების დაწყებას, როგორც წესი, ასეთი შედეგები მოჰყვება ხოლმე.
მატჩის შემდეგ
სოსო ფრუიძე ("ჩიხურას" მთავარი მწვრთნელი):
"გასაგები მიზეზების გამო "ჩიხურა" ოპტიმალურ ფორმაში არ არის. გასაუმჯობესებელი გვაქვს ფიზიკური კონდიციები და იმედია, საპასუხო შეხვედრისთვის ამ კუთხით პროგრესი გვექნება.
ნაკლოვანებების მიუხედავად, გამარჯვების გოლის გატანა მაინც შეგვეძლო, რაც ვერ მოვახერხეთ.
გასვლით მატჩში მეტოქე, ალბათ, პირველ ნომრად ითამაშებს და სავარაუდოდ, ჩვენ კონტრშეტევით ტაქტიკას ავირჩევთ. იმედი გვაქვს, გოლის გატანას სტუმრად მაინც შევძლებთ.
სამწუხაროდ, ლიხტენშტაინში ნიკა კვასხვაძის თამაში გამოირიცხა. ისედაც მოკლე სკამი გვაქვს და მისი არყოფნა ნამდვილად დაგვასვამს დაღს".
ჯორჯო კონტინი ("ვადუცის" მთავარი მწვრთნელი):
"ძალიან ცხელოდა, რასაც მიუჩვევლები ვართ. "ჩიხურამ" მხოლოდ მატჩის საწყის 15 წუთში გვაჯობა, რის შემდეგაც თამაში გადავაწყვეთ და მეტოქის უპირატესობაც გაქრა.
ჩემი გუნდის თამაშით კმაყოფილი ვარ. შინ უფრო აგრესიულ და შემტევ ფეხბურთს ვითამაშებთ და იმედი გვაქვს, ამ ეტაპს გადავლახავთ".
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"