ჰუფნაგელის სანაკრებო დებიუტი ახლოვდება

AutoSharing Option
ევროპის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ტურნირისთვის მზადებას განაგრძობს საქართველოს 17-წლამდელთა ნაკრები. კობა ჟორჟიკაშვილის გუნდი ამჟამად ურეკში იმყოფება, სადაც ნაყოფიერ შეკრებას გადის. შეკრება 19 აგვისტოს დასრულდება.

განვლილი დღეების განმავლობაში ქართველმა 17-წლამდელებმა ინტენსიურადაც ივარჯიშეს და ორი საკონტროლო მატჩიც ჩაატარეს, რომლებიც მისაღები შედეგებით დაასრულეს – ოზურგეთის "მერცხალი" 3:1 დაამარცხეს, ხოლო ლანჩხუთის "გურიასთან" ფრედ, 0:0 ითამაშეს. შკრების დასრულებამდე ჟორჟიკაშვილის ფეხბურთელები ამავე გუნდებს კიდევ თითოჯერ შეხვდებიან.

ამჟამად სანაკრებო შეკრებაზე 24 ფეხბურთელი იმყოფება. ნაკრები რამდენიმე დღეში პალანგაში გაემგზავრება, სადაც 23-29 აგვისტოს იქაურ საერთაშორისო ტურნირში მიიღებს მონაწილეობას. შარშან გიორგი
დევდარიანის 17-წლამდელებმა ეს ტურნირი მოიგეს და იმედია, ეს სასიამოვნო ტრადიცია წლეულსაც გაგრძელდება.

ზემოთ ნახსენები 24 ფეხბურთელიდან ჟორჟიკაშვილი პალანგის ტურნირისთვის 17-ს შეარჩევს, ნაკრების მე-18 მოთამაშე კი მიუნხენის "ბაიერნის" წევრი ლუკას ჰუფნაგელი იქნება. უკვე ზედმეტია იმის შეხსენება, რომ იგი დედით ქართველია და თავად გამოთქვა საქართველოს 17-წლამდელთა ნაკრებში თამაშის სურვილი. იმედი ვიქონიოთ, რომ იგი ჩვენს გუნდს საგრძნობლად გააძლიერებს. საერთოდ კი, ჟორჟიკაშვილი ყოველთვის ხაზგასმით ამბობს, რომ პალანგის განაცხადში შეყვანილ ფეხბურთელებს ნაკრებში ადგილი სულაც არ აქვთ დაბევებული და შესარჩევი ტურნირისთვის 18-კაციან შემადგენლობას მოგვიანებით დაასახელებს.

პალანგაში ჩასვლას ვერ ახერხებს ჩვენი კიდევ ერთი ლეგიონერი, "მიუნხენ 1860"-ში მოთამაშე ლუკა ჩხაიძე, მაგრამ ჩვენი ნაკრების სამწვრთნელო შტაბს აქვს საიმედო ინფორმაცია იმის შესახებ, რომ ლუკა ნაკრების დასკვნითი შეკრებისთვისაც ჩამოვა და შესარჩევ ტურნირშიც დაგვეხმარება.


მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული