ყაზაიშვილი და ხოჭოლავა - ვარიანტები აქ და ევროპაში

AutoSharing Option
ბოლო წლებში "გამოჩეკილი" უფერული მოთამაშეების გამო გულშემატკივრები ხშირად კითხულობენ, სად არიან ახალი "ათიანები", ტექნიკური და ნიჭიერი ბავშვები? მაგრამ საქმე უიმედოდაც არ არის. მოდიან ნიჭიერი ფეხბურთელები, ხელშეწყობის შემთხვევაში ამ ვაკუუმის შევსება რომ შეუძლიათ.

"საბურთალოს" ფეხბურთელი, თემურ ფოცხვერიასა და გიორგი დევდარიანის გაზრდილი ვაკო ყაზაიშვილი ოთარ გაბელიამ ახალგაზრდულ ნაკრებში მიიწვია, ხორვატიასთან ძირითადში ათამაშა და იმედებიც გაუმართლა - 18 წლის ნახევარმცველი ქართველებში ერთ-ერთი საუკეთესო იყო.

ლოგიკურიც არის, ახალი თაობის ერთ-ერთი ყველაზე ნიჭიერი ფეხბურთელით ბევრი ცნობილი კლუბი რომ დაინტერესდა.

ვაკო ყაზაიშვილი "ლელოს" კითხვებს პასუხობს.
-
ხორვატიასთან მატჩი ახალგაზრდულ ნაკრებში შენი პირველი თამაში იყო. ხომ არ ინერვიულე?

- ცხადია, სადებიუტო შეხვედრა იყო და ვინერვიულე, მაგრამ ვერ ვიტყვი, რომ განსაკუთრებულად ვღელავდი. ალბათ, იმიტომ, რომ გუნდში კარგად მიმიღეს და დაძაბულობა მომეხსნა. მიხარია, რომ ჩემს სადებიუტო შეხვედრაში ნაკრებმა რომ მოიგო. ციკლის გამარჯვებით დაწყება პატარა საქმე არ არის.

- საკუთარ თამაშზე რას იტყვი?
- პირველ ტაიმშიც შემეძლო გატანა და მეორეშიც, მაგრამ მეკარემ ორივე შემთხვევაში კარგად ითამაშა. სხვათა შორის, თამაში ძალიან ჭირდა, რადგან თავსხმა წვიმა წამოვიდა, მოედანიც დამძიმდა და გადაადგილება ძნელი იყო.

- ადრე პლეიმეიკერად გათამაშებდნენ, ახალგაზრდულში კი მარცხენა ფლანგის ნახევარმცველად დაგაყენეს. ეს შენთვის უჩვეულო ამპლუა არ არის?
- ბოლო ერთი წელია, დევდარიანი ბოლნისის "სიონის" დუბლშემადგენლობაში სწორედ ფლანგზე მათამაშებს. ის კარგად მიცნობს და, ეტყობა, ჩათვალა, რომ ფლანგზე უფრო სასარგებლო ვიქნებოდი.

- ფიზიკურად აშკარად გაზრდილი ჩანხარ, მხრის კვრით ვეღარ წაგაქცევენ. ასე მკვეთრად ფიზიკურად როგორ მოუმატე?
- ეს არის გიორგი დევდარიანის და ივანე ლუცენკოს დამსახურება, რომლებიც ბოლო ორი წელია ათლეტურობაზე, ფიზიკურ მოღონირებაზე მავარჯიშებენ და კმაყოფილი ვარ, უკეთესობას აშკარად ვგრძნობ. სეზონი კი დამთავრდა, მაგრამ ახლაც ტრენაჟორებზე ვვარჯიშობ, ვიტამინებს ვიღებ და, ცხადია, ეს კარგად მოქმედებს.

- მეეჭვება, ახალგაზრდული ნაკრების წევრი დიდხანს გაგაჩერონ ბოლნისის "სიონის" დუბლშემადგენლობაში. უკეთეს კლუბში გადასვლას არ გთავაზობენ?
- ამაზე ზუსტი პასუხი "საბურთალოს" ხელმძღვანელებს ექნებათ, მე ხომ დღემდე ამ კლუბს ვეკუთვნი. ვიცი, წინადადებები არის, მაგრამ მე ვერაფერს გეტყვით. მალე გაირკვევა, სად ვითამაშებ.

- ლაპარაკია დევდარიანის "დინამოში" გადასვლაზე. ასეთ შემთხვევაში შენც "დინამოში" ითამაშებ?
- უკვე ვთქვი, რომ მალე ყველაფერი გაირკვევა, მე კი ამ თემაზე ჯერ ვერ ვილაპარაკებ.

- "ვიტესის" დაინტერესება ზამთარში შენი გასინჯვით ამოიწურა თუ მიმდინარეობს მოლაპარაკება?
- ვიცი, რომ მოლაპარაკება არ დასრულებულა და გამორიცხული არ არის, კიდევ წავიდე. საერთოდ, ვარიანტი, შეიძლება, ბევრი გამოჩნდეს, მაგრამ გასინჯვაზე წასვლა არ მინდა. არა მგონია, ასე რომელიმე გუნდში დარჩე.

- "სიონის" დუბლებში კარგი მოსამზადებელი პირობებია?
- ჩვენ "სიონთან" მხოლოდ სახელი გვაკავშირებს, თორემ ბოლნისში არ ვვარჯიშობთ, რეალურად გუნდში ვართ "საბურთალოს" ის აღზრდილები, ევროპის ჩემპიონატის ელიტრაუნდში რომ ვითამაშეთ, მხოლოდ ორი 1992 წელს დაბადებული მოთამაშე დაგვემატა.

- შენი აზრით, დუბლების ჩემპიონატში კლასის ამაღლება შესაძლებელია?
- ჩვენ დევდარიანთან ვვარჯიშობთ და წარმოუდგენელია, ეს არ წაგვადგეს. ამ კაცმა გაგვზარდა და გზაზე დაგვაყენა.


ყაზაიშვილისა და საქართველოს ახალგაზრდული ნაკრების კიდევ ერთ წევრზე, დავით ხოჭოლავას თაობაზე საინტერესო ინფორმაცია გაგვიმხილა საფეხბურთო სკოლა "საბურთალოს" პრეზიდენტმა ტარიელ ხეჩიკაშვილმა:

- არის რამდენიმე კრიტერიუმი, რომელთა მიხედვითაც ვარჩევთ, სად გავუშვათ ფეხბურთელი: კლუბის, ფეხბურთელისა და ქართული ფეხბურთის ინტერესები.
რაც შეეხება ყაზაიშვილს, მისით საქართველოში არა მხოლოდ თბილისის "დინამო" დაინტერესდა, იწვევენ არნემის "ვიტესსა" და კიდევ რამდენიმე ევროპულ კლუბში, მათ შორის, ბელგიურშიც. მაგრამ მიწვევა არ ნიშნავს იმას, რომ დაუფიქრებლად გავუშვებთ. ყაზაიშვილი ითამაშებს იმ კლუბში, სადაც უკეთესად იქნება, მისცემენ სათამაშო პრაქტიკას და შეუქმნიან კარგ პირობებს. თითოეულ ამ დეტალს აქვს მნიშვნელობა, რათა მან ნიჭის რეალიზაცია შეძლოს.

საერთოდ, ასეთია ჩვენი დამოკიდებულება "საბურთალოს" ნებისმიერი აღზრდილის ტრანსფერის მიმართ. სხვათა შორის, დავით ხოჭოლავაც არის ევროპული კლუბის დაინტერესების ობიექტი. მოგეხსენებათ, ხოჭოლავაც "საბურთალოს" და საქართველოს ახალგარდული ნაკრების ფეხბურთელია. მას იწვევენ "დინამო" და ფრანგული "რენი". ერთ კვირაში გაირკვევა, სად ითამაშებენ ეს ბიჭები და სხვა სიახლეებიც.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული