21 წლის ქართველი მეკარე "ლიგა 2"-ის გუნდშია და საფრანგეთში გატარებული ორი სეზონით კმაყოფილია.
- 21 წლის მეკარის მეორე ფრანგული დივიზიონის კლუბში ყოფნა ურიგო ამბავი არ არის.
- რა თქმა უნდა, საფრანგეთში სერიოზული სამეკარეო სკოლა აქვთ.
- იმედია, "ლე მანში" ვარჯიში წაგადგა.
- თუ ზარმაცი არ ხარ, შეუძლებელია, აქაური ვარჯიშები არ წაგადგეს. მე იქ ბევრი რამ
- მეკარესაც დიდი გამძლეობა მოეთხოვება?
- წინა ხაზის მოთამაშესავით არა, მაგრამ გამძლეობა ყველას სჭირდება. თუმცა აქაც არის განსხვავება, მეკარის გამძლეობა სხვა სახისაა.
- პირველ "ლე მანში" თავის გამოჩენის შანსი მხოლოდ ორჯერ გქონდა, ჩემპიონატსა და თასზე.
- ჩემპიონატში დიდი ხნის წინ, შარშანწინ მათამაშეს, მაგრამ მაშინ კარგ ფორმაში არ ვიყავი, თასზე მეტიც ვითამაშე და ჩემით კმაყოფილი დარჩნენ. რაღა დაგიმალოთ და, მეც კმაყოფილი ვიყავი.
- თბილისის "დინამოს" ყოფილი მეკარის დიდიე ოვონოს საქმეები როგორ არის?
- მშვენივრად, ძირითადი მეკარეა და ვმეგობრობთ. სხვათა შორის, ქართულადაც ვურთიერთობთ და ფრანგულადაც. დიდიე საქართველოში გატარებულ დროსა და აქაურ მეგობრებს ძალიან თბილად იხსენებს. შეიძლება არ დაიჯეროთ, მაგრამ საქართველოში უფრო ჰყავს მეგობრები, ვიდრე საფრანგეთში. დღემდე ინტერნეტით ეკონტაქტება აქაურ ნაცნობებს და ამბობს, რომ ჩვენი ხალხისგან დიდი სიყვარული და სითბო დარჩა.
- ეროვნული ნაკრების კარში გამოუცდელი დაგაყენეს და, როგორც ამბობენ, მძიმე ფსიქოლოგიური სტრესი გადაიტანე.
- ერთი პერიოდი მართლა მძიმე მდგომარეობაში ვიყავი, მაგრამ არა იმდენად ნაკრებში თამაშის, არამედ "დინამოში" უთამაშებლობის გამო. მთავარ გუნდში თამაშს ვინ ჩივის, ლიტვის ნაკრებთან შეხვედრის შემდეგ დუბლშემადგენლობაშიც კი არ მათამაშებდნენ. ჩრდილოეთ ირლანდიასთან კლაუს ტოპმიოლერმა ისე დამაყენა, ხუთი თვე კარი ნანახი არ მქონდა.
- და მხოლოდ ვარჯიშობდი?
- ასე იყო, "დინამოს" დუბლშემადგენლობაში კი ისეთი დონე არ იქნებოდა, იქაური ვარჯიშებით ნაკრებში თამამად და კარგად მეთამაშა.
- შენი ნიჭიერება ეჭვქვეშ მაშინაც არავის დაუყენებია. უბრალოდ, 17-18 წლის ბიჭის ეროვნული გუნდის კარში დაყენებაა დიდი რისკი.
- მართლა მძიმე მდგომარეობაში ვიყავი, ხალხს ჩემი ეიმედებოდა, მაგრამ ვერ გავამართლე, რასაც ძალიან განვიცდიდი. საბედნიეროდ, ეს პერიოდი გადავიტანე.
ასე გრძელდებოდა ერთი წელი, სანამ `დინამოსთან" კონტრაქტი დამიმთავრდებოდა. მაშინ ფინანსურადაც მძიმე ვითარებაში ვიყავი. მოკლედ, ბევრი სანერვიულო დამიგროვდა, მაგრამ "ლე მანთან" კონტრაქტი გავაფორმე და დავლაგდი.
- "ლე მანის" ძირითად გუნდში არ თამაშობ და ფორმას ვარჯიშით ინარჩუნებ?
- დუბლებში მაშინ ვთამაშობ, როდესაც ამ გუნდის ტურის დღე პირველი გუნდისას არ ემთხვევა. თუ მატჩების დრო დაემთხვა, ცხადია, "ლე მანი" არ მათამაშებს. ასე თუ ისე, თამაში მაინც მიწევს, თუმცა მეტი პრაქტიკა არ მაწყენდა. ამიტომ, მწვრთნელს ვარჯიშებზე უნდა დავუმტკიცო, რომ პირველ მეკარეობას ვიმსახურებ.
- სანამ "ლე მანში" ოვონოა, ამის იმედი გაქვს?
- იმედი როგორ არ მაქვს, მიმაჩნია, რომ ეს მომავალ სეზონში შესაძლებელი იქნება.
- ფრანგებს მეკარეების საუკეთესო სკოლა არ აქვთ, მაგრამ ხარისხიან კიპერებს კი ზრდიან.
- თავისი სტილი დაამკვიდრეს, ტექნიკური, ტაქტიკურად განათლებული მეკარეები ჰყავთ. საფრანგეთი იშვიათი გამონაკლისია, სადაც არც ითხოვენ, რომ მეკარე აუცილებლად გიგანტი იყოს. მთავარია, არ იყოს ძალიან დაბალი, მოგეთხოვება კარგი რეაქცია და კარგი კარნახი.
ჩემი დაკვირვებით, ფრანგი მეკარეები კარის ხაზზე კარგად გამოიყურებიან, მაგრამ მათი ნაკლი გამოსვლებზე თამაშია. არადა, სულ მესმოდა, ეს ქართველი მეკარეების პრობლემააო.
- ბოლო დროს საფრანგეთში ფრანგი ფეხბურთელები ლამის უმცირესობაში დარჩდნენ.
- ეს ტენდენცია აშკარაა, იაფფასიანი ლეგიონერები ჩაჰყავთ, უმთავრესად, აფრიკიდან და ფრანგები მათ კონკურენციას ვერ უძლებენ.
- ქართველი ფეხბურთელებიც არ არიან ძვირადღირებულები, მაგრამ თითქმის არ ინტერესდებიან.
- სამწუხაროდ, ჩვენებზე დიდი მოთხოვნა არ არის, რადგან კარგად არ გვიცნობენ. მაგრამ ერთმა კაცმაც რომ გაითქვას სახელი, ვითარება შეიცვლება და დაინტერესდებიან.
მე ჯერ "ლე მანის" მეორე მეკარე ვარ, მაგრამ სულ ვცდილობ, საქციელით თუ თამაშით ფრანგებს ქართველების მიმართ პატივისცემა გაუჩნდეთ.
- ქართველ გულშემატკივარს დიდი ხანია, შენი თამაში არ უხილავს.
- ნაკრებში გამოძახება და თამაში მეც ძალიან მომენატრა. ისე, კარგი იქნებოდა, პირველი შეხვედრა არა ხორვატიასთან, არამედ უფრო სუსტ გუნდთან გვქონოდა.
- ამით რა შეიცვლებოდა?
- გუნდი შეუთამაშებელია და სუსტთან ციკლის კარგად დაწყების მეტი შანსი გვექნებოდა.
- ფრანგები ტექნიკურ ფეხბურთს თამაშობენ და ბევრი გულშემატკივარიც ჰყავთ.
- ბოლო დროს სტილი საკმაოდ შეცვალეს, დიდ ყურადღებას აქცევენ ტაქტიკურ განათლებას, გამძლეობას და სულ უფრო ბევრი გუნდი თამაშობს ძალისმიერ ფეხბურთს. ჯანზე თუ არ ხარ, რაც უნდა პერსპექტიული იყო, არსად აგიყვანენ, მეკარესაც კი.