ევროპალიგა. 1/2-ფინალი. საპასუხო მატჩების წინ: კლოპს ბაზელამდე კიდევ ერთი სასწაული სჭირდება

AutoSharing Option
დღეს ევროპალიგის ფინალისტთა ვინაობა გვეცოდინება. ბაზელის "იაკობ პარკი" ელის დღევანდელი ნახევარფინალის გამარჯვებულებს. ფინალი კი 18 მაისს გაიმართება.

ბაზელში მოხვედრა ძალიან სურს იურგენ კლოპს. ამ შემთხვევაში მისი სადებიუტო სეზონი "ლივერპულში" წარუმატებლად არ ჩაითვლება. მაგრამ შვეიცარიის საგზურის მოპოვებას გერმანელი სპეციალისტისგან კიდევ ერთი სასწაული სჭირდება. "ვილიარეალი" ესპანური სკოლის ძნელად გასატეხი წარმომადგენელია. როცა "ყვითელი წყალქვეშა ნავი" უპირატესობას იღებს, ის ლამის ისევე ძნელი დასაძლევია, როგორც "ატლეტიკო".

ეს უპირატესობა კი "სუბმარინომ" პირველი მატჩის კომპენსირებულ დროში მიიღო, როცა გამოცდილმა ფორვარდმა ადრიან ლოპესმა შეხვედრის ერთადერთი გოლი გაიტანა.

მაგრამ
"ლივერპულის" მხარეს უდიდესი უპირატესობაა - "ენფილდი"! მოგეხსენებათ, მანამდე ამ გუნდებს არასოდეს უთამაშიათ ერთმანეთთან, თუ არ ჩავთვლით ამხანაგურ მატჩს.

"ლივერპული" ესპანურ კლუბებს ევროთასებზე 33-ჯერ შეხვდა. ინგლისელებმა 13 მატჩი მოიგეს, 10 კი დათმეს. "ვილიარეალი" კი 14-ჯერ დაუპირისპირდა ინგლისურ კლუბებს - 4 მოიგო და ამდენივე წააგო. "ვილიარეალთან" თამაშამდე "ლივერპული" ერთადერთი გუნდი იყო, რომელიც ევროპალიგას ჯგუფური ეტაპიდან წაუგებლად მოჰყვებოდა და ეს სერია 12 მატჩი გრძელდებოდა.

სერია ლოპესის გოლმა შეწყვიტა. ახლა სწორედ "ვილიარეალის" წაუგებელი სერიაა 12-მატჩიანი. ესპანელთა მცველი ვიქტორ რუისი და ინგლისელთა მეკარე სიმონ მინოლე ევროპალიგაზე შემორჩენილი ორადორი ფეხბურთელია, რომელთაც ტურნირის ყოველი წუთი (ჯგუფური ეტაპიდან დაწყებული) ითამაშეს, ანუ 1 170 წუთი.

"პირველი მატჩის შედეგი უნდა მივიღოთ, როგორც სამართლიანი, რადგან ჩვენი თამაში არ იყო საუკეთესო ხარისხის. მე, ცოტა არ იყოს, გულდაწყვეტილი ვარ, რადგან ჩვენი თამაში რომ გვეთამაშა, ალბათ, დავამარცხებდით "ვილიარეალს". მაგრამ პრობლემაც ეგ არის, რომ ჩვენი თამაში ვერ ვითამაშეთ. ხუთშაბათს უკეთ გავირჯებით", - განუცხადა კლუბის ოფიციალურ საიტს 48 წლის კლოპმა.

გასულ უქმეებზე "წყალქვეშა ნავმა" ორი ტორპედოთი ჩაძირა "ვალენსია" დერბიში და გაინაღდა მე-4 ადგილი, ანუ ჩემპიონთა ლიგის პლეი ოფში თამაში.

"სეზონის განმავლობაში ხშირად ვიყენებდი როტაციას. ასე იყო "ვალენსიასთანაც". ჩვენ ყველა ფეხბურთელს ვენდობით", - განაცხადა 50 წლის მარსელინომ. ისიც საომრად არის განწყობილი და არაფრის დათმობას არ აპირებს "ენფილდზე".

"ოპტას" სტატისტიკური მონაცემების თანახმად, ევროპალიგაზე პლეი ოფის რაუნდში პირველი თამაშის 1:0-ით მომგები გუნდების 59% შემდეგ ეტაპზე გადის.

მაგრამ იმავე სტატისტიკის მიხედვით, "წითლებმა" ბოლო ხუთი ევრონახევარფინალიდან სამის "ამოქაჩვა" და შემდეგ ეტაპზე გასვლა შეძლო. "ლივერპული" განსაკუთრებით კარგია საპასუხო მატჩებში "ენფილდზე", ევროთასებზე ბოლო 7 ასეთი შეხვედრა მოიგო და თან ისე, რომ მხოლოდ ერთი გოლი გაუშვა.

"სანჩეს პისხუანზე"
უნაი ემერი განსაკუთრებული მწვრთნელია, ფეხბურთზე შეყვარებული.

"ის ფეხბურთზე შეშლილია, ეს თითქმის ავადმყოფობაა. მისი ხელმძღვანელობით სამი წელიწადი გავძელი, მეოთხეს ვეღარ გავუძელი", - იხსენებს ხოაკინ სანჩესი.

მართლაც, ბასკი სპეციალისტი შესანიშნავი ტაქტიკოსია. მისი დიდი დამსახურებაა, რომ "სევილია" ევროპალიგის მოქმედი გამარჯვებულია და ახლაც ფინალში გასვლის ფავორიტია.

ლვოვში "შახტარმა" დიდებულად იბრძოლა და რომ არა კევინ გამეიროს გვიანი პენალტი, უკრაინელებს ფინალში გასვლის ურიგო შანსი არ ექნებოდათ. 2:2-ის მერე კი "სევილია" ფავორიტია, ყველას მოეხსენება, რა ძნელია ანდალუსიელთა წაქცევა "სანჩეს პისხუანზე".

"საპასუხო ნახევარფინალს დიდი იმედებით ველოდებით. ჩვენი სურვილია, ამ ტურნირზე რაღაც დიდი ჩავიდინოთ. მხოლოდ ერთ მეტოქეზე ვფიქრობთ - "შახტარზე", - განაცხადა უნაი ემერიმ.

"ფინალში გასვლის კარგი შანსი გვაქვს, რადგან სტუმრად თავს კარგად ვგრძნობთ. ბიჭებს კარგად ახსოვთ, რამდენად ალოგიკური იყო "სევილიას" მეორე გოლი. მათ საკუთარი ძალების რწმენა არ აკლიათ. ახლა ის დასანანი გოლი უნდა დავივიწყოთ და შევუტიოთ. ძნელი იქნება, მაგრამ მაინც მგონია, რომ ფინალში გასვლის კარგი შანსი გვაქვს", - ეს "შახტარის" თავკაც მირჩა ლუჩესკუს სიტყვებია.

"სევილიას" ჯერ უკრაინულ გუნდებთან არ წაუგია - 4 მოგება და 2 ფრე. "შახტარი" 22-ჯერ დაუპირისპირდა ესპანურ კლუბებს. აქედან გუნდმა მხოლოდ 4 მოიგო და 12 წააგო.

ხუთშაბათი. 5 მაისი
სევილია-შახტარი 23:05 (2:2)
დისკვალიფიკაცია: - ფრედი
ტრავმა: კრონ-დელი, რეიესი - აზევედო, დენტინიო (?), გლადკი (?)
სავარაუდო შემადგენლობები
სევილია (4-2-3-1): სორია- კოკე, რამი, კარიშო, ესკუდერო - ნ'ზონზი, კრიხოვიაკი - ვიტოლო, ბანეგა, კონოპლიანკა - გამეირო
შახტარი (4-2-3-1): პიატოვი - სრნა, კუჩერი, რაკიცკი, ისმიალი - სტეპანენკო, მალიშევი - ტაისონი, კოვალენკო, მარლოში - ფერეირა
მსაჯი: ბიორნ კუიპერსი (ჰოლანდია)

ლივერპული-ვილიარეალი 23:05 (0:1)
დისკვალიფიკაცია: სახო -
ტრავმა: ჯანი, გომესი, ჰენდერსონი, ინგსი, ორიჯი, როსიტერი - ლეო ბაპტიშტაო, ბაილი (?)
სავარაუდო შემადგენლობები
ლივერპული (4-3-3): მინოლე - კლაინი, შკრტელი, ლოვრენი, მორენო - მილნერი, ლეივა, ალენი - კოუტინიო, ფირმინო, სტარიჯი
ვილიარეალი (4-4-2): არეოლა - რუკავინა, მუსაჩო, ბონერა, მარინი - სამუ, ბრუნო, ტრიგეროსი, კასტილიეხო - ა. ლოპესი, სოლდადო
მსაჯი: ვიქტორ კასაი (უნგრეთი)

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული