U 21. გაბელიამ მჭედლიძეს დაუძახა

AutoSharing Option
განუგრავამ ახალგაზრდულის თავკაცი სასიამოვნოდ გააოცა

საქართველოს ახალგაზრდული ნაკრები გუნდი 30 აგვისტოს შეიკრიბება. გუნდი თბილისში დაიწყებს მზადებას - გუნდი 4 სექტემბერს საქარიაში თურქეთის ახალგაზრდულს შეხვდება, 7-ში კი თბილისში სომხეთის ნაკრებს უმასპინძლებს და შესარჩევ ციკლს დაასრულებს. სხვათაშორის, ოთარ გაბელია ის იშვიათი გამონაკლისია, რომელმაც ახალგაზრდულ ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე ციკლი შეუცვლელად ჩაატარა, ანუ სტაბილური მუშაობსი საშუალება მიეცა. ამის ლოგიკური შედეგია, ჩვენი გუნდი ევროპის ჩემპიონატის ფინალურ ეტაპზე გასვლის შანსებს რომ ინარჩუნებს.

2011 წლის ევროპის ჩემპიონატის შესარჩევი ციკლის მატჩი თურქეთისა და საქართველოსა ნაკრებებს შორის 4
სექტემბერს საქარიას სტადიონზე გაიმართება. საქართველოს ახალგაზრდული ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა ოთარ გაბელიამ ამ ორი მატჩისთვის 20 ფეხბურთელი გამოიძახა. უნდა ითქვას, რომ გაბელიას სიაში საკმაოდ ბევრი სიახლეა.

მოსკოვის "სპარტაკის" ნახევარმცველი ჯანო ანანიძე ახალგაზრდულს ვერ დაეხმარება - ის თემურ ქეცბაიამ ეროვნულ გუნდში გამოიძახა. ცენტრალური მცველი გიორგი ხიდეშელი ყვითელი ბარათების გამო ვერ ითამაშებს.
"ზესტაფონთან" მატჩში კუნთი გაიჭიმა მათე ვაწაძემ, მაგრამ თბილისის "დინამოსა" და ნაკრების ერთ-ერთი ლიდერი ითამაშებს თუ არა, ეს მისი მკურნალობის ტემპზეა დამოკიდებული.

გამოძახებულია თავდამსხმელი რევაზ ბარაბაძე, რომელმაც სომხეთთან გასვლითი მატჩი ყვითელი ბარათის გამო გამოტოვა - რეზოს ბოლო ორი კვირაა გერმანიის პირველი ბუნდესლიგის "კარლსრუეში" ვარჯიშობს. ნაკრებში არაა გამოძახებული თბილისის "დინამოს" ძირითადი შემადგენლობის ნახევარმცველი გიორგი თექთურმანიძე და მახაჩყალის "ანჟის" ფორვარდი გიორგი ილურიძე. სიახლე კი ზუგდიდელი ლუკა გუგუჩიას, "დიორი ეტოს" 17 წლის თავდამსხმელ თემურ შარაშენიძისა და "ემპოლის" ფორვარდ ლევან მჭედლიძის მიწვევაა. ასაკის მიუხედავად, შარაშენიძე უნგრეთის უმაღლესი დივიზიონის კლუბ "დიორ ეტოს" ძირითად შემადგენლობის ფეხბურთელია და საკმაოდ კარგი სათამაშო პრაქტიკა აქვს. მოკლედ, შემადგენლობა ასეთია:

მეკარეები - როინ კვასხვაძე (ზესტაფონი), გიორგი ბახტაძე (დიორი ეტო, უნგრეთი);
მცველები - ლევან კაკუბავა, გულვერდ თომაშვილი (ორივე - დინამო თბილისი), ლაშა თოთაძე (დიორი ეტო, უნგრეთი), ნიკა კვეკვესკირი (ბაია), გიორგი რეხვიაშვილი (ოლიმპი), გიორგი გურული (ტორპედო);
ნახევარმცველები - თორნიკე ოქრიაშვილი (შახტარი, უკრაინა), გიორგი განუგრავა, თემურ შარაშენიძე (დიორ ეტო, უნგრეთი), ნიკა ძალამიძე (ცსკა, რუსეთი), მურთაზ დაუშვილი (ზესტაფონი), ირაკლი კლიმიაშვილი (ვიტ ჯორჯია), ლუკა გუგუჩია (ბაია);
თავდამსხმელები - რევაზ ბარაბაძე (კარლსრუე, გერმანია), გიორგი ივანიშვილი (შაფჰაუზენი, შვეიცარია), გიორგი ჭედია (ოლიმპი), ლევან მჭედლიძე (ემპოლი, იტალია), მათე ვაწაძე (დინამო თბილისი).
აქვე, ინტერვიუ ახალგაზრდული ნაკრების მთავარ მწვრთნელთან:

- ბატონო ოთარ, გუნდი როდის შეიკრიბება და სად ივარჯიშებს?
- 30 აგვისტოს სასტუმრო "თორში" დავბინავდებით და სავარაუდოდ, საგურამოს ბაზაზე ვივარჯიშებთ, მაგრამ ჯერ მოედანს ჩვენი მწვრთნელი გელა ინალიშვილი ნახავს. ტექნიკურ ცენტრ "ბასაში" ჯერ მოედანი მზად არაა. "ლოკომოტივზე" კი რაგბის საერთაშორისო ტურნირი იმართება და ფიზიკურად ვერ შევალთ. 2 სექტემბერს თურქეთში გავემგზავრებით და საქარიაში დავბინავდებით, რომელიც სტამბულიდან საათნახევარის სავალზეა. 2 და 3 სექტემბერს იქ ვივარჯიშებთ, 4-ში კი თამაშია.

- ჩვენი ყურადღება ნაკრებში დინამოელი ვაწაძის გამოძახებამ მიიქცია - მათე ხომ ტრავმირებულია?
- ტრავმირებულია, მაგრამ 4 სექტემბრამდე ლამის ორი კვირაა დარჩენილი და იქნებ, მანამდე მომჯობინდეს?
- კლიმიაშვილი ბელგიიდან ჩამოსვლას მოახერხებს?
- მისი ამბავი მეც ძალიან მადარდებს. ოფიციალურად მისი ამჟამინდელი კლუბი "ვიტ ჯორჯიაა" და იქ მიწვევა რომ გავუგზავნო, რა შეიცვლება? როგორც ვიცი, ირაკლი ბელგიაშია, "ლოკერენში" საკონტროლო მატჩი უნდა ჩაატაროს, მაგრამ იმედია, დროულად ჩამოვა და დაგვეხმარება.

- ლევან მჭედლიძე ნაკრებში ლამის ორწლიანი შესვენების შემდეგაა გამოძახებული...
- ლევანი მომჯობინდა, იტალიაში ათამაშებენ და არ გამოვიძახო? სხვათა შორის, მის შეხვედრას ინტერნეტით ვუყურე.
- როგორი შთაბეჭდილება დატოვა?
- გადასარევ ფორმაში არაა, მაგრამ საკმაოდ მომეწონა. თუ ვაწაძემ ვერ ითამაშა, ფორვარდი ხომ მჭირდება? ბოლო 25 წუთი ითამაშა, ბევრი იმოძრავა და გუნდს გოლი გაატანინა. სხვათა შორის, ინტერნეტში "დიორი ეტოსა" და მტკ-ს მატჩიც ვნახე და სასიამოვნოდ გაოცებული დავრჩი. შარაშენიძე ძირითადში იყო და საკმაოდ კარგად ითამაშა, განუგრავა კი ორივე გუნდში საუკეთესო გახლდათ. დასამალი არაა, სომხეთთან გუნდმა კარგად ვერ ითამაშა და გიორგიც კარგად ვერ გამოიყურებოდა. ამის შემდეგ, კლუბში მისმა თამაშმა სასიამოვნოდ გამაოცა. ეტყობა, მძიმე ტრავმის შემდეგ მეორე სუნთქვა ეხსნება და ეს ძალიან მახარებს.

- სიაში არაა სომხეთთან გამოძახებული გიორგი ილურიძე, "ბენფიკას" დუბლების მცველი ბაქარ მირცხულავა, "ზესტაფონის" ნახევარმცველი ლექსო ბენაშვილი. მათ არ ენდობით?
- ასე არ ვიტყოდი. უბრალოდ, ამ ეტაპზე არ ვიძახებ, თორემ სამივე მათგანი კარგი ფეხბურთელია. მაგალითად, მირცხულავა მართლა კარგი მცველია, მაგრამ დრო უნდა, ჩვენს ასაკში რომ ითამაშოს. ამ ადგილზე საკმაოდ დიდი კონკურენციაა. რაც შეეხება ბენაშვილს, მის ადგილზე ახლა კახა ალადაშვილი თამაშობს და სათამაშო პრაქტიკაც არ აქვს.

- თავისთავად იბადება ასეთი კითხვა: როცა ნაკრებში 17 წლის ბიჭებს საქართველოს ჩემპიონატიდან იწვევდით, მაგალითად, ოქრიაშვილსა და კვეკვესკირს, რა დააშავა გიორგი ჭანტურიამ, რომელიც, ბოლოს და ბოლოს, "ბარსელონაში" თამაშობდა?
- არავინ ამბობს, რომ ჭანტურიას თამაში არ შეუძლია. ვოვა გუცაევი 19-წლამდელებში აკვირდებოდა და კარგი შთაბეჭდილებაც დარჩა. გიორგის ნახვა თურქეთის შეკრებაზე მეც მსურდა, მაგრამ ეს დღეები უეფას კალენდარში არ იყო შეტანილი და ამას გარდა, "ბარსელონაც" არ უშვებდა. ახლა ვერც გამოვიძახებ, რადგან 17-წლამდელთა ნაკრებში, ჩეხეთის ელიტრაუნდში მოედნიდან გააგდეს და ორ ოფიციალურ შეხვედრას ვერ ჩაატარებს. ამას გარდა, ასაკი მაინც თავისას შვება და ჯერ მისი მიწვევა ნაადრევია, რადგან თავდასხმაში დიდი კონკურენციაა

- გიორგი ხიდეშელის არყოფნაში ცენტრალურ მცველად ვის გამოიყენებთ?
- ჯერ არ ვიცი. არ არის გამორიცხული, თომაშვილი და კაკუბავა გავსინჯოთ.
- ჯანო ანანიძის თამაში საბოლოოდ გამოირიცხა?
- თემურ ქეცბაიას დასჭირდა და მიუხედავად იმისა, რომ ჩვენც ძალიან გვჭირდება, აბსოლუტურად სწორი გადაწყვეტილებაა - ეროვნული ნაკრების ინტერესი ყველა სხვა ნაკრებისაზე მაღლა დგას. ვეცდებით, ჩვენს ხელთ არსებული ძალებით ღირსეულად ვითამაშოთ და არ შევრცხვეთ.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული