ირაკლი კლიმიაშვილი ახალგაზრდული ნაკრების საკვანძო ფეხბურთელი გახლდათ და მასზე მნიშვნელოვნად იყო
ეს სტატისტიკა საინტერესო იმითაა, რომ აშკარადა ჩანს, ჩვენს მოწინააღმდეგეს თამაში რომელი ფეხბურთელის წინააღმდეგ უჭირდა. ირაკლი ათივე ჯგუფის საუკეთესო ასისტენტებს შორის მეექვსე ადგილზე გავიდა - მან ციკლში 3 საგოლე გადაცემა შეასრულა.
აქვე ვიტყვით, რომ ყვითელბარათიანთა ლიდერებში ჩვენი გიორგი ხიდეშელიც დასახელდა - "ზესტაფონის" ცენტრალურ მცველს მე-13 ადგილი მხოლოდ იმის გამო მიაკუთვნეს, რომ სხვებზე მეტი ითამაშა და ბარათების მიღების პროცენტული მაჩვენებელი სხვა თორმეტ მოთამაშეზე დაბალი აღმოაჩნდა, თორემ, ყველაზე მეტი (4) ყვითელი ბარათი დააგროვა.
ირაკლის "სიონი"-"ვიტ ჯორჯიას" მატჩის შემდეგ დაველაპარაკეთ.
- ირაკლი, სანაკრებო მატჩების, სომხებთან განცდილი ტკივილისა და ნერვიულობის შემდეგ, ეროვნულ პირველობაზე გადართვა არ გაგჭირვებიათ?
- არა, რატომ? ფეხბურთში ყველაფერი ხდება და ერთ წაგებას თუ გადავყევით, ვერასდროს ვითამაშებ. იმიტომაც არის საინტერესო და კარგი სახეობა, რომ მოულოდნელობებითაა სავსე, იმედგაცრუებაც ახლავს და სიხარულიც. სხვათა შორის, "სიონთან" მატჩიც იმდენად საინტერესო გამოდგა, ვერ ვიტყვი, რომ ეროვნულში გამოსვლა არ მსიამოვნებს.
- მატჩიდან რამდენიმე დღე გავიდა, ემოციები ნელ-ნელა ცხრება და გვითხარით, რა მოგივიდათ, საქართველოზე სუსტ ნაკრებთან რომ წააგეთ?
- საწყენად არავინ მიიღოს, მაგრამ მაშინ შეცდომები მხოლოდ ფეხბურთელებს არ დაგვიშვია. ტრაპიდან ჩამოსულები არ ვიყავით, როცა აეროპორტში შანსებზე გველაპარაკნენ, ევროპაზე მაინც ვერ გადიხართო.
- ევროპის ჩემპიონატზე მოხვედრის შანსი რომ მცირე გქონდათ, ეს უბრალოდ ფაქტი იყო. რეალური სურათი უნდა გცოდნოდათ, რა იყო დასამალი?!
- გეთანხმებით, მაგრამ ეტყობა ჩვენ ისეთი ემოციური განწყობა გვქონდა, ნეგატიური ცნობის მიღება გაგვიჭირდა... თურქეთში მოგების შემდეგ, გახარებული და ბედნიერები ვიყავით, რადგან ვიცოდით, რომ სომხებთან მოგების შემთხვევაში, უეჭველად გავდიოდით. რატომღაც, მეტ თანადგომასაც ველოდით. რომ გვითხრეს, შანსები არ გაქვთო, ამან ჩვენზე ფსიქოლოგიურად ძალიან უარყოფითად იმოქმედა. არადა, მოგების შემდეგ თურქეთში სიხარულისგან ვტიროდით. მარტო ეს არ იყო წაგების მიზეზი. ეტყობა, საქარიადან დაბრუნებულები დავფრინავდით და დაბლა დროულად ვერ დავეშვით, ძალების აღდგენაც ვერ მოვახერხე, მატჩებს შორის ძალიან მცირე პაუზა იყო. მთავარი მწვრთნელი გაბელია სულ გვიმეორებდა, საჭიროა კონცენტრაცია, თურქეთში მოგება არაფერს ნიშნავს, მთავარი მოსაგები თბილისში გვაქვსო, მაგრამ ბოლომდე კონცენტრაცია მაინც ვერ მოვახერხეთ.
- ახალგაზრდულის შეტევები მოედნიდან თქვენი გასვლის შემდეგ შესუსტდა - რა დაგემართათ ასეთი?
- ფეხებში იმდენი მირტყეს, სულ დასივებული მქონდა და თან ამას აშკარად მიზანმიმართულად აკეთებდნენ. ისეთი შთაბეჭდილება დამრჩა, რომ მწყობრიდან ჩემს გამოყვანას ცდილობდნენ, უნდოდათ, წითელი ბარათი მიმეღო. ერთი "ყვითელი" ხომ ისედაც გამომტყუეს. თანაც, აშკარად ჩანდა, რომ მსაჯი ხშირად სტუმრების სასარგებლოდ სტვენდა.
- მსაჯი მართლაც ტენდენციური იყო.
- არ მახსენდება შემთხვევა, მასპინძლის წინააღმდეგ ასეთი მსაჯობა ყოფილიყო. საერთოდ, ფეხბურთელს ამ თემაზე ლაპარაკი ეკრძალება, მაგრამ მსაჯის არაობიექტურობა ჩვეულებრივი გულშემატკივრისთვისაც ცხადი იყო და ხელი რატომ დავაფარო? მარტო მე კი არა, ნახევარდაცვაში ყველა დაგვჩეხეს, ბიჭებს ფეხები აღარ უვარგოდათ. პირველ ტაიმში ერთი და იგივე მცველი შვიდჯერ ისე მეუხეშა, თავი ვერ შევიკავე და... "ყვითელი" მაჩვენა, სტუმართა უხეშობაზე კი თვალებს ხუჭავდა. ყაზახეთს კი წარმოადგენდა, მაგრამ ეროვნებით რუსი იყო... თამაშის საშუალებას არ გვაძლევდა, ვთხოვდით, გვაბრძოლეო, რადგან სომხებს ოდნავაც რომ ვეხებოდით, გვაჯარიმებდა. არა მგონია, ძნელად გასაგები იყოს, რა მიზანი ჰქონდა.
- მატჩის შემდეგ იჩხუბეთ, მაგრამ უცნობია, კონფლიქტი რამ გამოიწვია.
- თამაში დასრულდა თუ არა, ჩვენიანს ერთ-ერთმა სომეხმა ფეხბურთელმა შეაგინა, ხომ მოგიგეთ თქვენიო და ატყდა ერთი ამბავი. წავაგეთ, ნერვები დაწყვეტაზე გვქონდა და ისინიც ჩვენი მწყობრიდან გამოყვანას მაინც ცდილობდნენ და ვეღარ მოვითმინეთ. ზოგადად, ფეხბურთში ჩხუბი არასასურველია, მაგრამ წაგებულს სახლში რომ აგინებ და თანაც უდიდესი მნიშვნელობის შეხვედრის შემდეგ, აბა, რას ელოდები?
- მატჩის შემდეგ როგორ ფსიქოლოგიურ განწყობაზე ხარ?
- ორი დღე ძალიან ცუდად ვიყავი, მაგრამ გუნდში დაბრუნებული ბიჭებმა მაგრად გამამხნევეს და ნელ-ნელა სტრესიდან გამოვდივარ.
- კარგია, რომ ციკლი მშვენიერი სტატისტიკით დაასრულე და მეორე ჯგუფის საუკეთესო ასისტენტი გახდით.
- საუკეთესო ასისტენტი გავხდი? სიმართლე გითხრა, არც ვიცოდი. ამისთვის ჯერ ყურადღება არც მიმიქცევია. როგორც ნახევარმცველი, ვალდებული ვარ, შემტევები პასებით მოვამარაგო და გოლებიც გავიტანო. ეს სატრაბახოც არაა, ჩემი მოვალეობაა... სხვათა შორის, ისეთი კარგი გუნდი გვყავდა, თავის მოვალეობას ყველა ასრულებდა. გული დამწყდა, 1988-წლიანების თაობა ამ შემადგენლობით რომ ვეღარ ვითამაშებთ.
ბავშვობიდან ერთად მოვდიოდით და ევროპის ჩემპიონატზე გასვლა ამის გამო კიდევ უფრო მეტად გვინდოდა, იქნებ, გუნდი ერთი წლით მაინც შეგვენარჩუნებინა და ერთმანეთი არ დაგვეკარგა. ერთი ოჯახივით ვიყავით, ფეხბურთელები, მწვრთნელები, მასაჟისტით დაწყებული ყველა. 18 კაცშიც რომ ვერ ხვდებოდა, ისინიც ჩვენნაირად განიცდიდნენ მოგებასა და წაგებას. მოკლედ, კარგი გუნდი იყო და ჯგუფში მესამე ადგილი ამიტომაც დავიკავეთ.
- სატრანსფერო სეზონი დაიხურა, შენ კი დღემდე "ვიტ ჯორჯიაში" თამაშობ და რადგან თავისუფალი აგენტი არ ხარ, გამოდის, კლუბში წლის ბოლომდე მაინც რჩებით.
- დიახ, სეზონის ბოლომდე დავრჩები, მერე კი არ ვიცი, რა იქნება. "ვიტ ჯორჯიამ" მე ყველაფერი მომცა, კლუბში დიდი სიამოვნებით ვთამაშობ და სანამ აქ ვიქნები, მოედანზე სულ ამ განწყობით გავალ.