ირაკლი კვეკვესკირი: ენა არ ვიცი კარგად, მაგრამ გული მაქვს ქართული

AutoSharing Option
ოთარ გაბელიამ ავსტრიაში გასამგზავრებელ ფეხბურთელთა შორის ორი კვეკვესკირი მიიწვია: თბილისის დინამოელ ნიკა კვეკვესკირს ჩვენი გულშემატკივარი მეტ-ნაკლებად იცნობს, უნგრეთის პირველი ლიგის ლიდერ “პეჩის” 21 წლის წევრის, ირაკლი კვეკვესკირის შესახებ კი ბევრი არაფერია ცნობილი.

ირაკლის უნგრეთში დავუკავშირდით და ინტერვიუ ჩამოვართვით, თუმცა რუსულად ვისაუბრეთ, რადგან ქართული კარგად არც იცის.

- ჯერ შენი თავი გავაცნოთ გულშემატკივრებს. სად გაიზარდე, სად ვარჯიშობდი და თამაშობდი.
- 12 მარტს 21 წლის გავხდი. დავიბადე აფხაზეთში, გალელი ვარ, ომის შემდეგ ჩემი ოჯახი მოსკოვში დასახლდა და 11 წლიდან მოსკოვის “დინამოს” სკოლაში
ვვარჯიშობდი. რაც შეეხება ჩემს კარიერას, მოსკოვის “დინამოს” დუბლშემადგენლობაში ვთამაშობდი, 2009 წლიდან ერთი სეზონი კრასნოდარის “ყუბანში” გავატარე, უნგრეთში კი 2010 წელს გადმოვედი და დღემდე აქ ვთამაშობ.

- უნგრეთში როგორ აღმოჩნდი?
- არ ვიცი რატომ, მაგრამ მენეჯერმა წამიყვანა.

- წასვლა არ გსურდა?
- არ მსურდა, მაგრამ იყო მიზეზები, რასაც ანგარიში გავუწიე, მაგრამ ახლა ერთი სული მაქვს, უნგრეთს როდის დავტოვებ.

- “პეჩთან” კონტრაქტი მალე გიმთავრდება?
- სეზონის დასრულების შემდეგ თავისუფალი ვიქნები.

- რუსეთში რატომ არ დარჩი, პრობლემები გქონდა?
- პრობლემა ის იყო, რომ ყელში ამომივიდა უსამართლობა, რომელთან ბრძოლას აზრი არ აქვს.

- ასეთ რა უსამართლობას წააწყდი?
- ყველაფერს წყვეტს ფული, მენეჯერის ინტერესი და არა ის, როგორ თამაშობ. მაგრამ ეს არა მხოლოდ რუსული, ალბათ, ყველა ქვეყნის ფეხბურთის პრობლემაა. ბევრი ვერაფერი ფეხბურთელია, მაგრამ გავლენიანი მენეჯერები ჰყავთ და ათამაშებენ, უფრო ძლიერების ნაწილი კი იჩაგრება, რადგან მენეჯერებთან ურთიერთობა არ სურთ. სამწუხაროდ, ფეხბურთში აგენტების გავლენა უაზრობამდეც მიდის. ყველაფერს კარგად ვხედავდი და ვგრძნობდი, რომ შეგუება არ შემეძლო. მაგრამ არაფერია, ღმერთი ყველაფერს ხედავს.

- როგორც ვხვდები, ლაპარაკი უნდა იყოს კრასნოდარის “ყუბანზე - ხელი შეგიშალეს?
- მთავარ გუნდში ვვარჯიშობდი და ძირითადში დამკვიდრების იმედი მქონდა. მაგრამ, როდესაც თავის გამოჩენის შანსზე მიდგებოდა საქმე, სულ მესმოდა, “ხვალ, ხვალ, ხვალ”, არადა, დრო გადიოდა, ეს “ხვალ” არ დგებოდა და როდემდე მეთმინა? დუბლებში სეზონი თითქმის სრულად და შეუცვლელად ჩავატარე, მხოლოდ ოთხი შეხვედრა გამოვტოვე ყვითელი ბარათების გამო. შესაძლოა, სიფიცხე და მოედანზე საკმაო სიხისტე ხელს მიშლიდა.

- ხისტი მოთამაშე ხარ?
- შეიძლება ითქვას, საკმაოდ ხისტიც.

- სისხლი მაინც თავისას შვრება?
- ასეა, ჩემთვის სხვანაირად წარმოუდგენელია.

- მაგრამ არ იცი ქართული.
- როგორ არ ვიცი, უბრალოდ, ცუდად ვლაპარაკობ, მეგრულიც მესმის. უნდა გამიგოთ, მოსკოვში, რუსების გარემოში გავიზარდე, ქართველებთან ხშირი ურთიერთობა არ მქონდა, ენას კი სხვაგვარად ვერ აითვისებ. თუმცა მთავარია, რომ გული მაქვს ქართული. ნაკრებში ჩამოსვლით და ბიჭებთან ურთიერთობით ეს პრობლემა მოგვარდება.

- სანაკრებო სიაში შენი გვარი ნახევარმცველებშია. ზუსტად რომელ პოზიციაზე თამაშობ?
- უფრო მარცხენა მცველად მათამაშებენ, თუმცა “პეჩში” საყრდენი ნახევარმცველის პოზიციაზეც ხშირად მაყენებენ. ასე იყო რუსეთშიც. საერთოდ, სადაც მწვრთნელი დამაყენებს, მეც იქ ვითამაშებ, რადგან მიყვარს თამაში და არა ფეხბურთის სათადარიგოთა სკამიდან ყურება.

- ალბათ, რუსეთის შემდეგ, უნგრეთის პირველ ლიგაში თამაში არც ისე სასიამოვნოა.
- რა თქმა უნდა, ასეა. მაგრამ ფეხბურთში ყველაფერი ხდება, დღეს ზევით ხარ, ხვალ დაეშვები. საჭიროა ბევრი ივარჯიშო და მოითმინო, სხვაგვარად ვერაფერს მიაღწევ.

- ორიოდე წლის წინ თბილისში რომ გნახე, საკმაოდ ტანდაბალი იყავი, ახლა კი მონაცემებში 179 სანტიმეტრი გიწერია.
- ბოლო წელიწადნახევში ტანი საკმაოდ ავიყარე.

- ოთარ გაბელიამ საქართველოს ახალგაზრდულ ნაკრებში მიგიწვია. ალბათ, ჩამოხვალ.
- აუცილებლად, საქართველოს ნაკრებში თამაში ჩემი ნატვრა იყო.

- თუ არ მეშლება, რუსეთის ერთ-ერთ ასაკობრივ ნაკრებშიც გიწვევდნენ.
- სურდათ, რომ რუსეთის 17-წლამდელთა ნაკრებში მეთამაშა, მაგრამ უარი ვუთხარი.

- ბოლო დროს სხვადასხვა ქვეყნის ნაკრებში ბევრ ქართველს უთამაშია და მათთვის ეს პრობლემა არ გამხდარა.
- ქართველი ვარ და მიმაჩნია, რომ უნდა ვითამაშო არა დიდი ქვეყანის ნაკრებში, სადაც ეს უფრო სარფიანია, არამედ ჩემი ქვეყნის ღირსების დასაცავად. ცხადია, კლუბი სხვა საქმეა, 21-ე საუკუნეში ეს მოსულა.

საქართველოს ნაკრებში გამოძახება ჩემთვის ბევრს ნიშნავს. მინდა, საქართველომ მსოფლიოს ფეხბურთში დაიბრუნოს თავისი ადგილი, აღორძინდეს და პატივს გვცემდნენ.

- როგორც მახსოვს, საქართველოს ახალგაზრდული ნაკრების ხელმძღვანელობა შენით ადრეც დაინტერესდა.
- დიახ, პეტარ შეგრტმა და ზაურ სვანაძემ სამი წლის წინაც მიმიწვიეს. ახლა ჯანმრთელად ვარ და შეკრებაზე აუცილებლად გამოვცხადდები. საქართველოს ახალგაზრდული ნაკრების კანდიდატთა სიაში რომ ვიყავი, ეს ჯერ კიდევ ერთი თვის წინ მითხრეს, მაგრამ კლუბში ოფიციალურ მიწვევას ველოდი. დიდი მადლობა მოწვევისთვის, შევეცდები, გაბელიას იმედი გავუმართლო და დავუმტკიცო, რომ ტყუილად არ მენდო, რომ ვიმსახურებ არა მხოლოდ ახალგაზრდულ, არამედ ეროვნულ ნაკრებში თამაშსაც.

- ამბიციური სურვილები გქონია.
- აბა, უნგრეთის პირველ ლიგაში თამაშზე ხომ არ ვიოცნებებ? რაიმეს რომ მაიღწიო, ამბიციური მიზნებიც უნდა დაისახო.

- უნგრულ კლუბში ჯერ მხოლოდ შვიდი შეხვედრა ჩაატარე. ძირითადში იშვიათად გათამაშებენ?
- მწვრთნელი კი მენდობა, მაგრამ ბოლო დროს უიღბლობა დამჩემდა. რამდენჯერმე დავშავდი და დრო გამიცდა, ცხადია, ტრავმირებული ვერ ვითამაშებდი. საბედნიეროდ, ახლა ჯანმრთელად ვარ. ტრავმებს ხელი რომ არ შეეშალა, ახლა ბევრად სოლიდურ კლუბში ვითამაშებდი. მაგრამ არაფერია, ყველაფერი წინ მაქვს.

- ტრავმა კი მოირჩინე, მაგრამ “ტატაბანიასთან” წითელი ბარათით სამმატჩიანი დისკვალიფიკაცია დაგიმსახურებია. ისევ სისხლმა გიყივლა?
- ფიცხი კი ვარ, მაგრამ “ტატაბანიასთან” საგანგაშო ისეთი არაფერი მომხდარა, ჯარიმასაც არ ვიმსახურებდი, მაგრამ უნგრეთში ისეთი სიმულიანტები არიან, კატასტროფაა. პატარაზე შეეხები და უცებ ტირიან. ორი მატჩი უკვე გამოვტოვე, მესამეზე კი დიდად არც ვდარდობ, რადგან მატჩი იმ დროს არის, როდესაც საქართველოს ახალგაზრდული ნაკრების შეკრებაზე ვიქნები.

- უცნაურია, “პეჩი” პირველ ადგილზეა, მაგრამ გუნდის მთავარი მწვრთნელი ლასლო კისი მოხსნეს.
- ასეთი პრეზიდენტი გვყავს, არ ვიცით, რა უნდა. თუმცა, დარწმუნებული ვარ, გუნდი ჩემპიონატს მაინც პირველ ადგილზე დაასრულებს და უნგრეთის უმაღლეს ლიგაში გადავა.

- რომელიმე ქართველ ფეხბურთელს თუ იცნობ?
- კი რა თქმა უნდა. “დიორის” ქართველებთან ვახლობლობ. მათ გარდა, კარგად ვიცნობ კაკუბავას, ბჟალავას, მაკარიძეს, გვაზავას. ბევრ სხვასაც ვიცნობ, მაგრამ ასე ახლო ურთიერთობა არ მაქვს.





.
მკითხველის კომენტარები / 1 /
აი შენ გენაცვალე.. :)
mentalitet
22:43 19-03-2011
1

სიახლეები პოპულარული