U17: ბულგარეთ-მოლდოვას გავცდით, ელიტაშიც არ უნდა შევრცხვეთ

AutoSharing Option
რამდენიმე დღის წინ საქართველოს 17-წლამდელთა ნაკრების მთავარი მწვრთნელის, ვასილ მაისურაძის ინტერვიუ შემოგთავაზეთ და ჩვენი გუნდის მიერ წარმატებით განვლილი ევროპის ჩემპიონატის შესარჩევი ეტაპი შევაჯამეთ. ამის მიუხედავად, მაინც ღირს, მიხეილ მესხის სახელობის სტადიონზე გუშინ გამართული პრესკონფერენციის შესახებ გიამბოთ.

მედიის წინაშე ვასილ მაისურაძის გარდა საქართველოს ნაკრების სამი ფეხბურთელი წარდგა - გუნდის კაპიტანი გიორგი აბურჯანია, ნიკა ჭანტურია და ჭიაბერ ჭეჭელაშვილი.

ვასილ მაისურაძე:
- უპირველესად, დიდ მადლობას ვუხდი სამწვრთნელო შტაბს, ფეხბურთელებს და ნაკრების პერსონალს. მათი მონდომებისა და თავდადების გარეშე ვერაფერს მივაღწევდით.

შედეგი მართლაც კარგია, მაგრამ
ეს იმას არ ნიშნავს, რომ ყველაფერი იდეალურადაა. პირიქით, ხარვეზები და საფიქრალი არ გვაკლია. თუმცა ელიტრაუნდამდე მდგომარეობის გასაუმჯობესებლად დრო გვაქვს და მის მაქსიმალურად ნაყოფიერად გამოყენებას ვეცდებით.

მოლდოვაში იოლი მატჩები არ გვქონია, შვედეთისა და ბულგარეთის ნაკრებები ფიზიკური მომზადებით გვჯობდნენ კიდეც, მაგრამ წარმატებას საბრძოლო განწყობითა და გუნდური თამაშით მივაღწიეთ.

- ჯგუფში პირველი ადგილის დაკავების შანსი არ გვქონდა?
- შვედებთან შეხვედრა გადამწყვეტი რომ ყოფილიყო, დარწმუნებული ვარ, არ წავაგებდით. სხვათა შორის, ყველაზე დიდი უპირატესობა ამ მატჩში გვქონდა, მაგრამ საგოლე შანსები ვერ გამოვიყენეთ. როგორც იცით, ეს შეხვედრა არაოპტიმალური შემადგენლობით ჩავატარეთ. გამარჯვებისთვის კი ვიბრძოლეთ, მაგრამ ამ თამაშს მაინც ისე მივუდექით, როგორც ხარისხიან სპარინგს.

- როგორ იყო ტურნირი ორგანიზებული?
- თუ იმას არ მივიღებთ მხედველობაში, რომ პირველი მატჩის ჩასატარებლად დილაადრიან 80-90 კილომეტრი ვიმგზავრეთ, ყველაფერი რიგზე იყო. მასპინძლებმა იდეალური პირობები შეგვიქმნეს, კიშინიოვთან ახლოს მდებარე მოლდოვის ეროვნული ნაკრების ბაზაზე ვცხოვრობდით. აქვე იმასაც ვიტყვი, რომ ბულგარეთთან შეხვედრა სულაც არ ჩაგვიტარებია ნეიტრალურ გარემოში - თამაში ბულგარეთის საზღვრის სიახლოვეს გაიმართა და თავისიანების საქომაგოდ ბულგარელი გულშემატკივრები ოთხო ავტობუსით ჩამოვიდნენ.

- ელიტრაუნდისთვის მოსამზადებელი პერიოდი უკვე დაიგეგმა?
- ჯერ გავიგებთ, ვის შევხდებით ელიტრაუნდში და მზადების დეტალურ გეგმასაც სწორედ ამის შემდეგ შევიმუშავებთ.

- ხარვეზებიდან ყველაზე მეტად რას გამოარჩევდით?
- დაცვის ხაზში არსებული პრობლემები სასწრაფოდაა მოსაგვარებელი. ძალიან ბევრი ელემენტარული შეცდომა დავუშვით და ეს აღარ უნდა გამეორდეს. წარმატების მიუხედავად, უსიამოვნოა, მოლდოვაში ჩატარებული სამი შეხვედრიდან კარი მშრალად ერთშიც რომ ვერ შევინახეთ. არც თავდასხმით ვარ კმაყოფილი და აქაც უკეთესობის იმედი მაქვს.

- ალბათ, ახალი ფეხბურთელების ძიებასაც განაგრძობთ.
- აუცილებლად. ამ ასაკში ტალანტების აღმოჩენა ყოველთვის შესაძლებელია და იმედია, ელიტრაუნდს გაძლიერებული შემადგენლობით შევხვდებით.

ნიკა ჭანტურია:
- მცველი ვარ და მწვრთნელს დავეთანხმები - დაცვა დროულადაა მისახედი. მჯერა, ამას შევძლებთ კიდეც. მოლდოვაში კი საინტერესო და დაძაბული მატჩები ჩავატარეთ, სადაც, საბედნიეროდ, ჩვენმა შემართებამ თავისი გაიტანა და ახლა ისღა დაგვრჩენია, ელიტრაუნდში ღირსეულად სათამაშოდ მოვემზადოთ.

ჭიაბერ ჭეჭელაშვილი:
- ამ წარმატების მიღწევა იოლი სულაც არ ყოფილა. ბევრი დაბრკოლება გადავლახეთ და ვფიქრობ, ელიტრაუნდში დამსახურებულად გავედით. ამისთვის მონდომება არ დაგვიკლია და ყველაფერს გავაკეთებთ იმისთვის, რომ მიღწეულზე არ შევჩერდეთ და ელიტრაუნდშიც წარმატებით ვიასპარეზოთ.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 1 /
ბულგარეთს და მოლდავეთს შორის სად იპოვა საინტერესოა საზღვარი!...:D
georgiano
15:18 01-10-2011
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული