ხორვატია-საქართველო 0:1
გოლი: 0:1 თარხნიშვილი (5).
ხორვატია საქართველო
კალინიჩი მაკარიძე
ცელიაკი აფაქიძე
იოზინოვიჩი კაკუბავა
პავლოვიჩი კვირკველია
კელიჩი ჯიშკარიანი
ადემი კვეკვესკირი
ვუიჩევიჩი თარხნიშვილი
ჩოპი ძალამიძე
ვუკუშიჩი შეყილაძე
ტრებოტიჩი ყაზაიშვილი
ლენდრიჩი მჭედლიძე
მწვრთნელი: მწვრთნელი:
ივო შუშაკი ოთარ გაბელია
ხორვატია:
46. ტიჩინოვიჩი - ტრებოტიჩი
46. კოვაჩიჩი - ლენდრიჩი
68. შლიშკოვიჩი - ცელიაკი
სათადარიგოები: პიცაკი, დ. შკვორცი, შოვშიჩი, ფ. შკვორცი.
საქართველო:
64. იოსელიანი - შეყილაძე
90. ჯიღაური - ძალამიძე
92. ბეგლარიშვილი - ყაზაიშვილი
სათადარიგოები: ზარქუა, ქობალია, კანდელაკი, ხოჭოლავა.
გაფრთხილება: იოზინოვიჩი (7), კვეკვესკირი (23), ცელიაკი
არბიტრი: ილიას სპატასი (საბერძნეთი)
არბიტრის საფინალო სასტვენმა დოგოპოლიეს სტადიონზე ოთარ გაბელიას შეგირდების გამარჯვება დააფიქსირა. შედეგი ქართველი გულშემატკივრებისთვის არანაკლებ დაუჯერებელი აღმოჩნდა, ვიდრე 26 მარტს ხორვატების ეროვნულ ნაკრებთან გამარჯვება. მაგრამ ეს ფაქტია - გაბელიას გაწვრთნილებმა ევრო-2013 წლის შესარჩევი ციკლი ხორვატიასთან შთამბეჭდავი გამარჯვებით დაიწყეს.
რადგან მატჩის ხილვის საშუალება არ გვქონდა, იძულებულნი ვართ, სხვადასხვა სააგენტოს ინფორმაციათა ნაზავი შემოგთავაზოთ.
მატჩის დასაწყისში კოკისპირული წვიმა წამოვიდა, თუმცა ამას ხორვატები რამენაირად აიტანდნენ - მათთვის დასაწყისი შოკისმომგვრელი გამოდგა - მე-5 წუთზე თორნიკე თარხნიშვილმა მეკარე ლოვრე კალინიჩს დაახლოებით 25 მეტრიდან მარცხენა დაბალ კუთხეში ძლიერად დაურტყა და სტადიონი დაადუმა - 0:1.
ფეხბურთის ფედერაციის ვებგვერდის ინფორმაციით, მატჩი თანაბარ ბრძოლაში მიმდინარეობდა, ხორვატი ახალგაზრდები კი საკმაოდ უხეშობდნენ. ქართველთაგან კი, მომენტებიდანაც ჩანდა, განსაკუთრებით ლევან მჭედლიძე გამოირჩეოდა, რომელმაც არაერთხელ შეაწუხა ხორვატების მეკარე. ძალიან კარგად ითამაშეს ვაკო ყაზაიშვილმა და ნიკა ძალამიძემ.
გოლიდან ორიოდე წუთში მჭედლიძემ ხელსაყრელი პოზიციიდან კარს მცირე მანძილით ააცილა. მე-14 წუთზე კი "ემპოლის" ქართველმა ფორვარდმა მასპინძლელთა კარს კიდევ ერთხელ შეუტია - კალინიჩმა ხორვატები აშკარა გოლისგან იხსნა.
ოთხი წუთის შემდეგ თამაში კვლავ მჭედლიძემ გაამწვავა, მაგრამ მის დარტყმას მცველი გადაეფარა და ვითარება განმუხტა. ქართველებმა შეტევა გააგრძელეს და ამჯერად ყაზაიშვილმა სცადა ბედი - კალინიჩმა იევ იმარჯვა.
პირველ ტაიმში მასპინძლებმა ორი რეალური საგოლე მომენტი შექმნეს: მე-14 წუთზე ივან ლენდრიჩმა ძლიერად დაარტყა კარში, 30-ე წუთზე კი ჩვენი საჯარიმოს სიახლოვეს არბიტრმა ჯარიმა დანიშნა. დარიო ვუიჩევიჩის ჩაწოდებული ბურთი დუიე ჩოპმა კარში გააგზავნა - გიორგი მაკარიძემ ორივეჯერ საიმედოდ ითამაშა და საქართველოს ნაკრები გადაარჩინა.
ხორვატიული ინტერნეტგაზეთ "სპორტალის" ინფორმაციით, წვიმაში ივო შუშაკის გაწვრთნილებს შეტევების წამოწყება უჭირდათ, გაბელიას შეგირდები კი თავს კარგად იცავდნენ.
მეორე ტაიმში გამოიდარა და წაგების შიშით ხორვატებმა მთელი ძალით შეუტიეს, მაგრამ ქართველები მწვავე კონტრშეტევებს ახერხებდნენ.
65-ე წუთზე მჭედლიძემ კიდევ ერთხელ აააფორიაქა ხორვატები: საბა კვირკველიას ჩაწოდებული საჯარიმოს შემდეგ კვლავ ცდილობდა მასპინძლეთა დამწუხრებას, მაგრამ მეკარემ ამჯერადაც ჩინებულად ითამაშა.
ერთ წუთშიც იგივე განმეორდა, ოღონდ ნიკა ძალამიძის შესრულებული კუთხურის შემდეგ: "ემპოლის" თავდამსხმელის ჩინებული დატყმა, კვლავ რეალური საგოლე მომენტი და კალინიჩის თავგანწირული ნახტომი.
მაკარიძეს კვლავ საქმე გამოუჩნდა: 63-ე წუთზე ადრიან ადენის სახიფათო გასროლას გადაეღობა, 73-ე წუთზე კი ანტე ვუკუშიჩის დარტყმას და ხორვატ გულშემატკივარს ანგარიშის გათანაბრების მორიგი იმედი გაუცრუა.
მატჩის მიწურულს მეტოქეებმა საგოლე მომენტები გაცვალეს: 86-ე წუთზე ყაზაიშვილმა სცადა კარის აღება, 89-ეზე კი ჩვენს კარს ჩოპი დაემუქრა - მეკარეებმა კვლავ ივარგეს.
მსაჯის საფინალო სასტვენის ხმაც გაისმა. დაუჯერებელი გამარჯვება, რომელმაც ქართველი გულშემატკივარი ძალიან გაახარა. ნაკრებმა, რომელიც წინა თაობასთან შედარებით სუსტი გვეგონა, სენსაციით გაგვახარა.