ევროპალიგა. I ტურის წინ: იქ, სადაც "მანჩესტერი" დებიუტანტია

AutoSharing Option
* ჯგუფურ ეტაპზე ევროპის 21 ქვეყნის 48 გუნდი ითამაშებს.
* 13 კლუბი ჯგუფურ ეტაპზე ისტორიაში პირველად ითამაშებს, მათ შორისაა "მანჩესტერ იუნაიტედი".
* სხვა დებიუტანტები არიან: ასტანა, სელტა, დანდალკი, ბეერ შევა, კონია, მაინცი, ნიცა, ოლიმპიაკოსი, ოსმანლი, სასუოლო, საუთჰემპტონი და ზორია.
* "ოლიმპიაკოსსა" და "მანჩესტერს" ნათამაშები აქვთ ევროპალიგის პლეი ოფში, მაგრამ პირველად არიან ჯგუფურ ეტაპზე, ესეც ამ ფორმატის უცნაურობა.

დღეს ბაქოდან დაიწყება და ევროპის 24 ქალაქში სტარტს აიღებს ევროპალიგის ჯგუფური ეტაპის გათამაშება. ეს ამ მძიმე ქარავანის რიგით 46-ე სტარტია და მერვე მას
მერე, რაც სტრუქტურულად შეიცვალა და უეფას თასის ნაცვლად ევროპალიგა ეწოდა. ყველაფერი კი 24 მაისს უნდა დასრულდეს, სოლნაში (შვედეთი) "მეგობრობის არენაზე".

ჩემპიონის გარეშე, მაგრამ...
ტიტულის მფლობელი "სევილია" ჩემპიონთა ლიგის ჯგუფურ ეტაპზე მონაწილეობს, მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ ანდალუსიური კლუბი ტიტულის დაცვას ვერ შეძლებს - შარშანაც ასე იყო, თუმცა ლიგაზე ხელმოცარული "სევილია" "მშობლიურ" ტურნირზე გადმოერთო და ფინალში იურგენ კლოპის "ლივერპულიც" შეიწირა.

ტურნირზე, რომელსაც პლეი ოფის ეტაპიდან სხვა შეჯიბრებიდან (ჩემპიონთა ლიგა) 8 გუნდი ემატება, ვერ იტყვი, ვინ არის ფავორიტი. თუმცა ჟოზე მოურინიოს "მანჩესტერ იუნაიტედი", რა თქმა უნდა, ყველას თვალში "ეჩხირება". არც "რომა", "ინტერი", "შახტარი" და "ვილიარეალი" დავივიწყოთ.

ქართველები ევროპალიგაზე
საგულშემატკივრო ბოლო წლებთან შედარებით, ცოტა არ გვყავს: უკრაინულ "ზორიაში" თამაშობს ჯაბა ლიპარტია. ქართველის გუნდი ტურნირს თურქული "ფენერბაჰჩეთი" იწყებს. ვენის "რაპიდის" ღირსებას დაიცავს (მას ოფიციალური დებიუტი ჯერ არ ჰქონია) გიორგი ქვილითაია.

"რაპიდი" თორნიკე ოქრიაშვილის ყოფილ გუნდ "გენკს" მასპინძლობს. აზერბაიჯანული "გაბალას" ერთ-ერთი ლიდერია ნიკა კვეკვესკირი. "გაბალა" ბრიუსელში "ანდერლეხტს" სტუმრობს. გვყავს ქართველი მწვრთნელიც - შოთა არველაძის "მაკაბი" რუსულ "ზენიტს" მასპინძლობს.

სამწუხაროდ, დონეცკის "შახტარის" გიორგი არაბიძე და "კრასნოდარის" ახალწვეული ოქრიაშვილი ევროპალიგის განაცხადში არ არიან. თეორიულად ჯგუფურ ეტაპზე თამაში შეუძლიათ "გენტის" ქართველ ახალგაზრდებს - ჯიმი ტაბიძეს და გიორგი ბერიძეს, რომლებიც "გენტის" დუბლებში ირიცხებიან.

დაბრუნებები და დებიუტები
ევროპალიგას დიდი სახელები უბრუნდებიან - ჟოზე მოურინიო, ზლატან იბრაჰიმოვიჩი, მარიო ბალოტელი... როტერდამში "იუნაიტედი" ისტორიაში პირველად ითამაშებს ევროპალიგის ჯგუფურ ეტაპზე.

სტუმართა მწვრთნელმა ჟოზე მოურინიომ ამ ტურნირზე (მაშინ უეფას თასი ერქვა) ბოლოს მაშინ გაიყვანა გუნდი, როცა მისმა "პორტუმ" ფინალი მოიგო და თასი დაისაკუთრა.

ეს კი შორეულ 2003 წელს მოხდა. მას მერე ჟოზეს თამასა ევროთასებზე ჩემპიონთა ლიგის დაბლა არ დაშვებულა. თუ ზლატანი ითამაშებს, ეს მისი პირველი თამაში იქნება ტურნირზე 2001 წლის მერე! მაშინ იბრა "ფეიენოორდის" დაუძინებელი მტრის, "აიაქსის" ფეხბურთელი იყო. ასე რომ, შვედს თბილად არავინ დახვდება.

ამ რამდენიმე დღის წინათ, "ნიცას" პრეზიდენტმა ჟან-პიერ რივიერმა თქვა: "ვიცით, ეს რამხელა რისკია, მაგრამ შეგნებულად მივდივართ ამ ნაბიჯზე და გვიხარია". ბუნებრივია, ის მარიო ბალოტელის ტრანსფერს გულისხმობდა.

ყველაფერი ფანტასტიკურად დაიწყო - ლიგა 1-ის დებიუტი ბალომ "მარსელის" კარში დუბლით აღნიშნა. "ნიცა" "შალკეს" ხვდება, რომლის რიგებშიც ამ ტურნირის ყველა დროის ბომბარდირი კლაას-იან ჰუნტელაარი თამაშობს, რომელსაც მთლიანად ევროთასებზე 49 გოლი აქვს გატანილი. თუ ის დღეს შეაგდებს, მხოლოდ მე-14 ფეხბურთელი გახდება, ვინც ევროთასებზე 50 გოლის გატანა მოახერხა.

უხუცესი მწვრთნელი მირჩა ლუჩესკუ ამჯერად, რუსულ "ზენიტს" გაიყვანს ევროპალიგის მოსაგებად. რუმინელმა 2009 წელს ტიტული უკვე მოუტანა უკრაინულ "შახტარს". "კარგად ვიცი ჩემი გუნდის პოტენციალი, "ზენიტის" სათამაშო სტილი და მისი ფანების თავდადება. ჩვენ დიდი ევროპული ამბიცია გვაქვს", - აცხადებს "მისტერი".

საინტერესო ციფრები
140 - დარიო სრნას (შახტარი) მატჩების რაოდენობა ევროთასებზე. საუკეთესო მაჩვენებელი მონაწილეთა შორის.

51 - ზლატან იბრაჰიმოვიჩის (მანჩესტერი) გოლების რაოდენობა ევროთასებზე. საუკეთესო მაჩვენებელი მონაწილეთა შორის.

214 - მირჩა ლუჩესკუს (ზენიტი) მატჩების რაოდენობა ევროთასებზე. საუკეთესო მაჩვენებელი მონაწილე გუნდების მწვრთნელებს შორის.

51 - რაულ გარსია (ბილბაო) მატჩების რაოდენობა ევროპალიგაზე (უეფას თასზე). საუკეთესო მაჩვენებელი მონაწილეთა შორის.

29 - კლაას-იან ჰუნტელაარის (შალკე) გოლების რაოდენობა ევროპალიგაზე (უეფას თასზე). საუკეთესო მაჩვენებელი მონაწილეთა შორის.

55 - ერნესტო ვალვერდე (ბილბაო) მატჩების რაოდენობა ევროპალიგაზე (უეფას თასზე). საუკეთესო მაჩვენებელი მონაწილე გუნდების მწვრთნელებს შორის.

39 - ფრანჩესკო ტოტი (რომა) ყველაზე ხანდაზმული მონაწილეა.

71 - მირჩა ლუჩესკუ ყველაზე ხანდაზმული მწვრთნელია.

35 - იანიკ ფერერა (სტანდარდი) ყველაზე ახალგაზრდა მწვრთნელია.

4 - ამდენი კლუბი ჰყავს ჯგუფურ ეტაპზე ბელგიას და იტალიას.

86 - ჯგუფურ ეტაპზე ამდენი ქვეყნის წარმომადგენელი ითამაშებს.

99 - ყველაზე მეტი ფეხბურთელი ჰოლანდიიდანაა.

15 სექტემბერი
A ჯგუფი
ფეიენოორდი-მანჩესტერი 21:00
ზორია-ფენერბაჰჩე 21:00

B ჯგუფი
იანგ ბოისი-ოლიმპიაკოსი 21:00
აპოელ-ასტანა 21:00

C ჯგუფი
მაინცი-სენტ ეტიენი 21:00
ანდერლეხტი-გაბალა 21:00

D ჯგუფი
ალკმაარი-დანდალკი 21:00
მაკაბი-ზენიტი 21:00

E ჯგუფი
პლზენი-რომა 21:00
ასტრა-აუსტრია 21:00

F ჯგუფი
რაპიდი-გენკი 21:00
სასუოლო-ბილბაო 21:00

G ჯგუფი
სტანდარდი-სელტა 23:05
პანათინაიკოსი-აიაქსი 23:05

H ჯგუფი
კონია-შახტარი 23:05
ბრაგა-გენტი 23:05

I ჯგუფი
ზალცბურგი-კრასნოდარი 23:05
ნიცა-შალკე 23:05

J ჯგუფი
ყარაბაღი-ლიბერეცი 19:00
პაოკ-ფიორენტინა 23:05

K ჯგუფი
ინტერი-ბეერ შევა 23:05
საუთჰემპტონი-სპარტა 23:05

L ჯგუფი
ოსმანლი-სტიაუა 23:05
ვილიარეალი-ციურიხი 23:05

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 3 /
წაკითხულიდან შინაარსის გამოტანის სერიოზული პრობლემა გაქვს როგორც ვატყობ
უწერიათ ევროპალიგის ჯგუფურ ეტაპზე აქვს მანჩესტერს დებიუტი და ისიც უწერიათ რომ პლეი ოფში უკვე უთამაშიათ
gugas
04:21 16-09-2016
0
სელტასაც არაერთხელ უთამაშია უეფას თასზე, და მაინცსაც უთამაშია
გუგა
15:42 15-09-2016
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული