ოთარ გაბელია: ყველა ფეხბურთელი ბოლომდე უნდა დაიხარჯოს!

AutoSharing Option
21-წლამდელთა ევროპის 2011 წლის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპს, ჩვენი ახალგაზრდული 11 აგვისტოს სომხეთთან მატჩით განაახლებს. მთავარმა მწვრთნელმა ოთარ გაბელიამ გუნდის მზადებასთან დაკავშირებით შაბათს, მიხეილ მესხის სახელობის სტადიონზე პრესკონფერენცია ჩაატარა.

- სომხეთთან პრინციპული მატჩისთვის სად მოემზადებით?
- მზადებას დღეს, 7 აგვისტოს ვიწყებთ. სასტუმრო "თორში" შევიკრიბებით, შაბათ-კვირას თბილისში ვივარჯიშებთ. ორშაბათს, 9 აგვისტოს ერევანში გავემგზავრებით და მზადებას იქ გავაგრძელებთ. თბილისში 14 ფეხბურთელით ვივარჯიშებთ. ჯანო ანანიძე, ნიკა ძალამიძე, გიორგი ივანიშვილი და გიორგი ილურიძე, ორშაბათს, ერევანში შემიგვიერთდებიან.
- სამწუხაროდ, დანაკლისს ამჯერადაც ვერ ასცდით...
- რას ვიზამთ.
ყვითელი ბარათების სიმრავლის გამო სომხეთთან ვერ ითამაშებენ "ზესტაფონის" ნახევარმცველი მურთაზ დაუშვილი და თავდამსხმელი რევაზ ბარაბაძე. ლევან ყენიაც არ გვეყოლება. ეს ფეხბურთელი ჩვენთვის დიდი ძალაა, მაგრამ ჯერ კიდევ არ შეუძლია თამაში.
- "ანჟის" თავდამსხმელი გიორგი ილურიძე პირველადაა გამოძახებული ახალგაზრდულ ნაკრებში. მასზე რა იცით?
- გიორგის რუსეთის პრემიერლიგაში რამდენიმე მატჩი აქვს ჩატარებული. "ანჟის" მთავარ გუნდთან ერთად ვარჯიშობს და რა ინფორმაციასაც ვფლობ, ჩვენი ნაკრებისთვის სასარგებლო უნდა იყოს. ილურიძემ რუსულ პრემიერლიგაში სასტარტო შემადგენლობაშიც ითამაშა, უფრო ხშირად შეცვლაზე შეჰყავთ ხოლმე. კარგი მოთამაშე რომ არ იყოს, რუსეთშიც არ ათამაშებდნენ.
- სომხეთს პირველად ვეთამაშებით. ჩვენმა მეზობლებმა წლეულს ორივე გასვლითი მატჩი მოიგეს - ირლანდია და ესტონეთი დაამარცხეს. მეტოქის თამაშის ვიდეოჩანაწერი თუ ნახეთ და რა წარმოდგენა შეგექმნათ მოწინააღმდეგე გუნდზე?
- კი, გვაქვს ვიდეოჩანაწერები, ახლახან ბოლო თამაშის ფირიც მივიღეთ. სხვათა შორის, ძალიან სოლიდური გუნდია, ჩვენი ინფორმაციით, 3-4 ფეხბურთელი ეროვნული ნაკრებიდან დაიმატეს. რაც ვიდეოფირზე ვნახე, ესტონელებს აშკარად სჯობდნენ.
- სომხეთის ახალგაზრდული რა სტილის ფეხბურთს თამაშობს?
- შემტევ ფეხბურთს. ყველა სათამაშო რგოლში ჰყავთ გამორჩეული ფეხბურთელები. ერევანში რთული მატჩი გველის, მაგრამ სასურველი შედეგისთვის ბოლომდე ვიბრძოლებთ. ყველა ფეხბურთელი, ვინც მოედანზე გავა, ბოლომდე უნდა დაიხარჯოს.
- "ბენფიკას" დუბლების ვიცე-კაპიტანი ბაქარ მირცხულავა ადრე გამოძახებული გყავდათ. ამჯერად აღარ არის თქვენს სიაში. მასზე რა წარმოდგენა შეგექმნათ?
- დიახ, მირცხულავა ერთი კვირის განმავლობაში ჩვენს გუნდში ვარჯიშობდა. მართალი გითხრათ, სხვა ფეხბურთელებზე მაღლა ვერ იდგა. ის ჩვენი ნაკრების წევრებზე 3-4 წლით უმცროსია და ასაკით უფროსებს რომ აჯობო, იოლი ნამდვილად არ არის... ამ ეტაპზე მირცხულავა არ გამოვიძახეთ მაგრამ, ეს არ ნიშნავს, რომ მასზე ხელი ავიღეთ. საინტერესო ფეხბურთელია და მომავალში მას კვლავაც დავაკვირდებით.
- შესარჩევი ციკლის დასრულებამდე 3 მატჩი დაგვრჩა. ჯერ კიდევ გვაქვს ჯგუფიდან გასვლის შანსი. რამდენი ქულის აღებას გეგმავთ?
- ფინალურ ეტაპზე გასვლა ჩვენთვის მიზანად არავის დაუსახავს, მაგრამ სწორედ ამისთვის ვიბრძვით. სამ მატჩში 9 ქულის მოპოვება გვინდა და ვნახოთ რამდენად გამოგვივა ჩანაფიქრის განხორციელება. აშკარაა, რომ რთულ ჯგუფში ვართ და ძლიერი მეტოქეები გვყავს. ირლანდია ბოლო ადგილზეა, მაგრამ ყველამ ვნახეთ თუ რა დონის გუნდია. ესტონელებმაც კარგად მოაგროვეს ქულები. სომხეთი უკეთ ათამაშდა, რაც შესარჩევი ციკლის სტარტზე ნაკლებად ჩანდა.
- ლევან ყენიას სექტემბრის მატჩებში თუ გამოვიყენებთ?
- ჩემი ინფორმაციით, ლევანი სრული დატვირთვით ვარჯიშს ჯერ ვერ იწყებს. სამწუაროა, მაგრამ მას ხელახლა დასჭირდა ოპერაცია. ძალიან მინდა ყენია დაგვემატოს, მაგრამ ეს ალბათ სექტემბერში შეუძლებელი იქნება.
- ლევან მჭედლიძე "ემპოლიში" დაბრუნდა და სეზონის დაწყებასთან ერთად ალბათ სათამაშო პრაქტიკაც ექნება. სამომავლოდ მასზე თუ გააკეთებთ ფსონს?
- მჭედლიძე კარგი ფეხბურთელია, თავის დროზე ეროვნულ ნაკრებშიც თამაშობდა. თუ კლუბში იქნება და თამაშიც მოუწევს, გამოვიძახებთ. დიახ, მჭედლიძე ნამდვილად გვჭირდება.

პრესკონფერენცია ამით დასრულდა. ბოლოს კიდევ ერთხელ გადავავლოთ თვალი გაბელიას სიას:
მეკარეები - როინ კვასხვაძე (ზესტაფონი), გიორგი ბახტაძე (დიორი ეტო, უნგრეთი);
მცველები - ლაშა თოთაძე (დიორი ეტო, უნგრეთი), გულვერდ თომაშვილი, ლევან კაკუბავა (ორივე დინამო), გიორგი ხიდეშელი (ზესტაფონი), გიორგი რეხვიაშვილი (ოლიმპი), ნიკა კვეკვესკირი (ბაია);
ნახევარმცველები - ჯანო ანანიძე (სპარტაკი მ, რუსეთი), თორნიკე ოქრიაშვილი (შახტარი, უკრაინა), ნიკა ძალამიძე (ცსკა, რუსეთი), გიორგი განუგრავა (დიორი ეტო, უნგრეთი), ირაკლი კლიმიაშვილი (ვიტ ჯორჯია), გიორგი თექთურმანიძე (დინამო);
თავდამსხმელები - გიორგი ივანიშვილი (შაფჰაუზენი, შვეიცარია), გიორგი ილურიძე (ანჟი, რუსეთი), მათე ვაწაძე (დინამო), გიორგი ჭედია (ოლიმპი).
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული