ამასთან ერთად, იმის იმედზეც უნდა ვყოფილიყავით, რომ რუსეთს, ინგლისს, სლოვაკეთს, იტალიას და შოტლანდიას ფეხი დაცდენოდათ. ამათგან ზოგიერთმა მართლაც ვერ მოიგო, მაგრამ, სამაგიეროდ... ვერც ჩვენ ვივარგეთ. ეგ კი არა, მეორე ადგილიც დავკარგეთ და, სიმართლე გითხრათ, უკვე აღარც გვაინტერესებს, საუკეთესო მეორეადგილოსნებში რომელი გუნდები მოხვდნენ. "ცხელ გულზე", რაღა თქმა უნდა, ძალიან ძნელია ამ წარუმატებლობის მიზეზთა ძებნა. თანაც, ნუ დაგვავიწყდება, რომ ჩვენმა ახალგაზრდულმა ნაკრებმა შესარჩევი ციკლი მეორე ადგილზე უკანასკნელად... 12 წლის წინათ დაასრულა...
ანუ, ერთი ვაი-ვიში არ უნდა ავტეხოთ - ეგ, როგორ, პლეი ოფში რატომ ვერ გააღწიეთო?! მაგრამ, როცა ამის შანსი გეძლევა. უნდა გამოიყენო კიდეც; თანაც, მეტოქის დაკნინებას არ ვაპირებთ, მაგრამ სომხეთის ნაკრები მაინც არ მიგვაჩნია დაუმარცხებელ გუნდად. ბოლოს და ბოლოს, სულ ცოტა ხნის წინ ამავე გუნდს სტუმრად არ ვაჯობეთ? ისიც უნდა გავითვალისწინოთ, რომ გუშინ ჩვენ ახალგაზრდულ ნაკრებს სერიოზულზე მეტი რომ ჰქვია, ორი ისეთი დანაკლისი ჰქონდა - ტრავმირებული მათე ვაწაძე და ეროვნულ ნაკრებში გადაყვანილი ჯანო ანანიძე.
ფეხბურთი გუნდური თამაშია და ერთი ან ორ კონკრეტულ მოთამაშეზე იშვიათად არის-ხოლმე ამა თუ იმ გუნდის წარმატება-წარუმატებლობა დამოკიდებული. მაგრამ, იგივე ანანიძე, გნებავთ ვაწაძე, გუშინ რომ გვყოლოდა, დიდი ალბათობით შეიძლება იმის თქმა, რომ მატჩს მოვიგებდით. ისიც უნდა ითქვას, რომ შეხვედრის ყაზახ არბიტრთა ბრიგადამაც არანაკლები შესცოდა, ყოველ შემთხვევაში, მსაჯები ერთ და ორ ეპიზოდში კი არა, ძალიან ბევრჯერ საკამათო გადაწყვეტილებებს იღებდნენ (რა თქმა უნდა, მეტოქის სასარგებლოდ); თუმცა, გულახდილად ვთქვათ, მხოლოდ ამ ორი ფაქტორის (ზემოთნახსენები ორი ფეხბურთელის არყოფნისა და მსაჯთა შეცდომების) გამო არ წაგვიგია გუშინდელი მატჩი. ჯერ ერთი, საგოლე მომენტებს რომ შექმნი, უნდა გამოიყენო კიდეც, მით უმეტეს ასეთ უპრინციპულეს მატჩში.
აღარაფერს ვამბობთ კონცენტრაციაზე - ასეთი რამ მართლაც იშვიათად გვინახავს, როცა მეტოქის კართან შტურმს ვაწყობდით და ორწუთიან ინტერვალში (თანაც მსაჯის მიერ დამატებული წუთებში) საკუთარ კარში ორ გოლს ვუშვებდეთ. გასაგებია, რომ ახალგაზრდებზეა საუბარი და ემოციებიც სჭარბობს, მაგრამ... წაგებასაც "ცოდნა" სჭირდება; ყოველ შემთხვევაში, ვერაფრით გავამართლებთ ჩვენი ზოგიერთი ფეხბურთელისა თუ სამწვრთნელო შტაბის წევრის (!) ქმედებას, როცა მატჩის დასრულების შემდეგ გუნდი-გუნდზე ჩხუბი გაჩაღდა! ვინ მტყუანი იყო, ვინ - მართალი, ძნელი გასარკვევია, მაგრამ ულამაზო ფაქტი რომ მოხდა, ამას წყალი არ გაუვა...
...ჩვენი ნაკრების თავკაცმა ოთარ გაბელიამ ძირითადი შემადგენლობა არ შეცვალა და ის 11 ფეხბურთელი გამოიყვანა, თურქეთში ვინც ათამაშა. ტაქტიკური განლაგებაც იგივე იყო: დაცვაში ხაზზე მოქმედი ოთხი კაცი, ორი საყრდენი (მურთაზ დაუშვილი, გიორგი განუგრავა), სამი შემტევი (ირაკლი კლიმიაშვილი, თორნიკე ოქრიაშვილი, გიორგი ივანიშვილი) და წინ წაწეული ცენტრფორვარდი რევაზ ბარაბაძე. სტუმართა დანიელი თავკაცი ფლემინგ სერიტსლევმა კი 4-4-2-ს მიანიჭა უპირატესობა.
მატჩი ჩვენების აქტიურობით დაიწყო და განსაკუთრებით ეს ირაკლი კლიმიაშვილსა და თორნიკე ოქრიაშვილზე ითქმოდა. თუმცა, შეხვედრის პირველი სახიფათო მომენტი სტუმრებმა შექმნეს, ოღონდ, ჩვენი "დამსახურებით": ლევან კაკუბავას შეცდომის წყალობით გევორქ ბადალიანი უაღრესად ხელსაყრელ პოზიციაზე აღმოჩნდა, მაგრამ როინ კვასხვაძემ გადაგვარჩინა. ასეთი ემოციური დასაწყისის შემდეგ თამაში მცირე ხნით (ალბათ, ათიოდე წუთით, დაწყნარდა, მაგრამ მერე უკვე ჩვენ შეგვექმნა მეტად რეალური მომენტი: ირაკლი კლიმიაშვილის ჩინებული პასის შემდეგ გიორგი ივანიშვილი სტუმართა მეკარესთან პირისპირ დარჩა, მაგრამ ამ "დუელში" გამარჯვებული გევორქ პრაზიანი გამოვიდა.
ამასობაში ტემპმაც მოიმატა და... ორივე გუნდის ფეხბურთელთა ქმედებებში შეცდომებმაც; აღარაფერს ვამბობთ ზედმეტად ხისტ თამაშზე და... არბიტრის რამდენიმე მეტად და მეტად საკამათო გადაწყვეტილებებზე. ტერიტორიულ უპირატესობას კი ჩვენ ვფლობდით, მაგრამ სტუმრებს სულაც არ ეტყობოდათ, რომ მათთვის უმოტივაციო შეხვედრა იყო: ჯერ გევორქ ბადალიანმა დაარტყა სახიფათოდ, შემდეგ - ზავენ ბადოიანმა. ამ უკანასკნელმა ტაიმის ბოლოსკენ კიდევ ერთხელ გაისროლა შორიდან, მაგრამ როინ კვასხვაძემ გაჭირვებით, მაგრამ მაინც შეძლო ბურთის მოგერიება.
ჩვენ შეტევებს რაც შეეხება, ისევ და ისევ კლიმიაშვილის აქტიურობა უნდა აღვნიშნოთ: ერთ ეპიზოდში მისი პასის შემდეგ გიორგი განუგრავამ ბურთს თავი ვერ დაუხვედრა, ტაიმის ბოლოს კი სახიფაოთ სტანდარტული შეასრულა, მაგრამ სტუმართა მცველებმა ვითარება განმუხტეს. კიდევ ერთი დასამახსოვრებელი ეპიზოდი ის იყო, როცა მურთაზ დაუშვილის შორეული პასის მერე გიორგი ივანიშვილი კვლავაც მარჯვენა ფლანგიდან შეიჭრა სტუმართა საჯარიმოში, მაგრამ შვეიცარიული "შაფჰაუზენის" შემტევმა, როგორც საჭირო იყო, ბურთი ვერ დაარტყა და ეს მომენტიც ვერ გამოვიყენეთ. ამასობაში ტაიმიც დამთავრდა და მიხეილ მესხის სტადიონის ტრიბუნებიც, ფაქტობრივად... დაცარიელდა (ეროვნული სტადიონისკენ დაიძრა ხალხი); მაგრამ, ვინც დარჩა, ვერავინ იფიქრებდა, რომ მეორე ტაიმში რაიმე გაუთვალისწინებელი უნდა მომხდარიყო...
ამის დასტური იყო კიდეც ჩვენების გააქტიურება მეორე ტაიმის დასაწყისში: რევაზ ბარაბაძე ორჯერ აღმოჩნდა დასარტყამ პოზიციაზე, მაგრამ ორივეჯერ არაზუსტად დაარტყა. ამას მართლაც ლამაზი კომბინაცია მოჰყვა: კლიმიაშვილმა და ივანიშვილმა ეფექტური ქმედებებით მეტოქის დაცვას ნაპრალი მოუძებნეს, მაგრამ სომეხთა მეკარემ მაინც შეძლო კლიმიაშვილის დარტყმული ბურთის მოგერიება. სამწუხაროდ, ასეთი შტურმი დაახლოებით 15 წუთი გაგრძელდა, შემდეგ ტემპიც დაეცა და ორივე გუნდის მწვრთნელებმაც ცვლილებებით სცადა მოედანზე სიტუაციის გამოსწორება. ტრიბუნაზე შემორჩენილ გულშემატკივრთათვის, ალბათ, გამოცანად დარჩა კლიმიაშვილის შეცვლა - ჩვენი აზრით, ალბათ დაიღალა კიდეც.
თანაც, მის ნაცვლად... ამპლუით ცენტრფორვარდი რატი წინამძღვრიშვილი გამოვიდა. ეს კი იმას ნიშნავდა, რომ ჩვენები, ფაქტობრივად, ვაბ-ბანკზე წავიდნენ: ოთხი მცველის წინ ორი საყრდენიღა დარჩა, ფლანგებზე - ოქრიაშვილი და თემურ შარაშენიძე, წინ კი ორი ერთნაირი სტილის ტანმაღალი ფორვარდი. თუმცა ისიც უნდა ვაღიაროთ, რომ მეტოქემ (ისედაც ტაქტიკურად განსწავლული გუნდის შთაბეჭდილება რომ დატოვა) ადვილად აუღო ალღო ჩვენ ტაქტიკურ ცვლილებებს და ყოველგვარი პანიკის გარეშე აგრძელებდა საკუთარი კარის დაცვას. ეგ კი არა, ერთი-ორჯერ შორიდან დარტყმებიც მოსინჯეს. სამწუხაროდ, რაც უფრო ნაკლები დრო რჩებოდა მატჩის დამთავრებამდე, მით უფრო მეტ შეცდომებს ვუშვებდით; არავის კომპეტენციაში არ ვერევით, მაგრამ ალბათ, გიორგი ჭედიას უფრო ადრე შეყვანაც ბევრად ეფექტიანი იქნებოდა.
ეს სწრაფი მარჯვენა გარემარბი მოედანზე გამოჩნდა თუ არა, მაშინვე თავისი "საფირმო" გარღვევა განახორციელა, მეურვეებს იოლად დაუსხლტა, მეტოქის საჯარიმოშიც შევიდა და... სტუმარ მცველთან შეტაკებისას წაიქცა, თუმცა მხოლოდ ჩვენ და ქართველი გულშემატკივრები ვფიქრობდით, რომ პენალტს წააგავდა - არბიტრს სხვა აზრი ჰქონდა. მატჩის კულმინაციამ შეხვედრის დასასრულს მიაღწია და 90-ე წუთზე ჯერ ჩვენ გადავრჩით, როცა არტაკ დაშიანმა შორიდან ძალიან სახიფაოცდ დაარტყა; ამას უკვე გიორგი ჭედიას მორიგი ფლანგური გარღვევა მოჰყვა, ოღონდ, მეტოქის საჯარიმოში ჩაწოდებას რომ აპირებდა, ბურთი მოეჭრა და კინაღამ მეტოქის კარის შორეულ "ცხრიანში" შეფრინდა!
...ძირითად დროს 4 წუთი დაემატა და ის იყო, ყველანი საბოლოო შტურმის სანახავად რომ მოვემზადეთ, სტუმართა ორი, მართლაც ჩინებული გოლი ვიხილეთ. ჰო, არტაკ დაშიანმაც და ვალტერ პოღოსიანმაც ერთი-მეორეზე უკეთესი გოლებით "დაგვასაჩუქრეს", მეორე ადგილიც დაგვაკარგვინეს და პლეი ოფი ხომ საერთოდ...
07.09.10. თბილისი. მიხეილ მესხი. 15 000 მაყურებელი
საქართველო-სომხეთი 0:2
0:1 დაშიანი (90+2), 0:2 პოღოსიანი (90+3)
საქართველო სომხეთი
4-2-3-1 4-4-2
რ. კვასხვაძე პრაზიანი
კვეკვესკირი ჰაროიანი
კაკუბავა არაქელიანი
თომაშვილი იუზბაშიანი
თოთაძე აირაპეტიანი
განუგრავა პოღოსიანი
დაუშვილი ალექსანიანი
ივანიშვილი ვოსკანიანი
ოქრიაშვილი ბადოიანი
კლიმიაშვილი დაშიანი
ბარაბაძე ბადალიანი
შეცვლები
60. ივანიშვილი - შარაშენიძე
68. კლიმიაშვილი - წინამძღვრიშვილი
85. განუგრავა - ჭედია
სათადარიგოები: ბახტაძე, რეხვიაშვილი, ხიდეშელი, გუგუჩია
შეცვლები
46. ჰაროიანი - ხაჩატრიანი
61. ალექსანიანია - ანდრიკიანი
72. ბადალიანი - იაგანი
სათადარიგოები: ისრაელიანი, დაგბაშიანი, კარაპეტიანი, ჰოვანესიანი
გაფრთხილება: ბარაბაძე (5), კლიმიაშვილი (28), განუგრავა (28), ჰაროიანი (28), კაკუბავა (53), ოქრიაშვილი (88)
არბიტრი: ა. კუჩინი (ყაზახეთი)
http://onceinsurance.info instant homeowners insurance quotes??
http://loadinsurance.info lapsing insurance.