რატი წინამძღვრიშვილი: "თუნი" თითქოს დაიღალა, მეორე ტაიმში ჩვენ უფრო მხნედ გამოვიყურებოდით

AutoSharing Option
საჩხერის "ჩიხურა" 25 ივლისს შვეიცარიულ "თუნს" თბილისში უმასპინძლებს და ვინ იცის, იქნებ საქმე სათავისოდაც შეატრიალოს.

ევროპალიგის მეორე საკვალიფიკაციო ეტაპის პირველ შეხვედრაში "თუნთან" 0:2 წააგო, მომდევნო ეტაპზე გასვლის შანსი შეიმცირა, მაგრამ ვინც ინტერნეტით უყურა ამ შეხვედრას, "ჩიხურა" ამ დაპირისპირებაში აუტსაიდერს ნამდვილად არ ჰგავდა.

"ჩიხურა" წინა სეზონის შემდეგ გადახალისდა, გუნდი ბევრმა ფეხბურთელმა დატოვა, თუმცა რიგიანი შევსებაც მიიღო.

25 წლის რატი წინამძღვრიშვილი ცენტრფორვარდია. საქართველოს ასაკობრივი ნაკრებების გარდა, ეროვნულ გუნდშიც უთამაშია, როცა მწვრთნელი გაიოზ დარსაძე იყო.

წინამძღვრიშვილის კარიერა ისე ვერ წარიმართა, როგორიც მოლოდინი იყო,
თუმცა მას ჯერ კიდევ აქვს დრო, რომ თავისი დაამტკიცოს.

რატის რამდენიმე კითხვა დავუსვით...

- შვეიცარიაში "ჩიხურას" ძალიან ცუდად ნამდვილად არ უთამაშია და საგოლე მომენტებიც გქონდათ. ყველაზე უფრო მაინც რის ხარჯზე გაჯობათ "თუნმა"?
- ვფიქრობ, მაინც გამოცდილებამ ითამაშა გადამწყვეტი როლი. "თუნმა" გამოიყენა ჩვენი შეცდომები, ჩვენ კი მეტოქის ხარვეზები ვერ გამოვიყენეთ.

თუ გადავხედავთ იმას, რომელმა გუნდმა რამდენჯერ დაარტყა კარში თუ კარის მიმართულებით, თითქმის თანაბარ მაჩვენებლებთან გვექნება საქმე. თამაშიც ისეთი იყო, ვერავინ იტყოდა, "თუნმა" მეტოქე დაჯაბნაო.

ისიცაა, რომ მეორე ტაიმში ჩვენ უფრო მხნედ გამოვიყურებოდით, "თუნი" თითქოს დაიღალა.

- საგოლე მომენტები შენც გქონდა...
- მართალია. "თუნის" მცველს ბურთი ფეხზე აეჭრა და მე მომივიდა, ხელსაყრელ სიტუაციაში აღმოვჩნდი, თუმცა ჩემი დარტყმული ძელს მოხვდა. ეს გოლი რომ გასულიყო, დარწმუნებული ვარ, არ წავაგებდით, მინიმუმ ფრეს მაინც მივაღწევდით.

მატჩის ბოლოსკენაც მქონდა შანსი, თუმცა ისეთივე არა, როგორც პირველ ჯერზე - ცოტა არ იყოს, მახვილი კუთხიდან დავარტყი და მეკარემ მოიგერია.

- "ჩიხურას" როგორ შეეწყვე? ახალ გუნდში ადაპტაციას ხომ გარკვეული დრო სჭირდება...
- "ჩიხურას" თითქმის ყველა ფეხბურთელს მანამდეც ვიცნობდი და მეგობრული ურთიერთობა გვაკავშირებდა. ასე რომ, ამ მხრივ ყველაფერი ნორმალურადაა. "ზესტაფონთან" შედარებით, "ჩიხურაში" კარგი სიტუაციაა.

- ბოლო დროს "ზესტაფონის" ძირითად შემადგენლობაში იშვიათად ჩანდი. რა პირობით გამოგიშვეს ამ კლუბიდან?
- "ზესტაფონთან" კონტრაქტით კიდევ ექვსი თვე მრჩებოდა, მაგრამ ვთხოვე კლუბის ხელმძღვანელობას და გამომიშვეს.

- საკუთარ თავს როგორ ატყობ, ოპტიმალურ ფორმაში ჯერ არ ხარ?
- საუკეთესო ფორმაში ჯერ ნამდვილად არ ვარ, თუმცა რაც შეიძლება მალე მინდა დავამტკიცო, რომ ფეხბურთის თამაში კიდევ შემიძლია.

- "ჩიხურას" თუ შეუძლია "თუნის" ბარიერის გადალახვა?
- თუ ძალიან მოვინდომებთ, "თუნის" დამარცხება შეუძლებელი არ იქნება. სწრაფი გოლი თუ გავიტანეთ, გამარჯვების მეტი შანსი გაგვიჩნდება. თუ ეს ვერ მოვახერხეთ, მაგრამ პირველ ტაიმში მაინც გავიტანეთ გოლი, ესეც ძალიან მნიშვნელოვანი იქნება ჩვენთვის - ამოცანის შესრულება გაგვიადვილდება.

- საქართველოს ჩემპიონატში რა ამოცანისთვის იბრძოლებს "ჩიხურა"? წინა სეზონში გუნდი მეოთხე ადგილზე აღმოჩნდა და თასის ფინალშიც გავიდა...
- კარგი შემადგენლობა გვყავს და სიმპათიურ გუნდად ჩამოყალიბება შეგვიძლია. ამ ეტაპზე ჯერ კიდევ გვაკლია შეთამაშება. ერთი რამის თქმა ახლავე შეიძლება: "ჩიხურა" ყველასათვის ანგარიშგასაწევი ძალა იქნება და სამეულში მოხვედრისთვის ვიბრძოლებთ.

რატი წინამძღვრიშვილი: მინდა დავამტკიცო, რომ თამაში კიდევ შემიძლია (იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ასევე იხილეთ:

თუნი-ჩიხურა 2:0 - მძიმე ამოცანა
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული