იტალიური კლუბების გამოცოცხლება ევროასპარეზზე - სერია A არც ისე მძიმე დღეშია?

AutoSharing Option
იტალიური ფეხბურთის კრიზისზე ბევრს საუბრობენ, მაგრამ ფაქტია, რომ მიმდინარე სეზონში, სერია A-ს ბინადრები ევროარენაზე მშვენივრად ასპარეზობენ.

ყველაფერს რომ თავი დავანებოთ, იტალია ერთადერთი ქვეყანაა ევროპაში, რომელსაც მიმდინარე ევროტურნირებზე არც ერთი გუნდი არ დაუკარგავს. მართალია, "ნაპოლი" ჩემპიონთა ლიგის ჯგუფურ ტურნირზე ვერ მოხვდა, მაგრამ ევროპალიგაზე გადაინაცვლა და იქ შესანიშნავად ასპარეზობს, ხოლო "რომა" ჩემპიონთა ლიგის ჯგუფური ეტაპიდან მოხვდა ევროპალიგის პლეი ოფში.

ჯერჯერობით, ევროპალიგა იტალიური კლუბების ტრიუმფით მიმდინარეობს - მერვედფინალურ ეტაპზე სერია A-ს 5 ბინადარი გავიდა, გასული კვირა კი მართლაც გამორჩეული იყო, როდესაც თავისი შეხვედრა
ხუთივე გუნდმა მოიგო. თანაც, აპენინელებმა ურთულესი მეტოქეები ჩამოიცილეს: "სელტიკი", "ტოტენჰემი", "ფეიენოორდი", "ატლეტიკი" და "ტრაბზონსფორი".

მოულოდნელი იყო ტურინელთა წარმატება, განსაკუთრებით კი, მას შემდეგ, რაც "სტადიო ოლიმპიკოზე" პირველი მატჩი ფრედ დასრულდა, 2:2.

ევროპალიგის მორიგი ეტაპის შემდეგ შედგა მერვედფინალის კენჭისყრაც, რასაც იტალიური კლუბების მესვეურების საინტერესო კომენტარები მოჰყვა:

ჯამპიერო ვენტურა ("ტორინოს" მწვრთნელი): "სეზონი მძიმედ დავიწყეთ და ამას ჰქონდა თავისი ახსნა - ყველაფერს რომ თავი დავანებოთ, ზაფხულში ორი წამყვანი ფეხბურთელი, ალესიო ჩერჩი და ჩირო იმობილე დავკარგეთ. თუმცა შემდეგ მოვუმატეთ და სეზონის დასკვნით ნაწილს ოპტიმალურ ფორმაში ვხვდებით.

ზოგადად, იტალიური კლუბების წარმატება ევროარენაზე ძალიან მნიშვნელოვანია და რაც უფრო წინ წავალთ, მით უკეთესი. ამიტომ ჩემი სურვილი იყო, რომ მერვედფინალში სერია A-ს წარმომადგენელს არ შევხვედროდით და საბედნიეროდ, ასეც მოხდა.

მართალია, "ზენიტი" ძალიან ძლიერი გუნდია, მაგრამ ჩვენ "ატლეტიკთანაც" აუტსაიდერად გვთვლიდნენ".

ანდრეა დელა ვალე ("ფიორენტინას" მფლობელი): "ყველაზე მეტად "რომასთან" თამაში არ მსურდა, მაგრამ კენჭისყრამ ასე ინება. რა გაეწყობა, მაქსიმალურად უნდა მოვინდომოთ, რომ მეოთხედფინალური ეტაპის საგზური მოვიპოვოთ.

"ტოტენჰემის" დამარცხება ნათლად მეტყველებს იმაზე, რომ უმაღლესი მიზნებისთვის ბრძოლა შეგვიძლია. ეს იმის მაგალითიცაა, რომ სერია A არც ისე მძიმე დღეშია. ფაქტია, რომ ინგლისის ერთ-ერთი საუკეთესო გუნდი დამაჯერებლად გავიარეთ".

ჯეიმს პალოტა ("რომას" პრეზიდენტი): "როტერდამული მატჩი არ დამავიწყდება, რადგან არასდროს მინახავს, გუნდს ასეთ მტრულ გარემოში ეთამაშოს. ტრიბუნებზე საშიში გარემო იყო და მადლობა ღმერთს, ყველაფერი მშვიდობიანად დასრულდა. ასეთ გარემოში წარმატების მიღწევა განსაკუთრებული მოვლენაა.

იტალიური გუნდების წარმატება ძალიან მნიშვნელოვანია, უეფას საკლუბო რეიტინგში ქულები გვჭირდება და ეს სეზონი პროგრესული უნდა იყოს. "ფიორენტინასთან" თამაში არ გვსურდა, მაგრამ წილისყრამ ასე ინება და ვერაფერს შევცვლით".

კარლო ტავეკიო (იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი): "ღრმად ვარ დარწმუნებული, რომ იტალიური ფეხბურთი მალე დაიბრუნებს ძველ დიდებას. მიმდინარე სეზონში, ჩვენი გუნდები შესანიშნავად ასპარეზობენ.

მართალია, ჩემპიონთა ლიგაზე მხოლოდ "იუვენტუსი" შემორჩა, მაგრამ ვფიქრობ, რომ ფინალში გავა; აი, ევეროპალიგაზე კი აშკარად ვდომინირებთ.

საკლუბო რეიტინგში ქულები ჰაერივით გვჭირდება და ყველას მოვუწოდებ, რომ საერთაშორისო ასპარეზს პრიორიტეტული მნიშვნელობა მიანიჭონ".

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული