მეტოქე. ლონდონის "ტოტენჰემი": "დინამოს" უიღბლობა გრძელდება

AutoSharing Option
ტოტენჰემ ჰოთსპური
(ლონდონი, ინგლისი)
დაარსდა 1882 წელს
სტადიონი: უაით ჰართ ლეინი (36 310)
კლუბის პრეზიდენტი: დენიელ ლევი
მწვრთნელი: ანდრე ვილაშ-ბოაში (17.10.1977)
ინგლისის ჩემპიონი (2): 1951, 1961.
ინგლისის ასოციაციის თასის მფლობელი (8): 1901, 1921, 1961, 1962, 1967, 1981, 1982, 1991.
ინგლისის ლიგის თასის მფლობელი (4): 1971, 1973, 1999, 2008.
ინგლისის სუპერთასის მფლობელი (7): 1921, 1951, 1961, 1962, 1981, 1991.
უეფას თასის მფლობელი (2): 1972, 1984
თასების მფლობელთა თასის მფლობელი (1): 1963

ფეხბურთში სასურველი შედეგის მისაღწევად უამრავ ფაქტორთან (ფინანსები, სავარჯიშო-საწვრთნელი პირობები, მწვრთნელთა
თუ ფეხბურთელთა კვალიფიკაცია, გამართული მენეჯმენტი და ასე შემდეგ) ერთად, იღბალიც საჭიროა!

სამწუხაროდ, თბილისის "დინამოს" წლევანდელი ევროტურნირების წილისყრისას იღბალმა ზურგი აშკარად შეაქცია: ჯერ იყო და, მეორე საკვალიფიკაციო ეტაპზე სავარაუდო მეტოქეთაგან ყველაზე ძლიერი, აღმოსავლეთ ევროპის ყველაზე ტიტულიანი გუნდი ბუქარესტის "სტიაუა" შეხვდა...

თუმცა, უიღბლობა ამით არ დამთავრებულა: ევროპალიგის პლეი ოფის წილისყრამ ყველაზე ძლიერი მეტოქე სწორედ ჩვენს ჩემპიონს "გამოუწერა"!

პოპულარული ინგლისური კლუბი "ტოტენჰემი" არა მხოლოდ სავარაუდო მოწინააღმდეგეებში (ისრაელის "ჰაპოელი", იტალიური "უდინეზე", პორტუგალიური "ეშტორილი", უკრაინული "დნიპრო", სერბული "პარტიზანი") , არამედ, საერთოდ ევროპალიგის პლეი ოფის მონაწილეთაგან ყველაზე ძლიერ გუნდად მიგვაჩნია (იტალიურ "ფიორენტინასთან" და გერმანულ "შტუტგარტთან" ერთად).

თუმცა, რას ვიზამთ - თბილისში ევროპული დონის გრანდს ხომ ვიხილავთ, უდიდესი ისტორია რომ აქვს და დღესაც ერთიმეორეზე გამორჩეული ფეხბურთელები რომ თამაშობენ.

"დეზებიან მამლებს" (ქართულად ასე ითარგმნება კლუბის სრული სახელწოდება) ინგლისური თუ ევროპული "საზომით" უამრავი ტიტული მოუგია; საერთაშორისო ასპარეზზე პირველ დიდ წარმატებას 1963 წელს მიაღწიეს, როცა ბილი ნიკოლსონის ხელმძღვანელობით მოასპარეზე "ტოტენჰემმა" თასების თასის ფინალში მადრიდის "ატლეტიკოს" 5:1 მოუგო.

ამ გუნდის ლიდერი "ტოტენჰემის" და, საერთოდ, ინგლისური ფეხბურთის ლეგენდა ჯიმი გრივსი გახლდათ, რომლის შედეგიანობის რეკორდი დღემდე ვერავინ გააუმჯობესა!

თავად განსაჯეთ: გრივსი ექვსჯერ გახდა ინგლისის ჩემპიონატის საუკეთესო ბომბარდირი (სულ კი 357 გოლი გაიტანა).

მეორე ევროტიტული "ტოტენჰემმა" კვლავ ნიკოლსონის ხელმძღვანელობით მოიპოვა: 1972 წელს უეფას თასის ფინალში, ასევე ინგლისურ "ვულვერჰემპტონს" ორრაუნდიან დაპირისპირებაში აჯობა (2:1, 1:1).

"ტოტენჰემის" იმ შემადგენლობაში მეკარე პატ ჯენინგსი, ნახევარმცველი სტივ პერიმენი და ორი შემტევი, მარტინ პიტერსი და მარტინ ჩივერსი გამოირჩეოდნენ.

უეფას თასის მომდევნო გათამაშებაში "ტოტენჰემი" კვლავაც ერთ-ერთ ფავორიტად მიიჩნეოდა და აი, მერვედფინალში... თბილისის "დინამოს" შეხვდა!

ჰო, "დეზებიანი მამლები" საქართველოში მეორედ უნდა ჩამოვიდნენ, პირველი სტუმრობა კი ფრედ დამთავრდა (1:1), აი, საპასუხოში კი "ტოტენჰემმა" დიდი ანგარიშით (5:1) შეძლო "დინამოს" დამარცხება.

"დინამო"-"ტოტენჰემის" პირველ მატჩამდე აუცილებლად გავიხსენებთ ამ გუნდების 40 წლის წინანდელ დაპირისპირებებს, მანამდე კი "მამლების" კიდევ ერთი საერთაშორისო ტრიუმფი უნდა ვახსენოთ.

მით უფრო, რომ, ბევრის აზრით, 1984 წლის უეფას თასის ფინალში ფავორიტად ბელგიური "ანდერლეხტი" მიიჩნეოდა, რომლის შემადგენლობაში არაერთი მაღალი დონის ფეხბურთელი გამოდიოდა (მორტენ ოლსენი, რენე ვან დერ ეიკენი, ერვინ ვანდენბერგი, ალექს ჩერნიატინსკი, ენცო შიფო, ფრანკ არნესენი, ფრენკი ვერკოტერენი)...

აი, "ტოტენჰემში" კი ვეტერანების (სტივ პერიმენი, ოსვალდო არდილესი) გარდა გამორჩეული ვარსკვლავი არ ყოფილა, მეტ-ნაკლებად სტივ არჩიბალდი გახლდათ "ცნობადი" სახე...

"ტოტენჰემმა" ორივე მატჩი ფრედ (1:1) ითამაშა და საბოლოოდ, პენალტების სერიაში იმარჯვა.

ისე, ვარსკვლავები ვახსენეთ და, ჯიმი გრივსის, მარტინ პიტერსისა და ოსვალდო არდილესის გარდა, ლონდონურ კლუბში სხვადასხვა დროს უამრავ ჩინებულ ფეხბურთელს უთამაშია - გარი ლინეკერს, პოლ გესქოინს, იურგენ კლინსმანს, გლენ ჰოდლს, სტივ უოდლს, დავიდ ჟინოლას, ტედი შერინგემს, დარენ ანდერტონს, რობი კინს, დიმიტარ ბერბატოვს, ლუკა მოდრიჩს...

რაც შეეხებათ მწვრთნელებს, აქ აბსოლუტური რეკორდსმენი ზემოთ ნახსენები ბილ ნიკოლსონია - კლუბის ისტორიაში ის ყველაზე დიდი ხნის (1958-1974) განმავლობაში ხელმძღვანელობდა "ტოტენჰემს" და გუნდთან ერთად ინგლისის ჩემპიონი გახდა, თითო-თითოჯერ თასების მფლობელთა თასი და უეფას თასი, სამჯერ - ინგლისის ასოციაციის თასი, ორჯერ კი ლიგის თასი მოიგო!

ასევე დიდი დროის (1976-1984) განმავლობაში ხელმძღვანელობდა "ტოტენჰემს" კიდევ ერთი ტიტულოვანი მწვრთნელი ქით ბერკინშოუ.

საერთოდ კი, "დინამოს" მეტოქეს სხვადასხვა დროს ისეთი სპეციალისტები მოძღვრავდნენ, როგორებიც არიან ტერი ვენეიბლზი, კრისტიან გროსი, ჯორჯ გრემი, გლენ ჰოდლი, ჟაკ სანტინი, მარტინ იოლი, ხუანდე რამოსი, ჰარი რედნაპი და დღევანდელი თავკაცი, პორტუგალიელი ანდრე ვილაშ-ბოაში, რომელმაც გუნდი 2012 წლის ზაფხულში ჩაიბარა.

ბოლო ორ სეზონში "ტოტენჰემს" სულ რაღაც 1 ქულა აკლდებოდა ჩემპიონთა ლიგის საგზურის მოსაპოვებლად.

არადა, ორივეჯერ ჩინებული შემადგენლობა ჰყავდა, რომელიც დიდად არც ახლაა შეცვლილი:

მეკარეები: უგო ლორისი (საფრანგეთი), ბრედ ფრიდელი (აშშ), ეურელიო გომეში (ბრაზილია); მცველები: იან ვერტონგენი (ბელგია), მაიკლ დოუსონი, კაილ უოლკერი (ორივე - ინგლისი), ბენუა ასუ-ეკოტო (კამერუნი), იუნეს ქაბული (საფრანგეთი);
ნახევარმცველები: პაულინიო, სანდრო (ორივე - ბრაზილია), ლიუის ჰოლტბი (გერმანია), აარონ ლენონი, სკოტ პარკერი, ტომ ჰადლსტოუნი (სამივე - ინგლისი), მუსა დემბელე (ბელგია), გილფი სიგურდსონი (ისლანდია);
თავდამსხმელები: ჯერმეინ დეფო (ინგლისი), რობერტო სოლდადო (ესპანეთი), ემანუელ ადებაიორი (ტოგო)...

აღარაფერს ვამბობთ "ტოტენჰემისა" და ბრიტანული ფეხბურთის ვარსკვლავზე, 24 წლის გარეთ ბეილზე.

ბოლო ორი სეზონის განმავლობაში უელსელმა ისეთი პროგრესი განიცადა, ბევრის აზრით, დღესდღეობით ლეო მესისა და კრიშტიანო რონალდოს დონეზეც დგას.

ძნელი სათქმელია, ვიხილავთ თუ არა ბეილს 22 აგვისტოს თბილისში - დიდი შანსია, რომ იმ დროისთვის ეს მართლაც უნიჭიერესი და უნივერსალი ფეხბურთელი სხვა გუნდში, კერძოდ, მადრიდის "რეალში" იყოს გადასული...

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 9 /
კაი რა ნამუსი აგარა დინამოს ხო ბედი არააქ რაგა ტოტენჰემი დაეტაკა ტოტენჰემი რა ბეილი დღეს დღეობი მამლები დინამოს კი არა ბაიერნს მოუგებენ ლონდონში ყველაფერს ბედი უნდა :(
chikhuras fani
12:23 13-08-2013
0
არ უყურეთ ზესტაფონთან რა ითამაშა? ორი კვირის გუნდს ვერ ეთამაშება დალაგებულ ფეხბურთს და ტოტენჰემს რა უნდა ეთამაშოს... არ ვიცი ძმაო, ღმერთმა ყველაფერი კარგად ქნას, მაგრამ 10 პროცენტიანი იმედიც არ მაქვს.. არ არი დღეს დინამო თუნდაც შარშანდელი დინამო... სამი ასე თუ ისე ბურთის გამკატვებელი კაცი ყავდატ და გაყიდეს, რობერტინიო ზამენაზე მაინც შემოდიოდა... ახლა ვინ შემოდის? ვუო?
PARFIUMER
12:45 13-08-2013
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული