ყაზახეთში სომხეთით დავიწყებთ

AutoSharing Option
საქართველოს 17-წლამდელთა ის ნაკრები, რომელსაც კობა ჟორჟიკაშვილი წვრთნიდა, უკვე ისტორიის საკუთრებაა. შეგახსენებთ, ჟორჟიკაშვილის გუნდმა ევროპის ჩემპიონატის პირველ შესარჩევ ეტაპზე, რომელიც თბილისში ჩაატარა, შთამბეჭდავად და დაუმარცხებლად იასპარეზა, საფრანგეთში გამართულ ელიტრაუნდში კი ძალიან სუსტად ითამაშა და სამივე მატჩი წააგო.

ახლა კი 17-წლამდელთა ახალი თაობის დროა. შეგახსენებთ, ვასილ მაისურაძის გუნდი პირველ საკვალიფიკაციო ეტაპზე შვედეთის, ბულგარეთის და მოლდოვის ნაკრებების წინააღმდეგ ითამაშებს, ჯგუფის მატჩებს კი მოლდოვა უმასპინძლებს.

მაისურაძესა და მის ასისტენტებს ეს თაობა გასული წლის დასაწყისში ჩააბარეს და სელექციის პროცესიც დაიწყო. ნაკრების სამწვრთნელო შტაბმა საქართველოს
ყველა რეგიონი მოიარა და არაერთ კანდიდატს დააკვირდა. 17-წლამდელებში ახალი სახეების გამოჩენა ჯერაც არ არის გამორიცხული, მაგრამ ოფიციალურ მატჩებამდე არცთუ ბევრი დრო დარჩა და გუნდის ბირთვიც უკვე ჩამოყალიბებულია.

მიმდინარე წელი კი 17-წლამდელთა ახალი თაობისთვის საინტერესო მოვლენებით შარშანდელზე დატვირთულია. იანვრიდან მოყოლებული, ყოველ უქმეებზე ტარდებოდა საკონტროლო მატჩები, სადაც მწვრთნელები ახალ კანდიდატებს აკვირდებოდნენ. ისინი თავიდანვე შეაშფოთა იმან, რომ ამ ასაკში ნიჭიერი ბიჭები მხოლოდ დედაქალაქში მოიძებნებიან. დღეისთვის ნაკრების კანდიდატთა აბსოლუტური უმრავლესობა თბილისის საფეხბურთო სკოლებს წარმოადგენს, შეკრებაზე რეგიონელებიდან მხოლოდ ორი ზუგდიდელია.

მიზეზთა გამო, ზამთარში ნაკრებისთვის შეკრების მოწყობა ვერ მოხერხდა, მაგრამ, სამაგიეროდ, ნაკრების წევრებსა თუ კანდიდატებს ერთად ყოფნის საშუალება თურქეთის საერთაშორისო ტურნირზე მიეცათ. მწვრთნელთა შეფასებით, გუნდმა "კუშადასის თასზე" ნორმალური ხარისხის ფეხბურთი აჩვენა. შეგახსენებთ, რვაგუნდიან თურქულ ტურნირზე საქართველოს ნაკრებმა მეორე ადგილი დაიკავა.

შემდეგი საერთაშორისო შეჯიბრება კი ქართველ 17-წლამდელებს ყაზახეთში ელით. საქართველოს ნაკრები იქ 23 აპრილს გაემგზავრება. "პრეზიდენტის თასზე" ჩვენი და მასპინძელთა 17-წლამდელების გარდა, უკრაინის, თურქეთის, სომხეთის, აზერბაიჯანის, ირანისა და უზბეკეთის ნაკრებები ითამაშებენ.

ყაზახეთში გამგზავრებამდე კი ნაკრები ზუგდიდშია, სადაც "ბაიას" ბაზაზე გადის შეკრებას. "ახალს არაფერს ვიტყვი, თუ კიდევ ერთხელ გავუსვამ ხაზს "ბაიას" ბაზის შესანიშნავ მდგომარეობას. აქ მოსამზადებლად სრულყოფილი პირობები გვაქვს", - ამბობს მაისურაძე.

ზუგდიდში მან 21 ფეხბურთელი იახლა. შეკრებაზე ვერ წავიდნენ თბილისის "ლოკომოტივის" წევრები, რადგან ისინი საკუთარ გუნდთან ერთად ბარსელონის საერთაშორისო ტურნირზე იმყოფებიან და ვისაც მათგან მაისურაძე "პრეზიდენტის თასისთვის" შეარჩევს, ისინი ნაკრებს პირდაპირ ყაზახეთში შეუერთდებიან.

ტურნირის რეგლამენტით, თითოეულ გუნდს განაცხადში მხოლოდ 16 ფეხბურთელის (მათ შორის ორი მეკარის) შეყვანის უფლება აქვს. საქართველოს ნაკრების 16-კაციანი განაცხადი შეკრების ბოლოს დადგინდება. მანამდე ზუგდიდში გუნდი საკონტროლო მატჩებს ჩაატარებს და სამწვრთნელო შტაბი გადაწყვეტილებას ამ თამაშებზე დაყრდნობით მიიღებს.

უკვე ცნობილია "პრეზიდენტის თასის" კალენდარი და ჯგუფში ჩვენი მეტოქეების ვინაობა. ტურნირს 26 აპრილს სომხეთის ნაკრებთან მატჩით გავხსნით, 27-ში ჩვენი მეტოქე თურქეთი იქნება, 29-ში კი ჯგუფურ ეტაპს უკრაინელ 17-წლამდელებთან მატჩით დავასრულებთ. მეორე ჯგუფში ყაზახეთი, უზბეკეთი, აზერბაიჯანი და ირანი ითამაშებენ. ტურნირის ფინალი 1-ელ მაისს გაიმართება და იქ ჯგუფების გამარჯვებულები გავლენ, მეორეადგილოსნები კი მესამე ადგილისთვის იბრძოლებენ.

გუნდის წევრთა უმრავლესობას საზღვარგარეთ თამაშის გამოცდილება არ აქვს და კარგია, რომ შესარჩევი ტურნირის დაწყებამდე საერთაშორისო ტურნირებზე გამგზავრება ხერხდება. აგვისტოში გასამართ პალანგის ტრადიციულ ტურნირზე წასვლა უკვე გადაწყვეტილია. როგორც იცით, საქართველოს ამ ასაკის ნაკრებები იქ ყოველ წელს ჩადიან და წარმატებასაც ხშირად აღწევენ.

თურქული ტურნირის შემდეგ მაისურაძემ გუნდის მთავარ ნაკლად არასახარბიელო ფიზიკური მომზადება დაასახელა. როცა ამ კომპონენტზე ვკითხეთ, გვიპასუხა: "ათდღიანი შეკრების ფარგლებში პრობლემების კომპლექსურად გადაჭრა წარმოუდგენელია, მაგრამ ფიზიკურ მომზადებაში სასიკეთო ძვრები მაინც შეინიშნება. სწორი მუშაობისა და სათანადო ხელშეწყობის შემთხვევაში ეს თაობა ბევრს მიაღწევს."








.






მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული