გიორგი ხიდეშელი: არ ვიცი, თამაშის დაწყებისას რა მომივა...
- გიორგი, სომხეთთან მატჩის შემდეგ დისკვალიფიცირებული ხართ. არადა, თურქეთის დარ ქვეყანაში თამაში კარიერისთვისაც სასურველია...
- მოედანზე გასვლისას, ჯერ მაინც ხალხზე ვფიქრობთ, რომ იქნებ, გავახაროთ და წარმატებას მივაღწიოთ. თავისთავად ცხადია, კარიერაზეც ვფიქროთ. ჯერ კიდევ ვერ ვაცნობიერებ, ერევანში მიღებული ყვითელი ბარათის გამო, რამხელა მნიშვნელობის თ
- ასეთი ემოციური ხართ?
- დიახ, ემოციური ვარ და განვიცდი, რომ ბიჭებს ვერ დავეხმარები. ძალიან ვნერვიულობ მაშინაც, როცა "ზესტაფონის" თამაშს ტრიბუნიდან ვუყურებ. ნაკრების თამაშზე ლაპარაკიც ზედმეტია. იმედია, გავიმარჯვებთ.
- ახალგაზრდულ ნაკრებში ყოველთვის საიმედოდ თამაშობდი, მაგრამ სომხეთთან საკუთარ თავს არ ჰგავდი. ასეთი რა მოგივიდა?
- ერევანში დაცვაში ყველაზე კარგად კაკუბავამ ითამაშა, მე კი მხარი ვერ ავუბი. საქმე ისაა, რომ 11 დღეში მესამე შეხვედრა ჩავატარე. "ზესტაფონს" მნიშვნელოვანი მატჩები ჰქონდა, ძალიან დავიღალე, ფიზიკურადაც სუსტად ვიყავი, რადგან თამაშის წინა დღეს სიცხეც მქონდა. ამ ყველაფრის გამო, მეორე ტაიმში დავიღალე და ბევრი შეცდომაც დავუშვი. ახლა ბევრად უკეთ ვარ.
- ეროვნულშიც გითამაშიათ, ახალგაზრდულში კი ლამის მეოთხე წელია გიწვევენ. ცოტა უცნაურია, რომ ასეთი სტატისტიკით დღემდე საქართველოში ხართ...
- ბოლო ერთი წლის განმავლობაში არაერთი მიწვევა მქონდა. ყველაზე სასურველი ახლახანს იყო - გერმანიის ბუნდესლიგის სერიოზულ კლუბზე იყო ლაპარაკი, სახელის დაკონკრეტება არ მსურს. თუმცა ერთია სურვილი და მეორე, კლუბების შეთანხმება. "ზესტაფონთან" კონტრაქტი ერთ წელიწადში მიმთავრდება და დიდი სურვილი მაქვს, ევროპულ კლუბში ვითამაშო. ამ პერიოდში მაქსიმუმი უნდა გავაკეთო, ასეც რომ მოხდეს. ისეთ ასაკში ვარ, ახლა წყდება - ან წავალ, ან დავრჩები ჩვენი პირველობის დონეზე და ვეღარ გავიზრდები.
ნიკა კვეკვესკირი: პასუხისმგებლობის გამო, თავისუფლად ვერ ვიყავი
ნიკა კვეკვესკირი საქართველოს პირველობის გამორჩეულ ახალგაზრდებს შორის სახელდება, მაგრამ ასაკიდან გამომდინარე, ახალგაზრდულში არასტაბილურია. იმავე სომხეთთან დაცვაში ნერვიულობდა, მაგრამ ისეთი გოლი გაიტანა, მასპინძლები დაადუმა და საქართველოს სამი ქულა მოუპოვა.
- ნაკრებში თამაში რთულია, განსაკუთრებით, უფროს ასაკში. დიდი პასუხისმგებლობის გამო, გახსნა გამიჭირდა. განსაკუთრებით ირლანდიასთან ვინერვიულე, სამი პოზიციაც გამოვიცვალე და ეს ცალკე სირთულე იყო. სხვადასხვა ადგილას გამოსვლა საქართველოს ჩემპიონატში კიდევ შეიძლება, მაგრამ ასეთ დონეზე და, მით უფრო, დებიუტანტს გამიჭირდა. თუმცა ნელ-ნელა ნერვიულობას მოვერიე, შვეიცარიასთან კი ბევრად უკეთ ვითამაშე.
- სომხეთში მატჩი ისე ჩაატარეთ, მგონი, თავდამსხმელობა უფრო გამოგდით, დაცვაში კი ყურადღება გაკლდათ...
- სომხეთს ძლიერი ნაკრები ჰყავს და რაც მთავარია, ძალიან კარგად გვიტევდნენ. დაცვაში მთლიანად გუნდმაც ვერ ითამაშა. მწვრთნელის დავალების მიხედვით, მცველებიდან ერთადერთი მე მქონდა შეტევებში ჩართვის უფლება. მიუხედავად იმისა, რომ სომხებს კარგი შემტევი ხაზი ჰყავდათ და ეს წინასწარ ვიცოდით, ერთი საყრდენით ვითამაშეთ, როგორც გვჩვევია და დაცვაში არ ჩავმჯდარვართ - ოქრიაშვილი, ანანიძე, კლიმიაშვილი, ივანიშვილი და ვაწაძე კარგადაც უტევდნენ.
- მარცხენა კუთხიდან მარჯვენა ფეხი დაარტყით. მარცხენას ვერ ხმარობთ?
- მარჯვენა უფრო მივარგა და ისე დავარტყი, როგორც მომიხერხდა. სამწუხაროდ, "ცალფეხობა" ქართველი ფეხბურთელების სენია და მათ შორის, ჩემიც. თუმცა მარჯვენათი კარგი გოლიც გავიტანე, არა?
- ნაკრების შემდეგ ეროვნულ ჩემპიონატში უფრო თავისუფლად ითამაშებთ...
- ცხადია, რადგან ნაკრებში, მაღალი კლასის მოთამაშეების გვერდით გამოსვლა მზრდის და ეროვნულ ჩემპიონატში თავდაჯერებული ვთამაშობ. ნაკრებში ასე ლაღად ვერ ვიქნები, რადგან იქ ლიდერები არიან და ჩვენ უნდა ავყვეთ.
- სულ სხვადასხვა პოზიციაზე თამაშობთ და გაგვაგებინეთ, რა ამპლუის ხართ ბოლოს და ბოლოს?
- ბავშვობიდან ცენტრალური მცველი ვიყავი, მაგრამ ახლა უფრო ხშირად მარჯვნივ მიწევს თამაში, ზოჯგერ საყრდენობასაც მავალებენ...მოკლედ, გააჩნია, მწვრთნელს სად დავჭირდები...
ლევან კაკუბავა: ფრე არ გვყოფნის
კვეკვესკირის მსგავსად, თბილისის "დინამოს" ფეხბურთელი ლევან კაკუბავაც უნივერსალია. მას სხვადასხვა პოზიციაზე ათამაშებენ:
- ბავშვობაში საყრდენი ნახევარმცველი ვიყავი, მაგრამ ახლა არც ვიცი, ჩემზე რა უნდა თქვან, მცველი ვარ თუ ნახევარმცელი. ერთი ვიცი, რომ კარში არ მაყენებენ. მთავარია მწვრთნელის მენდოს და მათამაშოს, პოზიციას კი რამენაირად შევეგუები.
- საყრდენი ნახევარმცველის დაცვის მარჯვენა ფლანგზე დაყენება უცნაური გადაწყვეტილებაა...
- "დინამოს" აკადემიაში რომ მოვედი, მწვრთნელმა ასე გადაწყვიტა და აღმოჩნდა, რომ ამ პოზიციაზეც ცუდად არ გამოვიყურებოდი. ისე, ახლა ჩემთვის უფრო მისაღები ცენტრალური მცველობაა - მომეწონა.
- ეს პოზიცია სომხებთან მატჩის შემდეგაც მოგწონთ? იქ ჩვენს დაცვაში საშინელება ხდებოდა...
- კარგად გვიტევდნენ და თამაში ჩვენც ჩავაგდეთ, მაგრამ გაგვიმართლა. მეორე ბურთი არ უნდა გაგვეშვა, ბავშვური შეცდომა დავუშვით (იცინის) თითქოს გაქცევა დაგვეზარა. ახლა კი მეცინება, მაგრამ მაშინ მაგრად ვინერვიულე. ძნელია, 90 წუთი რომ გიტევენ, უშეცდომოდ ითამაშო. დარწმუნებული ვარ, თურქეთთან უფრო მობილიზებულები ვიქნებით. ისე, საკმაოდ დიდი დანაკლისი გვაქვს, ანანიძე, ვაწაძე და ყენია დიდი ძალაა. ფრე არ გვყოფნის. ასე რომ, გამართლება და მოგება გვჭირდება.
ბუბა დაუშვილი:
- ბუბა, ერთმატჩიანი დისკვალიფიკაციის შემდეგ ნაკრებში დაბრუნდით. როგორც ვიცით, თქვენი გამოძახება ეროვნულშიც სურდათ...
- საბოლოოდ ისევ ახალგაზრდულში მიმიწვიეს, რადგან მნიშვნელოვანი შეხვედრაა. თურქეთში წარმატების მიღწევა ძალიან რთული იქნება, თავისთავად ცხადია, რევანშის აღება სურთ. ამიტომ, ორმაგად მონდომება გვჭირდება.
- ახალგაზრდული ყოველთვის ერთი საყრდენით თამაშობს. თურქებთან, მარტო არ როლის შესრულება საკმაოდ რთული იქნება.
- რა თქმა უნდა, თამაში მხოლოდ შეტევა არაა, დაცვაც საჭიროა. თუმცა, ჩვენთან ყველაფერი დაბალანსებულია. ზოგი შეტევაშია ძლიერი, ზოგიც დაცვაშიც, მაგრამ ბურთის ამოტანასა და დაცვაზე ნახევარდაცვაში მხოლოდ მე არ ვფიქრობ, ყველა ერთმანეთის დახმარებას, დაზღვევასა და გატანას ცდილობს. ამიტომაა მეგობრული და მებრძოლი ნაკრები. იმედია, თურქეთშიც ასე მოხდება და წარმატებით ვითამაშებთ. ზესტაფონში 4:0-ის შემდეგ, თურქები ჩვენთან არა უბრალოდ მოგებას, არამედ, სრულფასოვანი რევანშის აღებას შეეცდებიან. ვიცით კიდეც, რომ სერიოზულად ემზადებიან. ვფიქრობ, ეს ჩვენი კოზირია, დიდი მოგების იმედად, მთელი ძალეით შეუტევენ და კონტრშეტევებზე უნდა დავიჭიროთ. შეუძლებელი არაფერია, აქ თუ დიდი ანგარიშით მოვუგეთ, იგივეს საქარიაში რატომ არ შევძლებთ? მთავარია საკუთარი ძალების ვირწმუნოთ. არა ერთი მაგალითია, როცა ძლიერი ნაკრები შინ დაუმარცხებიათ.
- ძლიერ დარტყმას ადრე უფრო ხშირად იყენებდით, ბოლო დროს კი ამ თვისებით ნაკლებად სარგებლობთ. რატომ?
- გუნდში დარტყმებზე საგანგებოდ ვვარჯიშობთ, მეც ძალიან მიყვარს შეტევა. თუმცა ჩემი პოზიციიდან გამომდინარე, მეტოქის ნახევარზე იშვიათად ვარ და კარში დარტყმაც იშვიათად მიწევს.
- დიდი დაკვირება არ სჭირდება, რომ ჩვენი მოთამაშეების თავდაჯერებულობა ევროთასების შემდეგ ქრება. "ზესტაფონი" ლვოვის "კარპატთან" გამოვარდა და სანაკრებო თამაშებისთვის როგორ განწყობაზე ხარ?
- დროც გავიდა და სულ წაგებაზე ფიქრი არაფერს გვარგებს. თანაც, "კარპატი" უკრაინის ერთ-ერთი საუკეთესო გუნდია და მასთან წაგება ისეთი სამარცხვინო ნაღდად არაა, როგორც მაგალითად, მალტის გუნდთან. "კარპატი" რომ ძლიერია, "გალათასარაისთან" დაამტკიცა და ევროპის ლიგის ჯგუფურ ეტაპზე გავიდა. სხვათაშორის, ლვოვში უკეთ ვითამაშეთ, ვიდრე ზესტაფონში. არადა, პირიქით უნდა ყოფილიყო და ამის ახსნა გამიჭირდა... ამ წაგების შემდეგ ვერ ვიტყვი, რომ თავდაჯერებულობა დავკარგე.
- "ზესტაფონზეც" ვილაპარაკოთ. ჩემპიონობისთვის ბრძოლაში ამ გუნდს ყოველთვის "მარილი" აკლდა. ამ "ტრადიციას" ვითომ მიმდინარე სეზონში დაარღვევთ?
- ძნელი სათქმელია, მაგრამ ამისთვის დიდი ხანია ვიბრძვით, რაღაც არ გამოგვდის. არადა, საჩემპიონო პოტენციალი და ძალა ნაღდად გაგვაჩნია.
- აბა, რა გჭირთ?
- რა და ქულებს ხშირად უაზროდ ვკარგავთ. "ზესტაფონი" ახალგაზრდული გუნდია და ეტყობა, ეს არასტაბილურობაც ასაკის ბრალია. თუმცა, უკვე გამოცდილება შევიძინეთ, ბავშვებიც აღარ ვართ, გუნდი კარგადაა დაკომპლექტებულები და თითოეული ფეხბურთელი ჩემპიონობაზე ფიქრობს.
თორნიკე ოქრიაშვილი: უკრაინაში სენი მოვიშორე
- "ზენიტში" სინჯებიდან დაბრუნებული, კმაყოფილი იყავით. დონეცკშიც კარგად გრძნობთ თავს?
- ვთამაშობ და, რა თქმა უნდა, კმაყოფილი ვარ.
- თვალშისაცემია, რომ უფრო ათლეტური გახდით.
- ტრენაჟორებში ვარჯიში დამეტყო. უკრაინაში ჩემთვის საკმაოდ შრომატევადი ვარჯიშებია. თანაც, გუნდის ბაზაზე თითქმის ყველა პირობაა, გარეთ გასვლა რომ არ მოგინდეს.
- უკრაინაში ნათამაშები ალეკო ამისულაშვილი ჰყვებოდა, რომ მოსამზადებელი ეტაპისას არანაკლებ დროს ტრენაჟორებში ატარებდა. "შახტარშიც" ასეა?
- კვირაში 3 დღე აუცილებლად ტრენაჟორებში ვვარჯიშობთ - მთავარ ვარჯიშამდე ორი საათით ადრე. დატვირთვები ინდივიდუალურია. სხვათა შორის, სხვების მსგავსად ვარ და საკმაოდ რთულ მოსამზადებელ პირობებს იოლად შევეჩვიე. თავიდან კი გამიჭირდა, მაგრამ ნელ-ნელა ვეგუები. მომწონს, რომ ფიზიკურად თავს უკეთესად ვგრძნობ. სხვათაშორის, უცნაური ისაა, რომ ბოლო ტურის მატჩამდე ორი დღით ადრე, კუპერი გვარბენინეს.
- უკრაინის პირველობის ტემპსა და დატვირთვებს 90 წუთს უძლებთ?
- სამი თამაში 90 წუთი ვითამაშე და მოედნიდან გასატანიც არ ვყოფილვარ და არც სხვებზე მეტად დავღლილვარ. დუბლების დონეზე ნაღდად არ მიჭირს.
- პირველივე შეხვედრის შემდეგ რა ნაკლის გამოსწორებაზე დაფიქრდით?
- მივხვდი, რომ ქართული სენი, რასაც "მატაობა" ჰქვია, არ გამომადგებოდა, რადგან ჩვენსა და უკრაინის ჩემპიონატებს შორის დიდი განსხვავებაა. ოდნავ უფრო სწრაფი თამაში და პასის დროულად გაცემა იყო აუცილებელი. უკრაინაში სულ სხვა ფეხბურთია, ვიდრე ჩვენთან. აქ გადაცემას გაცლიან, იქ კი ეგრევე მოგვარდებიან და ბურთი სწრაფად თუ არ გადააწოდე, ფეხს მოგაჭამენ. მოკლედ, რაც საქართველოში გამდიოდა, იქ არ გამომადგა. იქ ორს მოატყუებ და მესამე მოგჩეხავს, ძალიან უხეშები არიან. აქ გაცილებით მეტი თავისუფლებაა. სხვათა შორის, ბოლო ტურში ფეხი კინაღამ მომტეხეს და ნაკრების შეკრებაზე მცირე ტრავმით ჩამოვედი.
- ნაკრებთან ერთად ხომ ვარჯიშობთ?
- საშიში არაფერია, ვვარჯიშობ. უბრალოდ, იმ მომენტში მეგონა, რომ ფეხი მომტეხეს...
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"