- ბატონო ოთარ, გასული თამაში შევაფასოთ, სომხეთი საკმაოდ მძიმე მეტოქე აღმოჩნდა.
- მათი თამაში ირლანდიასთან და ესტონეთთან რომ ვნახე, მშვენიერი შთაბეჭდილება დატოვეს. განსაკუთრებით კარგად ბოლო მატჩში გამოიყურებოდნენ, რადგან ეროვნული ნაკრებიდან ხუთი ფეხბურთელი დაიმატეს. ჩვენ ჯგუფში ბევრი რთული მეტოქე გვყავდა, შვეიცარია, ირლანდია, ესტონეთი, მაგრამ ერევანში გამართული შეხვედრა ყველაზე რთული აღმოჩნდა. სომხებმა ეროვნული ნაკრებიდან ხუთი მოთამაშე დაიმატეს და მათ თავისი ძალა გამოაჩინეს, ჰამლეტ მხითარიანის მსგავსი დონის ფეხბურთელი კი არც ერთ მოწინააღდეგეს არ ჰყავს. გარდა ამისა, სიცხეც ხელს გვიშლიდა, მაგრამ ეს სომხებსაც უქმნიდა პრობლემას და არ მინდა ისე გაიგოთ, თითქოს ამინდი მხოლოდ ჩვენზე მოქმედება.
სხვათაშორის, მატჩამდე საკმაოდ დაძაბული ვიყავი. სომხები ჩვენი ძმები კი არიან, მაგრამ ჩვენი თამაშები ყოველთვის განსაკუთრებული დაძაბულობით გამოირჩეოდა. ასე იყო თბილისის ~დინამოს" საბჭოთა ჩემპიონატში გამოსვლის პერიოდში და ასეა ახლაც. ჩვენ ყენია, მჭედლიძე, ბარაბაძე და დაუშვილი ვერ გვეხმარებოდნენ და ბუნებრივია, ამან დაგვასუსტდა. თუმცა, სხვა გზა არ გვქონდა და უნდა გვებრძოლა.
- კარგია, ოთხეულის არყოფნა რომ ახსენეთ – წინა მატჩში შვეიცარიასთან ხშირად ახსენებდით დისკვალიფიკაცირებული გულვერდ თომაშვილის არყოფნას. ~დინამოს" მცველი ერევანშიც იყო, მაგრამ ძირითადში რატომ არ ათამაშეთ, ის ხომ ახალგაზრდულში ერთ-ერთი ყველაზე სტაბილური და საიმედო ფეხბურთელია?
- აბსოლუტურად გეთანხმებით, მაგრამ საქმე ისაა, რომ ამ შესარჩევ ციკლში დაცვამ ყველაზე საიმედოდ შვეიცარიასთან ბოლო მატჩში ითამაშა. ამიტომ ცვლილება არ მსურდა. არადა, ვფიქრობდი მის დაყენებაზე. თუმცა, როდესაც სომხებმა შემოგვიტიეს, თომაშვილი საჭირო გახდა და ვათამაშე. გულვერდს ვენდობი და ის ძირითადი შემადგენლობის ფეხბურთელად მოიაზრება.
- ჩვენი არ იყოს, სომხებმაც უამრავი საგოლე მომენტი შექმნეს. თქვენი აზრით, შედეგი ლოგიკური იყო?
- სომხებმა თუ ვერ გაიტანეს და ჩვენი შესაძლებლობებით უკეთ ვისარგებლეთ, შედეგი ლოგიკური ამიტომ არაა?! ჩვენი პრობლემა კონცენტრაციის ნაკლებობაა. როდესაც 2:0 დავწინაურდით, მაშინ ყვირილით ხმა ჩამიწყდა, ბიჭებს ვთხოვდი ყურადღებით ეთამაშათ, მაგრამ ამ ნაკლს მაინც ვერაფერი მოვუხერხე, აშკარად მოვეშვით და კინაღამ დავისაჯეთ. შეიძლებოდა შეხვედრა ფრედ დასრულებულიყო. ჩვენმებმა ჩათვალეს, რომ მოგებული გვქონდა, როდესაც მეორე გოლი მხოლოდ 49-ე წუთზე გავიდა, ანუ მთელი მეორე ტაიმი წინ იყო. თან, ხომ ნახეთ მსაჯი რას აკეთებდა და ვინერვიულე. კიდევ კარგი, გაშვებული გოლის შემდეგ, ბიჭები გონს მოეგნენ და კვეკევსკირის გოლმაც სულზე მოგვისწრო.
ალბათ, მეორე ტაიმში გუნდი რომ მოეშვა, ამის მიზეზი ისიცაა, რომ ზოგიერთი ფეხბურთელი შეკრებაზე მოუმზადებელი გამოცხადდა. მართალია, მოგებულ შემადგენლობას არ ცვლიან, მაგრამ თურქეთთან თამაშში კორექტივები თუ არ შევიტანეთ და 2-3 მოთამაშე არ გამოვცვალეთ, ძალიან გაგვიჭირდება. ყველამ იბრძოლა, რისთვისაც თითოეულ მათგანს მადლობას ვუხდი. ამის მიუხედავად, სირცხვილი იყო, ისეთ ბავშვურ შეცდომებს ვუშვებდით. საერთოდ, გუნდი, რომელიც მუდამ კონცენტრირებული არაა, წარმატებას ვერასდროს მიაღწევს. შულ ამს ვეუბნები ბიჭებს, მაგრამ მაინც იგივეს აკეთებენ.
- სომხებს კი მოვუგეთ, მაგრამ ჩვენების შეცდომები დასაფიქრებელია. ზესტაფონში 0:4 წაგებისთვის, თურქეთი შინ გამწარებული შეგვიტევს და საეჭვოა, დაცვაში მსგავსი შეცდომები გვაპატიოს.
- მარტო თურქები კი არა, არავინ გვაპატიებს. ესტონეთთან იგივე არ მოგვივიდა, ორჯერ მოვდუნდით და თამაში წავაგეთ, რაც დღემდე ვერ მომინელებია. თურქებთან მატჩამდე ბევრი პრობლემა გვაქვს. ჩვენ კიდევ არ ვიცით, ეროვნულ ნაკრებში ვის მიიწვევენ. ეროვნული ქვეყნის მთავარი გუნდია და უფლება არ გვაქვს, მოთამაშე არ გავუშვათ. სამწუხაროდ, მატჩების გრაფიკებიც დაემთხვა, ეროვნული ნაკრები შესარჩევ ციკლის მატჩებს 3 და 7 სექტემბერს ატარებს, ჩვენ კი 4 და 7 სექტემბერს და ესეც პრობლემაა. თუმცა, ყოველთვის ასე იყო და წუწუნს მიჩვეული არ ვარ – ასე რომ, დარჩენილ ორივე შეხვედრაში უნდა ვიბრძოლოთ.
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"