ახალგაზრდულმა ნაკრებმა მოლდოვაში მასპინძლებთან ფრედ 2:2 ითამაშა

AutoSharing Option
10 აგვისტო. ორხეი. ცენტრალური სტადიონი. 500 მაყურებელი..
მოლდოვა 2:2 საქართველო
გოლები: 0:1 შეყილაძე (32), 1:1 გ. ანდრონიკი (64. პ), 1:2 ქობალია (84), 2:2 მანდრიჩენკო (95. პ).
მოლდოვა: დ. რუსუ, ლეუ, კოსტანდაკი, იონიცე (70. ლამბარსკი), მანდრიჩენკო, გ. ანდრონიკი (70. ტრიბოი), გეორგიევი (88. სკრიპჩენკო), სტარჩუკი (54. გინსარი), ხოვანსკი, დიულგერი, ჟარდანი
სათადარიგოები: სტაჟილა, ლიაგუ, პლეტიკე.
მწვრთნელი: ს. კირილოვი.
საქართველო: ზარქუა (46. ლეგაშვილი), იოსელიანი, აფაქიძე, კალანდაძე, ჯიშკარიანი, ყაზაიშვილი (80. გუგუჩია), კვეკვესკირი, თარხნიშვილი (46. ოქრიაშვილი), ჭანტურია (ჟიღაური, 46), ძალამიძე (46. ქობალია), შეყილაძე (81. ბეგლარიშვილი).
სათადარიგოები:
კაკულია, სიხარულია, ხუციძე.
მწვრთნელი: ო. გაბელია.
გაფრთხილება: ძალამიძე (28), კვეკვესკირი (75).
მსაჯი: გ. სიდენკო (მოლდოვა)

ეს მატჩი ინტერნეტით ბევრმა ნახა და, მიუხედავად იმისა, რომ ჩვენების ხარისხი ვერ იყო სასურველი, ცხადად ჩანდა - ქართველების წინააღმდეგ ითამაშეს 11-მა მოლდოველმა ფეხბურთელმა და... მოლდოველმავე მთავარმა მსაჯმა გენადი სიდენკომ. კი ბატონო, მასპიძელს აქვს უფლება, ახალგაზრდული ნაკრებების მატჩის გაძღოლა თავისიანს მიანდოს, მაგრამ ნამუსზე ხელის აღებასაც ხომ უნდა ჰქონდეს საზღვარი...

სუბიექტურობა რომ არ დაგვბრალდეს,, ვნახოთ, რას წერენ თავად მოლდოველები:

"ქართველების მეორე გოლის შემდეგ ისე ჩანდა, თითქოს საინტერესო აღარაფერი მოხდებოდა. თუმცა შეცდა ის, ვინც ასე იფიქრა: არბიტრმა გენადი სიდენკომ მაყურებლებისა და ჟურნალისტებისთვის აუხსნელი მიზეზებით მთელი ექვსი წუთი დაამატა თამაშს.

მეოთხე წუთის მიწურულს მან კვლავ მიუთითა თერთმეტმეტრიანის ნიშნულისკენ, თუმცა ქართველებმა წესი საჯარიმოს გარეთ დაარღვიეს. ამგვარად, სერგეი კირილოვის გუნდი მსაჯის ორი პენალტის წყალობით (რომელთაგან მეორეც ძალიან საეჭვო იყო) გადაურჩა წაგებას. სტუმრები კი მოლოდოველის მსაჯობით უკმაყოფილებას ემოციურად გამოხატავდნენ" - წერს "მოლდფუტბოლი".

ანგარიში 32-ე წუთზე ირაკლი შეყილაძემ გახსნა 15 მეტრიდან დარტყმით - 0:1. ქართველები უფრო მეტს უტევდნენ, ბურთსაც აკონტროლებდნენ და მოლდოველებს მწვევე შეტევის განხორციელების საშუალებას არ აძლევდნენ. მაგრამ 64-ე წუთზე სიდენკომ პირველი პენალტი მოიგონა, რომელიც გეორგე ანდრონიკმა გამოიყენა - 1:1.

მატჩის მიწურულს ირაკლი ქობალია ფლანგიდან ჩაწოდებულ ბურთს თავით შესწვდა და საქარველოს ნაკრები მეორედ დაწინაურდა - 1:2.

მასპინძლები კვლავ უკბილოდ კი უტევდნენ, მაგრამ არბიტრი ილესავდა კბილებს. აიღო და სრულიად უსაფუძვლოდ დაამატა ექვსი წუთი, როდესაც თამაში თითქმის არ გაჩერებულა. მოლდოველებისთვის ნაჩუქარ ამ წუთებში კი საჯარიმოდან მოშორებით მომხდარ ეპიზოდში ჩვენიანი დაადანაშაულა და დანიშნა პენალტი, რომელიც კონსტანტინ მანდრიჩენკომ ზუსტად დაარტყა - 2:2.

მატჩის შემდეგ ქართველთა მთავარ მწვრთნელ ოთარ გაბელიას მსაჯობით უკმაყოფილება არ დაუმალავს, მისმა გუნდმაც მოედანი უკმაყოფილომ დატოვა.

ჩვენ დავუკავშირდით ოთარ გაბელიას.

- მსჯაობით აღშფოთებული ჩანდით.
- ცხადია, ასეც იქნებოდა. საბჭოთა კავშირისა და საქართველოს ჩემპიონატებში, ევროტურნირებზე არაერთი მატჩი ჩამიტარებია როგორც მწვრთნელსა და როგორც მეკარეს, მაგრამ ასეთი აღმაშფოთებელი მსაჯობა არასოდეს მინახავს. ყველაფერი დაიწყო მატჩამდე, როდესაც მასპინძლებს ვთხოვე, 20 ფეხბურთელით ჩამოვდივართ და მინდა, ყველა ვათამაშო-მეთქი. კატეგორიული უარი შემოგვითვალეს. მივხვდი, რაღაც ცუდს აპირებდნენ, შვიდზე მეტი შეცვლა არ გვინდაო.

დაიწყო მატჩი და ანგარიში შეყილაძემ გახსნა. მსაჯი აშკარად ანერვიულდა და საოცარი გადაწყვეტილებების მიღება დაიწყო. ბიჭები გავაფრთხილე, რომ ასეთი რამ მოსალოდნელი იყო, განსაკუთრებით საჯარიმოში. მოლდოველებმა თამაშით რომ ვერაფერი დაგვაკლეს, მეორე ტაიმში პენალტი მოიგონა, არადა, ჩვენი ფეხბურთელი მხოლოდ შეეხო მასპინძელთა მოთამაშეს, ის კი დაწვა.

ეს კიდევ არაფერი, მსაჯმა ექვსი წუთი დაამატა, პენალტის დანიშვნა კი ფანტაზიაზე მეტიც იყო - ჩვენს მოთამაშეს წესი არც დაურღვევია, თანაც, სადავო ეპიზოდი საჯარიმოდან ხუთ-ექვს მეტრში მოხდა.

- ჩვენების თამაშზე რას იტყვით?
- ზოგით კმაყოფილი დავრჩი, ზოგით - უკმაყოფილო, სამწუხაროდ, თარხნიშვილმა ტრავმა მიიღო, მეორე ტაიმში შეცვლები მაქსიმალურად გამოვიყენეთ და თამამად ვიტყვი, რომ ჩვენ უკეთ გამოვიყურებოდით.

ჩვენთვის ეს ჭკუისსასწავლი მატჩიც იყო, რადგან ბიჭები ასეთ მსაჯობას უნდა შეეჩვიონ და ისწავლონ უპირატესობის გამოყენება, რათა მასპინძელს მსაჯმაც ვერ უშველოს.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 3 /
ციგანი ხიხოები ზესტაფონთან დამარცხებას ვერ ეგუებიან და იმის გამოძახილია ეს ყოველივე...
davidame
12:03 11-08-2011
0
ნუთუ არ შეიძლება ამ ყბადაღებული მსაჯობის საკითხის დასმა იქ, სადაც საჭიროა (უეფაში ან ფიფაში)? ერთხელ შერჩებათ ასე, დაუსჯელად, ორჯერ, და მერე ოფიციალურ მატჩებში უარესს იზავენ!
Tornike
12:44 11-08-2011
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული