ალექსანდრე ჩივაძე აკაკი გოგიასა და ირაკლი მესხიას საქმეში ჯერ ვერ ნახავს

AutoSharing Option
საქართველოს ახალგაზრდული ნაკრები ახალი მთავარი მწვრთნელის, ალექსანდრე ჩივაძის ხელმძღვანელობით, პირველ მატჩს 1 ივნისს მინსკში, ბელარუსის ახალგაზრდულ ნაკრებთან ჩაატარებს. მერე ტალინში გაემგზავრება, სადაც 5 ივნისს ესტონელ თანატოლებთან შესარჩევი ციკლის შეხვედრა ელოდება.

ახალგაზრდული ნაკრების შეკრება ეროვნული ჩემპიონატის დასრულებისთანავე, 23 მაისს დაიწყება. ჩვენი ახალგაზრდები 3 ქულით ჯგუფში ბოლოსწინა ადგილზე იმყოფებიან, მხოლოდ ესტონეთს უსწრებენ და ევროპის ჩემპიონატის ფინალურ ეტაპზე გასვლის თეორიულ შანსს ინარჩუნებენ. თუმცა ამ ზღაპრების აღარავის სჯერა.

ჩივაძემ დანიშვნის დროს განაცხადა, რომ მიმდინარე შესარჩევ ეტაპს გუნდის შესათამაშებლად გამოიყენებდა. ჩივაძის თქმით, გაფართოებულ სიაში მხოლოდ
1992 წელს და ზევით დაბადებულებს მოიწვევს.

ახალგაზრდულის მთავარ მწვრთნელს კიევის "ობოლონის" შემტევი ნახევარმცველის, ირაკლი მესხიას საქმეში ნახვა სურდა, მაგრამ ეს ვერ ხერხდება.

ჩივაძემ გვითხრა, რომ მესხიას ელაპარაკა. მან, ისევე, როგორც "ლელოსთან" ინტერვიუში (იხილეთ ვრცლად), ბატონ საშასთანაც დაადასტურა, რომ მზადაა საქართველოს ეროვნულ გუნდში ითამაშოს, მაგრამ მაისის ბოლოს უკრაინის 19-წლამდელთა ნაკრებს პორტუგალიაში გასამართ ელიტრაუნდში დაეხმარება.

როგორც ჩანს, კიდევ დიდხანს ვერ ვიხილავთ საქართველოს ნაკრებში აკაკი გოგიას. ჩივაძეს "აუსბურგის" შემტევი ნახევარმცველის მიწვევაც სურდა, მაგრამ გოგია საქართველოს ნაკრებში თამაშისგან თავს იკავებს.

შეგახსენებთ, რომ ესტონეთთან გასვლითი შეხვედრის გარდა, ქართველ ახალგაზრდებს შესარჩევ ციკლში ორი საშინაო შეხვედრა აქვთ ჩასატარებელი: 15 აგვისტოს ხორვატიას, 6 სექტემბერს კი ესტონეთს უმასპინძლებენ.

”ჩივაძის არჩევანი: მზადება მომავლისთვის” (იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული