ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტის, ზვიად სიჭინავას თქმით, საქართველოს 17, 19-წლამდელების და ახალგაზრდული ნაკრებების კოორდინირება ქეცბაიას დაევალა და სწორედ ამან განაპირობა ჭედიას ახალგაზრდულში გამწესება. ვფიქრობთ, ინტერესმოკლებული არ უნდა იყოს ახალგაზრდული ნაკრების მთავარ მწვრთნელთან ინტერვიუ:
- აქამდე ასისტენტად მუშაობდით, ახლა გაცილებით მეტი პასუხისმგებლობა დაგეკისრათ. ამ ჯვარის აღება რთულიც იქნებოდა და
- საქართველოში მწვრთნელობა მართლაც უძნელესი პროფესიაა, მით უფრო რანგით მეორე ნაკრებში. თანაც გაბელია ისეთ დროს წავიდა, ამას წინასწარ ვერავინ განსაზღვრავდა. ესპანეთთან წაგების შემდეგ ძნელი იყო ამ გადაწყვეტილების მიღება, მაგრამ ქეცბაიამ გადაწყვიტა, რომ ყველა ნაკრები ერთ სისტემაში მოგვექცია.
ადრეც ასე იყო, მაგრამ ახლა სისტემის სახეს მიიღებს. მე კი ვიცი თემურს რა უნდა, რას ითხოვს, როგორი სტრატეგია და ტაქტიკა აქვს, რადგან ხუთ წელზე მეტია, ერთად ვმუშაობთ. ამიტომ გავბედე და ეს ნაბიჯი გადავდგი, რადგან ახალგაზრდული ნაკრებიდან წასული მოთამაშე ეროვნულის წევრის შემცვლელი უნდა იყოს. ჩვენ კი ვფიქრობთ, 4-5 მოთამაშე მაინც დავაწინაუროთ - ბევრი ნიჭიერი ახალგაზრდაა, მაგრამ ეროვნულის მოთხოვნების, ტაქტიკისა და დავალებებისთვის მომზადებული უნდა გამოცხადდეს.
ყველა მწვრთნელს განსხვავებული სტრატეგია აქვს და ცდილობს, თავისებურად ათამაშოს გუნდი. კარგი იქნება, თუ ერთი გუნდი წაიყვანს საქმეს და ახალგაზრდები თავიდანვე გაეცნობიან მოთხოვნებს.
- 1991 წელს თბილისის "დინამოდან" რომ წახვედით, თქვენზე ბევრი არაფერი იყო ცნობილი, თუნდაც იმაზე, როგორ დაიწყეთ მწვრთნელობა.
- პირველი ოქროს მედალი ეროვნულ ჩემპიონატში ავიღე და შვედეთის "სუნდსვალში" წავედი, რომელიც უეფას თასზე გამოდიოდა.
იქიდან ჯერ კვიპროსულ "ოლიმპიაკოსში" , შემდეგ კი, 1996 წელს "ნაბერეჟნიე ჩელნის" "კამაზში" გადავედი, ექვსი თვე ვითამაშე და ზუგდიდის "ოდიშში" მურთაზ ხურცილავამ ჩამომიყვანა. სამწუხაროდ, გუნდს არანაირი დაფინანსება არ ჰქონდა, 1997 წელს კარიერა დავასრულე და მაშინვე "შევარდენში" მწვრთნელობა დავიწყე, სადაც ძალიან ძლიერი და შეკრული კოლექტივი დამხვდა - შოთა ჭეიშვილი, ზაურ სვანაძე, ნოდარ აკობია.
მათთან სამი წელი ვიმუშავე და ეს პერიოდი არასოდეს დამავიწყდება. 1983 წელს დაბადებული ბავშვებით ჭაბუკთა ლიგის ჩემპიონები გავხდით, 1985 წელს დაბადებულებმა კი მესამე ადგილი დაიკავეს.
მერე ვარკეთილში საკუთარი საფეხბურთო სკოლა ჩამოვაყალიბე, "ა" კატეგორიის სამწვრთნელო ლიცენზია მივიღე და თემურმა "ანორთოსისში" მიმიწვია. ამ კლუბთან ბევრი სიხარული და წარმატება მაკავშირებს, კვიპროსის ჩემპიონები გავხდით, სუპერთასი ავიღეთ და თასის ფინალში გავედით, ჩემპიონთა ლიგაში მოხვედრა კი უდიდესი წარმატება იყო.
მაგრამ გუნდში პრობლემები შეიქმნა და "ოლიმპიაკოსში" წავედით - საბერძნეთში სამი თვე ვიყავით, ექვსი შეხვედრიდან ხუთი მოვიგეთ, ერთი ფრედ დავასრულეთ და გოლი არ გაგვიშვია, მაგრამ წამოსვლა მოგვიხდა.
- ქეცბაიამ "ოლიმპიაკოსის" ფეხბურთელებს სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა და კონფლიქტიც ამის გამო მოხდაო.
- არ დაიჯეროთ, თავად ფეხბურთელებმა გააკეთეს კომენტარი და თქვეს, რომ ქეცბაიასთან პრობლემა არ ჰქონიათ, ყველაფერი "ოლიმპიაკოსის" ხელმძღვანელობიდან დაიწყო, თემურის რაღაც არ მოეწონათ, რადგან მათი მოწონებული ბიჭები არ ათამაშა.
- მეგონა, ასეთები მხოლოდ საქართველოში ხდებოდა.
- საქართველო გამონაკლისი არ არის. ამ თემის განვრცობა აღარ მსურს, მაგრამ ფეხბურთელებთან კონფლიქტი არ ჰქონია.
- ეროვნულმა ნაკრებმა ქეცბაიას ხელმძღვანელობით კარგად დაიწყო, ხალხი ფეხბურთისკენ შემოტრიალდა და იმედი გაუჩნდა, მაგრამ სწორედ ამ დროს ჩააგდო ნაკრებმა წელი. გუნდში ტრიალებთ და თქვენი აზრი საინტერესო იქნება - რა პრობლემებია გუნდში?
- ნაკრების გადასახედიდან ვრწმუნდები, რომ ბავშვთა ფეხბურთს უნდა მივხედოთ. არ შეიძლება დაწყებითი სწავლება მიშვებული იყოს, რადგან სწორედ ამის დამღუპველ შედეგებს ვიმკით. სკოლა რომ არ გაუვლიათ, თეორიული, ტაქტიკური განთლება არ აქვთ, რაც ასაკში იჩენს თავს.
ამიტომ მიხარია, საკუთარ აკადემიებს რომ აკეთებენ "დინამო", "ტორპედო", "ზესტაფონი", "ბაია", ახლა "ოლიმპიც", მათ სხვა გუნდები მიბაძავენ და იმედია, ნიჭიერი ბავშვებს განათლებული მწვრთნელები გაზრდიან.
ახლა უშუალოდ კითხვაზე გიპასუხებთ: ერთი წელი მაქსიმალური მონდომებისა და თავდადების ხარჯზე ვითამაშეთ, მერე გასვლის შანსი გაგვიჩნდა და მოგება დაგვჭირდა, გუნდს სწორედ ამ დროს გაუჭირდა. როგორც გახსოვთ, მანამდე მეორე ნომრად ვთამაშობდით, მოგებისა და "პლეი ოფში" გასასვლელად კი უფრო მაღალი დონის შემსრულებლები დაგვჭირდა.
- ლატვიას ჩვენზე უკეთესი შემსრულებლები როგორ ჰყავს, მათი ძირითადის ოთხი მოთამაშე რუსეთის პირველი ლიგის "ალანიაში" დაიწუნეს, საქართველოს ნაკრებს კი იმის ფუფუნება აქვს, რუსეთის პრემიერლიგის ზოგიერთ მოთამაშე არც მიიწვიოს.
- ორი აზრი არ არის, ლატვიაზე უკეთესი მოთამაშეები გვყავს, მაგრამ ჩვენთან ოთხი ქულა სიზმარში აიღეს. აშკარად მათზე უკეთ ვითამაშეთ, მაგრამ ეს იყო საშინლად უიღბლო დღე. როდესაც მოთამაშეების კვალიფიკაციაზეა ლაპარაკი, ისეთებს ვგულისხმობ, პლეი ოფში თავისუფლად რომ გაგვიყვანენ.
ახალი კონტრაქტის შემდეგ აქცენტი ახალგაზრდებზე გაკეთდება, მათ თამაშისა და თავის გამოჩენის შანსი მიეცემათ, ახალი ციკლი ევრო- 2016-ის შესარჩევი ციკლისთვის მოსამზადებლად უნდა გამოვიყენოთ; ევრო-2016-ზე მოხვედრისთვის კი აუცილებლად უნდა ვიბრძოლოთ.
- თქვენ ეროვნულ ნაკრებშიც იმუშავებთ?
- ახალგაზრდულს მხოლოდ ამ ციკლის დასრულებამდე გავწვრთნი, შემდეგ კი სხვას ჩააბარებენ, მე კი ისევ ეროვნულს დავუბრუნდები.
- ლოგიკით, ესპანეთთან წაგების შემდეგ ახალგაზრდულის მოთამაშეები სტრესში იქნებიან.
- ეს ძალიან დიდი პრობლემაა. თანაც 7 ოქტომბერს გვესტუმრება ევროპის ჩემპიონატის ფინალისტი შვეიცარია, რომელსაც ესპანეთმა მოუგო. იმ გუნდიდან ესპანეთს 7 მოთამაშე დარჩა, საიდანაც 3 ქუთაისში არც ჩამოსულა, შვეიცარიას კი 10 ფეხბურთელი დარჩა.
მაგრამ ესპანეთთან მატჩი უნდა გავაანალიზოთ და ეს სტრესი დროულად დავივიწყოთ. საქართველოდან უბრალოდ ქულები არავინ უნდა წაიღოს.
- თქვენ ერთიანი სანაკრებო სისტემა ახსენეთ, მაგრამ ეროვნულში უფრო ძლიერი დაცვის ხაზის მოთამაშეები არიან, ახალგაზრდულში შემტევები და სხვა სტილის ფეხბურთსაც აჩვენებენ. ამ გუნდებს ერთ სტილზე როგორ გადაიყვანთ?
- თუ გახსოვთ, საფრანგეთის ნაკრები რომ გვესტუმრა, სამი თავდამსხმელით ვეთამაშეთ, პლიუს ნახევარდაცვაში დათო მუჯირი თამაშობდა და 0:3 წავაგეთ. ახლა ევროპის ჩემპიონატის ფინალისტთან წინმოუხედავად თავდასხმაში გავიქცეთ?
ჩვენი მიზანია, რეალურად გავაანალიზოთ, ვინ ვართ ჩვენ და რა დონის მეტოქეს ვხვდებით. შენ რომ გინდა ესპანეთთან შემტევი ფეხბურთის ჩვენება, შეგიძლია? თორემ, ესტონეთი რომ ჩამოვა, რა თქმა უნდა, შევუტევთ, ამის პოტენციალი გვაქვს - ჭანტურიას, ძალამიძეს, შეყილაძეს, მჭედლიძეს, ყაზაიშვილს უყვართ და შეუძლიათ შეტევა. მაგრამ მესი დასდევს მეტოქეს და დაცვაში თამაში ჩვენმა ბიჭებმაც უნდა ისწავლონ. მარტო წინ გაქცევით მეორე ესპანეთს მივიღებთ.
- ახალგაზრდულ ნაკრებში სელექციისას რა პრინციპით იხელმძღვანელებთ?
- ჩვენ უნდა ჩამოვაყალიბოთ გუნდი, რომლის ყველა წევრიც მის ინტერესებს დაიცავს. მე იქ მინდა თამაში, ასე ვერ გავიქცევი, ისე მირჩევნია და მხოლოდ შევუტევ - ეს არ არის ნაკრების მოთამაშის სალაპარაკო.
- ასეთი პრეტენზიები ნაკრების მოთამაშეებისგან ხშირად ისმის?
- ასეა მთელს მსოფლიოში და მწვრთნელი იმიტომაც არის, მოთამაშეთა თავნებობა, რომ აღკვეთოს და ისინი გუნდურ ინტერესებს დაუქვემდებაროს.
- დაახლოებით მსგავსი რამ თქვა ქეცბაიამ გოგიტა გოგუასთან დაკავშირებით, მაგრამ მერე გაფართოებულ სიაში მოხვდა.
- გოგუა ძალიან ნიჭიერი ფეხბურთელია, მაგრამ ნაკრების ინციდენტის შემდეგ მისი კარიერაც აირია, ახლაც პრობლემები აქვს და გულშემატკივარმაც უნდა გაიგოს, ასეთი მოთამაშის ნაკრებში გამოძახება ძნელია.
საერთოდ, ბოლო დროს "ვოლგაში" დატრიალებული მოვლენები ჩვენ ძალიან გვადარდებს, რადგან დუბლებში გადაიყვანეს ჯერ გოგუა, ხოჯავა და სალუქვაძე, ახლა კი გრიგალავასაც არ ათამაშებენ. რა არის ამის მიზეზი, ჩვენთვის უცნობია. მაგრამ რუსებზე რა უნდა ვთქვათ, როდესაც ჩვენთვის გაუგებარი რამ ხდება ბუბა დაუშვილთან დაკავშირებითაც.
ნაკრების წევრია, იმედისმომცემი ფეხბურთელია და მესმის, კლუბთან პრობლემა აქვს, ჩემი გასარჩევიც არ არის, მაგრამ გუნდის ინტერესში არ იყო "ბრიუგესთან" მისი თამაში? დუბლებში გადაიყვანეს და როგორც გვითხრეს, იქაც არ ათამაშებენ. არადა, ლატვია-მალტასთან ძალიან გვჭირდებოდა. რომ იცოდეთ, ლატვია-მალტასთან დაუშვილის არყოფნამაც შეგვიქმნა გარკვეული პრობლემა, რადგან მოუმზადებელი იყო.
- ერთიანი სანაკრებო სისტემა იმას ხომ არ ნიშნავს, რომ ახალგაზრდული და ეროვნულის შეკრებაც ერთად გაიმართება?
- ასე არ ვაპირებთ, როგორც ადრე იყო, შეკრებებს ცალ-ცალკე გამართავენ.
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
საერთოდ სირცხვილია, რომ ეს კაცი ახალგაზრდულ ნაკრებში მხოლოდ იმიტომ ინიშნებოდეს, რომ ქეცბაიას ძმაკაცია!
რა უიღბლობაზეა ლატვიასთან ლაპარაკი, ყველაფერს რო თავი დავანებოთ, თითქმის უკლებლივ ყველა აუტში მოწოდებულ აუტზე მეხსიერება ღალატობს? და მალტასთან თამაშზე რაღას იტყვის? სანამ საბვაშვო ფეხბურთში მართლა ძირეულად არ შეცვლება ყველაფერი და საკუთარ სკოლას არ ჩამოვაყალიბებთ, ასეთი მაჩანჩალები ვიქნებით სულ!
აუტში მოწოდებულ კ უ თ ხ უ რ ზე.