ახლა, რატომ ვახსენეთ ეს. რატომ და, ოთარ გაბელიას ნაკრებმა ერევანში ერთობ არაპრაგმატული ფეხბურთი ითამაშა, არადა, თავად მწვრთნელი ბევრად უფრო პრაგმატული სტილის მიმდევარია. თუმცა ჩვენი ნაკრები მაინც უფრო ძლიერი აღმოჩნდა, ვიდრე დანიელი სპეციალისტის, ფლემინგ სერიტსლევის დამოძღვრილი, ტრადიციულად პრაგმატული სომხების გუნდი...
გაბელიამ ნაკრები უკვე აპრობირებული 4-3-3-ით ათამაშა, რაც გასვლითი მატჩიდან გამომდინარე, დრო და დრო უფრო დაცვით
კარში კვასხვაძე იდგა, მარჯვენა ფლანგზე - კვეკვესკირი, ცენტრში კაკუბავა-ხიდეშელის წყვილი, მარცხნივ კი თოთაძე, საყრდენებად განუგრავა და ოქრიაშვილი გამწესდნენ, მათ წინ კი ივანიშვილი. მარჯვენა ფლანგიდან კლიმიაშვილი უტევდა, მარცხნიდან - ანანიძე, თუმცა ისინი პოზიციებსაც ცვლიდნენ. სუფთა თავდასხმელი მხოლოდ ვაწაძე გახლდათ...
თამაშს მაკედონიელი დიმიტარ მეჩკაროვსკი სჯიდა - ვფიქრობთ, უეფას, ფიფასა და მთელი საფეხბურთო სამყაროს სირცხვილია, ასეთებს ფიფას არბიტრის ტიტულს რომ ანიჭებენ. რეალურად, ის სომხეთის ნაკრების მე-12 მოთამაშედ მოგვევლინა და სტუმრებს მთელი მატჩის განმავლობაში მიანიშნებდა, რომ არ დაინდობდა, მასპინძლების უხეშობაზე კი თვალებს ხუჭავდა და ყვითელი ბარათის ჩვენებას მაქსიმალურად ერიდებოდა. ეს მატჩის დასაწყისშივე გამოჩნდა, როცა ანანიძეს მასპინძელთა მცველი სასტიკად ეუხეშა, მაგრამ... მაკედონიელი ჩვეულებრივ ჯარიმას დასჯერდა. იყო საფრთხე, რომ ამგვარ პირობებში რომელიმე ჩვენი მოთამაშე სერიოზულ ტრავმას მიიღებდა...
ამ თემას ისევ დავუბრუნდებით, რაც შეეხება მატჩის სხვა ნიუნსებს, უნდა ითქვას, რომ თამაში სახალისო გამოდგა. როგორც ვწერდით, მასპინძლებმა ეროვნული ნაკრებიდან 5 მოთამაშე დაიმატეს, ქართველებმა კი მათ წინააღმდეგ გაცილებით გამოუცდელი ბიჭებით ითამაშეს - ანანიძე და ძალამიძე 17-17 წლისანი არიან, კვეკვესკირი და ოქრიაშვილი 18-18-ის, კაკუბავა და ივანიშვილი 19-19-ის და ასე შემდეგ...
მასპინძელთა შორის განსაკუთრებით აქტიურობდა დონეცკის "მეტალურგის" კაპიტანი გენრიხ მხითარიანი, რომელმაც საქართველოს ნაკრების დაცვა (მეტადრე მისი მარჯვენა ფლანგი) აიკლო და მატჩის საუკეთესო ფეხბურთელიც გახდებოდა, რომ არა უზუსტობა დამაგვიგვინებელ ფაზაში, თან პარტნიონებმაც ვერ აუბეს მხარი. უფრო სასარგებლო იყო ანანიძე, რომელსაც 90 წუთის განმავლობაში "ცელით" დასდევდნენ. ჯანოს ანგარიშზე გოლი და საგოლე გადაცემაა. ამდენად, სომხეთის ნაკრებთან გამარჯვებაში მან უდიდესი წვლილი შეიტანა.
ძალიან კარგად გამოიყურებოდა მეკარე კვასხვაძე. მატჩმა იმედი გაგვიჩინა, რომ ნორმალური მეკარე საქართველოშიც შეიძლება გაიზრდოს. ის 90 წუთის განმავლობაში ასწორებდა დაცვის შეცდომებს და უმთავრესად მხითარიანის დარტყმებს იგერიებდა. როგორც ზემოთ ვთქვით, სომხები განსაკუთრებით ჩვენი დაცვის მარჯვენა ფლანგს ერჩოდნენ, სადაც კვეკვესკირს მოწინააღმდეგესთან გამკლავება უჭირდა. დიდი ქაოსი იყო დაცვის ცენტრშიც...
მე-6 წუთზე მხითარიანმა ახლო მანძილიდან ანგარიშის გახსნის რეალური შესაძლებლობა გაუშვა ხელიდან, ისევე, როგორც მე-9 წუთზე - ორივე დარტყმა კვასხვაძემ მოიგერია. მომენტი ჰქონდა კაზარიანსაც, რომლის დარტყმა არაზუსტი გამოდგა.
ქართველები სწორედ ამის შემდეგ გამოცოცხლდნენ. პირველ ტაიმში ნახევარდაცვის შედარებით ეფექტური თამაშის ხარჯზე ვახერხებდით სწრაფი და მწვავე კონტრშეტევების განხორციელებას. თავის გამოჩენა შეეძლო კლიმიაშვილს, რომელმაც კარს ახლო მანძილიდან ააცილა.
მე-20 წუთზე კი პირველი რეალური შანსიც გვქონდა - ანანიძის საჯარიმო ჩაწოდების შემდეგ კარის წინ მარტო დარჩენილმა კაკუბავამ თავური კი დაჰკრა, მაგრამ... ბურთი კარს ააცილა. 24-ე წუთზე მიზანმა კიდევ ერთხელ უმტყუნა კლიმიაშვილს...
სომხებს სტუმართა შეტევების შეჩერება სულ უფრო უჭირდათ. მასპინძლებს ლამის ერთადერთ არგუმენტად უხეშობა ჰქონდათ. 33-ე წუთზე კლიმიაშვილი კინაღამ შესაცვლელი გახდა, არადა, არბიტრს ყვითელი ბარათიც არ გამოუყენებია. ასე მოხდა 39-ე წუთზეც, როცა კაკუბავა დაშავდა...
სამაგიეროდ, არბიტრმა კურიოზული გადაწყვეტილება მიიღო 36-ე წუთზე, როცა ვაწაძე მეკარესთან პირისპირ დარჩა. ოვანესიანმა დინამოელი ფორვარდი "რესპუბლიკურის" ხავერდივით გაზონზე დასცა. ეს ბოლო იმედის ჯარიმა იყო, რადგან სომხების მცველი კარს ვეღარ ეფარებოდა... სხვა გზა აღარ დარჩენოდა და მაკედონიელმა არბიტრმა პენალტი დანიშნა, მეკარეს კი მხოლოდ ყვითელი ბარათი აკმარა...
მოკლედ, რაც იყო, იყო - ანანიძემ პენალტი ზუსტად შეასრულა და წინ გავედით - 1:0. მხითარიანი კი კვლავ სახიფათოდ, თუმცა წარუმატებლად უტევდა. 41-ე წუთზე ბურთი საქართველოს ნაკრების კარის ძელს მოხვდა, ხოლო ტაიმის უკანასკნელ წუთზე ისევ კვასხვაძემ ივარგა.
მასპინძლებმა მეორე ტაიმი შეტევებით დაიწყეს, მაგრამ მალევე "ცივი შხაპის" ქვეშ აღმოჩნდნენ - მარჯვენა ფლანგიდან ანანიძის მშვენიერი გადაცემა ვაწაძემ ნახტომში თავურით დააგვირგვინა და მატჩის ბედიც თითქოს აქ გადაწყდა...
თუმცა სომხები შანსს ბოლომდე ჩაეჭიდნენ და მთელი ენერგიით შეუტიეს, ჩვენები კი დაიღალნენ და ნახევარდაცვაშიც ვეღარ აქტიურობდნენ. ჰოდა, მხითარიანმაც გაილაღა... მასპინძლებს მატჩის გადარჩენის იმედი 76-ე წუთზე გაუჩნდათ. ხიდეშელისა და კაკუბავას შეუთანხმებლობის შემდეგ სომეხთა ერთ-ერთი ლიდერი მეკარესთან პირისპირ დარჩა, კვასხვაძე ბურთის მოსაგერიებლად კი გადახტა, მაგრამ მსაჯმა წესის დარღვევა დაუფიქსირა. მხითარიანმა 11-მეტრიანი ზუსტად დაარტყა - 1:2.
გაბელიას შეგირდებმა სამიოდ წუთში დაადუმეს გამოცოცხლებული ადგილობრივი ქომაგი - კვეკვესკირი საჯარიმოში შეიჭრა და ბურთი შორეულ "ცხრიანში" გაახვია. თითქოს, რა უნდა შეცვლილიყო 11 წუთში, მაგრამ... მოედანზე ისეთი ამბები ტრიალებდა, ყველაფერი იყო მოსალოდნელი. მხითარიანმა და კაზარიანმა მშვენიერი მომენტებით ვერ ისარგებლეს, 86-ე წუთზე კი მასპინძელთა ფლანგურ გარღვევას პოღოსიანის ზუსტი თავური მოჰყვა - 2:3.
"რესპუბლიკურის" პუბლიკა კიდევ ერთხელ გამოცოცხლდა, მაგრამ მასპინძლებმა მეტის გატანა ვეღარ მოახერხეს. გაბელიას გუნდმა ყოველმხრივ ზეწოლას გაუძლო და მეტად საჭირო გამარჯვება მოიპოვა. საქართველოს ახალგაზრდული ნაკრები მეორე ადგილზე გასვლის შანსს ინარჩუნებს.
U 21. ევროპის ჩემპიონატი. შესარჩევი ტურნირი. II ჯგუფი
11.08.10. ერევანი. ვაზგენ სარგსიანი. 5 000 მაყურებელი
სომხეთი-საქართველო 2:3
გოლები: 0:1 ანანიძე (36-პენ), 0:2 ვაწაძე (49. ანანიძის პასით), 1:2 მხითარიანი (76-პენ), 1:3 კვეკვესკირი (79), 2:3 პოღოსიანი (86)
სომხეთი: ე. ოვანესიანი - ა. არაქელიანი, ლ. აირაპეტიანი, იუსპაშიანი, ბადოიანი (55. გოჰარიანი) - მალაკიანი (84. პოღოსიანი), მკრტჩიანი, ალექსანიანი (59. დაშიანი), იედიგარიანი - კაზარიანი, მხითარიანი.
სათადარიგოები: პრაზიანი, ანდრიკიანი, ამბარცუმიანი, იაგანი, ისრაელიანი.
საქართველო: კვასხვაძე - კვეკვესკირი, კაკუბავა, ხიდეშელი, თოთაძე - კლიმიაშვილი, განუგრავა (67. თომაშვილი), ოქრიაშვილი, ივანიშვილი (83. ძალამიძე), ანანიძე - ვაწაძე.
სათადარიგოები: ბახტაძე, ჭედია, ილურიძე, რეხვიაშვილი, თექთურმანიძე.
გაფრთხილებები: ოვანესიანი (36), ხიდეშელი (43), კვასხვაძე (76)
არბიტრი: დ. მეჩკაროვსკი (მაკედონია)
10 აგვისტო
ირლანდია-ესტონეთი 5:0
გოლები: 1:0 სტოუკსი (15), 2:0 სტოუკსი (30-პენ), 3:0 მაკკარტი (62), 4:0 ჰოურიჰეინი (86), 5:0 გარვანი (90)
თ მ ფ წ ბ ქ
1. შვეიცარია 9 5 2 2 14-8 17
2. თურქეთი 8 4 1 3 12-10 13
3. საქართველო 8 3 3 2 11-7 12
4. ესტონეთი 10 3 3 4 9-16 12
5. სომხეთი 9 3 1 5 16-19 10
6. ირლანდია 8 1 4 3 11-13 7
დარჩენილი მატჩები
3 სექტემბერი
შვეიცარია-ირლანდია
4 სექტემბერი
თურქეთი-საქართველო
7 სექტემბერი
თურქეთი-ირლანდია
საქართველო-სომხეთი
მერაბ მამულაშვილი