ლუკა ჰუფნაგელი: საქართველოს ნაკრებში ისევ გამომიძახეს!

AutoSharing Option
ბოლო დროს ბევრჯერ დაისვა კითხვა - სად დაიკარგა ლუკა ჰუფნაგელი? მიუნხენის "ბაიერნის" ასაკობრივი გუნდის ნახევარმცველმა (რომელიც დედით ქართველია) საქართველოს მოქალაქეობა მიიღო და ჩვენს 17-წლამდელთა ნაკრებში წარმატებული დებიუტი ჰქონდა: 2010 წლის აგვისტოში პალანგის საერთაშორისო ტურნირზე საუკეთესო ნახევარმცველის პრიზი დაიმსახურა.

ჩვენი ნაკრების იმდროინდელ მთავარ მწვრთნელს კობა ჟორჟიკაშვილს ჰუფნაგელი თამაშითაც მოეწონა, პიროვნულადაც და 2010 წელს ევროპის 17-წლამდელთა ჩემპიონატის პირველ შესარჩევ ეტაპზე ძირითად შემადგენლობაში დააყენა.

საქართველოს ნაკრებმა ელიტრაუნდში თამაშის უფლება მოიპოვა, მაგრამ მას შემდეგ ლუკას ნაკრებში აღარ უთამაშია და მის შესახებ ინფორმაციებს ინტერნეტით ვიგებდით.

ლუკა ჰუფნაგელს გერმანიაში დავუკავშირდით და ინტერვიუ ჩამოვართვით.

- მიუნხენის "ბაიერნის" 17-წლამდელთა გუნდიდან წასვლის შემდეგ როგორ განვითარდა შენი კარიერა?
- ჯერ "ინგოლშტადტის" 18-წლამდელთა გუნდში გადავედი, მაგრამ ტრავმის გამო თითქმის არ მითამაშია. თანაც, ყოველდღე მიუნხენიდან სიარული მომქანცველი იყო და "უნტერჰაჰინგში" გადავედი, სადაც იანვარში უკვე პროფესიული კონტრაქტი 1+1 ოფციონით გავაფორმე.

ეს "ბაიერნის" ერთ-ერთი პარტნიორი კლუბია და 19-წლამდელთა ბუნდესლიგაში გამოდის.

- გუნდი მეორე ბუნდესლიგაში გადასასვლელად იბრძოლებს?
- გადასვლის მცირე შანსი გვაქვს, რადგან სულ გამოუცდელი ბიჭები ვართ. საშუალო ასაკი 24-25 წელია, ყველაზე უფროსი კი 29 წლის არის.

- უკეთეს კლუბში მოხვედრის შანსი თუ გაქვს?
- ჩემი ინტერესიც ეს არის. წლეულს სკოლა დავამთავრე და ახალი სეზონიდან ფეხბურთზე ვიქნები კონცენტრირებული. მიმაჩნია, რომ გამოცდილების შეძენა და დაწინაურება მესამე ბუნდესლიგიდანაც შესაძლებელია. ნაკრებში გამოძახებით ეს შანსი კიდევ უფრო გაიზრდება.

- საქართველოს ნაკრებში რატომ აღარ გიწვევენ?
- არა, რატომ? ახლახან კახა კაჭარავამ 19-წლამდელების შეკრებაზე მიმიწვია, რომელიც 10 ივლისს თბილისში იწყება. 19-ში კი მინსკში გავემგზავრებით და ბელარუსისა და ისრაელის ნაკრებებს შევხვდებით.

- "ბაიერნში" დაბრუნებას იმედოვნებ?
- უკეთესი იქნებოდა და შეუძლებელიც არ არის. მიუნხენელები "უნტერჰაჰინგის" მოთამაშეებს გვაკვირდებიან და ახლახან ჩემი ერთ-ერთი თანაგუნდელი გადაიყვანეს.

- დრო გავიდა და უკეთ გვეტყვი, როგორია ევროპიდან დანახული ქართული ფეხბურთი...
- უდავოა, რომ საქართველოში ბევრი ნიჭიერი მოთამაშეა, რომლებიც მეტი დისციპლინითა და მიზანმიმართული შრომით ბევრს მიაღწევენ.

- რა რეაქცია გქონდა, როდესაც შეიტყვე, რომ ევროპის სუპერთასს თბილისი უმასპინძლებდა?
- მე მარტო გერმანელი არ ვარ (იცინის), ადრეც ჩამოვდიოდი და თბილისი საკმაოდ ლამაზი ქალაქია. ახლა ისე ვგრძნობ თავს, როგორც სახლში.

ასე რომ, ობიექტური ვერ ვიქნები, მაგრამ დარწმუნებული ვარ, რომ ევროპელი თბილისში დისკომფორტს არ იგრძნობს. პირიქით, მოდერნულიც არის, სასიამოვნოც და ლამაზიც.

ძალიან გამიხარდა, საქართველოს ასეთი მნიშვნელოვანი მატჩის ჩატარების საშუალება რომ აქვს.

- ევროპის ჩემპიონატზე გერმანიის ნაკრების გამოსვლაზე რას იტყვი?
- არ მიმაჩნია, რომ ფინალში გაუსვლელობა დიდი ტრაგედიაა. პირადად მე გერმანიის ნაკრები მომეწონა.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ასევე იხილეთ:

ლუკას ჰუფნაგელი: მეამაყება, რომ ქართველი გავხდი
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული