U19. საქართველო-რუსეთი 1:0 - კიდევ ერთი! [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
საქართველოს 19-წლამდელთა ნაკრებმა გუშინ რუსეთთან მეორე ამხანაგური მატჩი გამართა. რუსებმა მიმდინარე ციკლში წინ ბელგია და ფინეთი გაუშვეს და გათამაშებას გამოეთიშნენ. თბილისში კი მიხაილ გალაკტიონოვის გუნდი იმყოფებოდა, რომელიც 19-წლამდელთა მომავალ შესარჩევ ციკლში ითამაშებს.

პირველი მატჩის მსგავსად, ჩვენებმა ამჯერადაც 1:0 გაიმარჯვეს. ამჯერად კი გიორგი ყიფიანის გუნდს მეტოქემ მეტი წინააღმდეგობა გაუწია.

ჩვენებმა თამაში ამჯერადაც კარგად დაიწყეს, შეტევებს სწრაფად და ერთი შეხებით ავითარებდნენ. მე-15 წუთზე რუსების მცველის გადაცემა მოედნის ცენტრთან ლუკა ლაკვეხველიანმა ჩაჭრა და საჯარიმოსთან გიორგი კოხრეიძე მოძებნა - "საბურთალოს" თავდამსხმელმა მცველი მოძრაობაზე დაიჭირა,
საჯარიმოში გაექცა და კარში ზუსტად დაარტყა - 1:0.

უპირატესობის გაზრდა შალვა ბურჯანაძეს შეეძლო, რომელმაც ლაკვეხველიანის მშვენიერი გადაცემით ახლო მანძილიდან ვერ ისარგებლა. მერე იყო 10-წუთიანი მონაკვეთი, როცა რუსებმა მწვავედ შემოგვიტიეს და მომენტებიც შექმნეს, აშკარა გოლს კი ტაიმის დასასრულს გადავრჩით, როცა კარის წინ მარტო დარჩენილმა დანილ უტკინმა მიზანს ააცილა.

მეორე ნახევარი ყიფიანის გუნდმა აქტიურად დაიწყო, მაგრამ პირველი რეალური მომენტი მაინც სტუმრებმა შექმნეს - მეკარის მიერ მოგერიებული ბურთი მოედნის ცენტრში რუსების ნახევარმცველმა ჩაჭრა და საჯარიმოსთან ალექსანდრ რუდენკო მოძებნა, რომლის დარტყმული კარში კი მიდიოდა, მაგრამ ბურთს ლუკა ლოჩოშვილი გადაეფარა და გადაგვარჩინა. 55-ე წუთზე, კარის წინ კვლავ რუდენკო აღმოჩნდა და მიზანი ვერც ამ ჯერზე გაასწორა...

ერთი სიტყვით, რუსები მწვავედ თამაშობდნენ, მაგრამ რეალურ საგოლე შანსებს უფრო ქართველი ჭაბუკები ქმნიდნენ. 66-ე წუთზე საბა ჯიქიამ საჯარიმოში შეტევა ნიკა კვანტალიანს გაუგრძელა, რომელიც მცველთან ბრძოლაში წაიქცა და არბიტრმა პენალტი დანიშნა, თუმცა თემურ ჩოგაძემ ბურთი კარს ააცილა.

ამან ახალგაზრდა ფეხბურთელზე ძალიან ცუდად იმოქმედა და მალე სახიფათო ჯარიმაც მეტისმეტად არაზუსტად შეასრულა. ჩოგაძეს თავის გამოჩენა ბოლო წუთზეც შეეძლო, როცა თამაშში კარგად ჩართულმა ნიკა ნინუამ მშვენიერი ფლანგური გადაცემით კარის წინ ბურთი თავზე დაასვა, მაგრამ...

ჩოგაძემ მაინც არ ჩამოყარა ყურები და ბოლო წამებზე მშვენიერი მომენტი არაფრიდან შექმნა - რუსების მეკარეს "მოპარა" ბურთი და ჯიქია მოძებნა, თუმცა პოლონური "რუხის" მოთამაშემ სუსტად დაარტყა და მცველმა ბურთი ხაზიდან გამოიტანა.

ბოლოს ისევ ჩვენ გადავრჩით, როცა ვიაჩესლავ გრულევმა ახლო მანძილიდან თავით დაარტყა, მაგრამ ლუკა გუგეშაშვილმა მშვენიერი რეაქცია გამოავლინა.

დაბოლოს - საქართველო ევროპის ჩემპიონატზე მასპინძლის რანგშია და შესარჩევის გარეშე ითამაშებს. ინგლისი კი პირველი ნაკრებია, რომელმაც ფინალური ეტაპის საგზური მოიპოვა - ბრიტანელებმა ესპანეთი 3:0 დაამარცხეს და ჯგუფში ჩატოვეს.

U19. ამხანაგური მატჩი
27.03. თბილისი. "მიხეილ მესხი" (სათ)
საქართველო-რუსეთი 1:0
გოლი: 1:0 კოხრეიძე (16. ლაკვეხველიანის პასით)
გამოუყენებელი პენალტი: ჩოგაძე (66. კარს ააცილა)
საქართველო: გუგეშაშვილი - მალი, ბურჯანაძე, ლოჩოშვილი, ლაკვეხელიანი (46. კახიძე) - კუცია (61. ნ. ნინუა), სამურკასოვი (61. ა. ნინუა) - საღრიშვილი (46. ჩოგაძე), ჩაკვეტაძე (46. ფოჩხუა), არდაზიშვილი (46. კვანტალიანი) - კოხრეიძე (46. ჯიქია).
მწვრთნელი: გიორგი ყიფიანი
რუსეთი: ბოგატირიოვი (62. ლომაევი), ს. უტკინი, გოლუბევი, ბოროდინი (62. ლაპშოვი), გორშკოვი (62. ვებერი), დ. უტკინი (69. პოლიკოვი), იგნატიევი, სულეიმანოვი (56. გლუშენკოვი), ევგენიევი, პოიარკოვი (69. ციპჩენკო), რუდენკო (56. გრულევი).
მწვრთნელი: მიხაილ გალაკტიონოვი
გაფრთხილებები: გოლუბოვი (33), პოიარკოვი (45), გლუშენკოვი (90+3)
არბიტრი: გიორგი კიკაჩეიშვილი.

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 1 /
ჩოგაძე კარგი ბიჭია,ეგეთი რაღაცეები დიდ ფეხბურთშიც ხდება.მართლა ბოლომდე იბრძოდა მაგრამ არ გაუმართლა. წარმატებები ბიჭებს და გიორგი ყიფიანს.
კახი
16:40 29-03-2017
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული