ბაჩანა არაბული - "რეალის" ქომაგი ინგლისური ოცნებით

AutoSharing Option
შარშან, შემოდგომაზე თბილისში ევროპის 17-წლამდელთა ჩემპიონატის შესარჩევი ტურნირი გაიმართა, სადაც ქართველმა ქომაგმა კიდევ ერთი ამომავალი ვარსკვლავი გაიცნო.

საქართველოს ნაკრების თავდამსხმელმა ბაჩანა არაბულმა სამივე მატჩი უმაღლეს დონეზე ჩაატარა და ეფექტური თამაშითა და გოლებით ჩვენი გუნდის ელიტრაუნდში გასვლაში ლომის წილი დაიდო.

საფრანგეთში მარტში გამართულ ელიტრაუნდში კი კობა ჟორჟიკაშვილის გუნდმა არაბულის გარეშე ითამაშა - ნანტში გამგზავრებამდე ორიოდე დღით ადრე იგი ვარჯიშისას დაშავდა და ნაკრებს გამოაკლდა. მის გარეშე ქართველმა 17-წლამდელებმა ელიტრაუნდში უსახურად ითამაშეს - სამივე მატჩი ისე წააგეს, ერთი გოლიც არ გაუტანიათ.

არაბულს ჯერ
ჯანმრთელობის მდგომარეობაზე დავევკითხეთ, შემდეგ კი სამომავლო პერსპექტივებზე ველაპარაკეთ.

- დიაგნოზი როგორი იყო?
- ჯვარედინი იოგები 70-80 პროცენტით გამიწყდა. ბეწვზე ვარ გადარჩენილი. იოგების სრულად გაწყვეტის შემთხვევაში ოპერაცია დამჭირდებოდა და მოედანს საუკეთესო შემთხვევაში ექვსი თვის შემდეგ დავუბრუნდებოდი. მერე კი, კაცმა არ იცის, როდის აღვიდგენდი ფორმას. ნაკრებსმიღმა დარჩენამ გული ძალიან კი დამწყვიტა, მაგრამ, მეორე მხრივ, მიხარია, რომ ბედმა არ გამწირა და თამაშს უახლოეს პერიოდში შევძლებ.

- კონკრეტულად როდისთვის ვარაუდობ თამაშის განახლებას?
- სეზონი დასასრულს უახლოვდება, სანაკრებო თამაშებიც ჯერ არ მელის, ასე რომ, საჩქარო არაფერია. აჩქარებას ბევრი ფეხბურთელისთვის გაუფუჭებია საქმე და არ მინდა, მეც ასე დამემართოს. ვარჯიშს დაახლოებით ორ კვირაში შევუდგები, თამაშს კი - ცოტა მოგვიანებით. ძველ ფორმასაც მალე აღვიდგენ და ახალ სეზონს სრული მზადყოფნით შევხვდები. ამჟამად კი თბილისში ინტენსიურ სამედიცინო პროცედურებს გავდივარ და სატრენაჟორო დარბაზსაც ხშირად ვაკითხავ, რათა ორგანიზმი არ მოდუნდეს და წონის პრობლემები არ შემექმნას. ტკივილები ჯერ კიდევ მაწუხებს, მაგრამ ყველაფერი უკეთესობისკენ მიდის.

- მოედანზე დაბრუნების შემდეგ ფსიქოლოგიური პრობლემები ან ტრავმის განმეორების შიში ხომ არ გექნება?
- თამაშს მაშინ განვაახლებ, როცა ზუსტად მეცოდინება, რომ ფეხი სრულად მოვირჩინე. ასაკის მიუხედავად, საკმაოდ მყარი ფსიქიკა მაქვს და ძველებურად ვითამაშებ, მოედანზე ბოლომდე დავიხარჯები და არც ორთაბრძოლებს მოვერიდები. თან ეს ტრავმა ჩემთვის პირველი არ არის და ამგვარ სიტუაციებს მიჩვეული ვარ.

- ტრავმის პერიოდში მკურნალობის გარდა რით ხარ დაკავებული?
- განსაკუთრებულს არაფერს ვაკეთებ, ტელევიზორში ვუყურებ ფეხბურთს და მიხარია მადრიდის "რეალის" ბოლოდროინდელი წარმატებები. სამეფო კლუბის დიდი ქომაგი ვარ. ფეხბურთის გარდა, ძალიან მიყვარს კალათბურთი და ხშირად ვუყურებ NBA-ს მატჩებს.

- განათლებისთვის თუ გრჩება დრო?
- სკოლაში შეძლებისდაგვარად დავდივარ, მაგრამ სწავლისთვის ბევრი დრო არ მაქვს. დროს მხოლოდ უცხო ენებს ვუთმობ, რადგან აუცილებლად დამჭირდება. ვცდილობ, რაც შეიძლება საფუძვლიანად დავეუფლო ინგლისურს. ახლა ვერა, მაგრამ მომავალში აუცილებლად ვიფიქრებ უმაღლესი განათლების მიღებაზე.

- ელიტრაუნდში ნაკრების წარუმატებლობის მიზეზი მხოლოდ შენი არყოფნაა თუ ცუდი შედეგი სხვა ფაქტორებმაც განაპირობა?
- ზედმეტი თავმდაბლობის გარეშე ვიტყვი, რომ გუნდს თავდასხმაში ძალიან გაუჭირდა, რაზეც ისიც მეტყველებს, რომ ელიტრაუნდში ერთი გოლიც ვერ გაიტანა, თუმცა მომხდარს მხოლოდ ჩემს არყოფნასაც ვერ დავაბრალებდი, რადგან კარგად ვერც სხვა რგოლებმა ითამაშეს.

გუნდთან ერთად არ ვიყავი და ამიტომ მიზეზების დასახელება გამიჭირდება, ფაქტია, რომ ნაკრებს ჩემ გარეშეც შეეძლო ფინალური ეტაპისთვის ბრძოლა. საფრანგეთში გამგზავრებამდე გუნდი შესანიშნავად გამოიყურებოდა, საკონტროლო მატჩებიც მაღალ დონეზე ჩაატარა, ამიტომ ვერაფრით წარმოვიდგენდი, ყველაფერი ასე ცუდად თუ დასრულდებოდა.

- დღეს უკვე საქართველოს 19-წლამდელთა ნაკრების კანდიდატი ხარ, არც ის არის გამორიცხული, უახლოეს მომავალში ახალგაზრდულშიც მიგიწვიონ.
- ახალგაზრდული ნაკრებისთვის ჯერ მოუმწიფებელი ვარ, 19-წლამდელებში მოხვედრის იმედი კი ნამდვილად მაქვს. ამ გუნდის მთავარი მწვრთნელი გიორგი დევდარიანი ჩემს შესაძლებლობებს კარგად იცნობს, მისი ხელმძღვანელობით აქამდეც მითამაშია და თუ დავიმსახურე, ალბათ, ნაკრებში დამკვიდრების შანსსაც მომცემს. შემოდგომაზე 19-წლამდელებს ევროპის ჩემპიონატის შესარჩევი ტურნირი ელით და დიდი იმედი მაქვს, რომ მასში მეც მივიღებ მონაწილეობას.

- ცოტა ხნის წინ "მანჩესტერ სიტიში" სინჯებზე იყავი. ხომ არ არის ცნობილი, რა გადაწყვეტილება მიიღეს ამ გუნდის მწვრთნელებმა?
- როგორც ვიცი, "სიტიში" მოხვედრის საკმაოდ რეალური შანსი მაქვს, მაგრამ არ მინდა, მოვლენებს გავუსწრო. ვიცი, რომ ინგლისელებს მოვეწონე და ახლა მხარეებს შორის აქტიური მოლაპარაკებები მიმდინარეობს. ბუნებრივია, "სიტიში" გადასვლის უდიდესი სურვილი მაქვს, ეს ჩემს კარიერაში უდიდესი წინგადადგმული ნაბიჯი იქნება. ბუნებრივია, "სიტის" ასაკობრივი გუნდიდან დიდ ფეხბურთამდე კიდევ დიდი გზა მექნება გასავლელი, მაგრამ მზად ვარ, საკუთარი შესაძლებლობები მაღალ დონეზე დავამტკიცო, დაუღალავი შრომით საფეხბურთო ოცნებები ავისრულო და ქართველი გულშემატკივრები გავახარო.

მკითხველის კომენტარები / 1 /
შენი იმედი გვაქვს,იმედი არ გაგვიცრუო, წარმატებები !!!
irakli
04:25 29-04-2011
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული