კახა კაჭარავა: ჩვენი მიზანი ელიტრაუნდში მოხვედრაა!

AutoSharing Option
საქართველოს 19-წლამდელთა ნაკრები ხორვატიაშია და ევროპის ჩემპიონატის შესარჩევი ეტაპის მატჩებისთვის 25 ოქტომბერს ბოლო ვარჯიში ჩაატარა. გუნდის მთავარი მწვრთნელი კახა კაჭარავა ფეხბურთელებს დღევანდელი მატჩისთვის ამზადებს, რომელშიც საქართველო მასპინძელ ხორვატიას დაუპირისპირდება.

მოსამზადებელ ეტაპსა და მომავალ მატჩებზე "ლელო" კახა კაჭარავას ელაპარაკა.

- ჯერ მოსამზადებელი ეტაპი შევაფასოთ...
- სელექცია 4 თვის წინ დავიწყეთ. ბელორუსში პირველ უცხოურ შეკრებას შერჩევითი ხასიათი ჰქონდა.

მასპინძლების ნაკრებთან 0:1 წავაგეთ, ისრაელს კი 2:0 მოვუგეთ. მოთამაშეები საქმეში ვნახეთ და შევაფასეთ, ვინ რას წარმოადგენ
და, მაგრამ სელექცია ამით არ დასრულებულა. ბევრი რეკომენდაცია მქონდა და 1994-95 წლებში დაბადებულებიდან ყველა საინტერესო ბავშვი ვნახე.

საქართველოს ფეხბურთის ფედერაცია სერიოზულად დაგვეხმარა და ყოველთვე შეკრების მოწყობას გვიხერხებდა.

ძალიან დაგვეხმარა "გაგრას" ხელმძღვანელობაც, რომელთაც ბევრი საინტერესო მოთამაშე ჰყავთ და ხუთზე მეტი საკონტროლო შეხვედრა ჩავატარეთ. გვესტუმრა სომხეთის ნაკრები, რომელთანაც ორჯერ ვითამაშეთ და ამანაც დიდი სამსახური გაგვიწია.

- სულ რამდენი ფეხბურთელი გასინჯეთ?
- დაახლოებით 200-მდე (?!). ძნელი იყო, მაგრამ აუცილებელი. ცხადია, შეუძლებელია, შერჩევის დროს ვინმე არ გამოგეპაროს, მაგრამ მიმაჩნია, რომ ასეთი ხანგრძლივი სელექციის შედეგად, მაქსიმალურად შევძელით ნაკრებში საუკეთესოების მოზიდვა.

- და მაინც, თუ არის ფეხბურთელი, ვისი გასინჯვაც გსურდათ და ვერ შეძელით?
- გვარებს არ დავაკონკრეტებ, მაგრამ რუსეთში, უკრაინასა და ლატვიაში არიან ბავშვები, რომელთა ნახვაც გვსურდა, მაგრამ მოქალაქეობის პრობლემები ჰქონდათ და ამის გამო ვერ ჩამოდიოდნენ.

კლუბში თამაშისა და კარიერის აწყობის შანსი რომ არ დაეკარგათ, საქართველოს პასპორტს ვერ იღებენ. ჩვენი რეალობიდან გამომდინარე, მათი კარგად მესმოდა - ქართული პასპორტით უცხოეთში თამაში ძნელია.

სამწუხაროდ, ტრავმის გამო ვერ დაგვეხმარება 17-წლამდელთა ნაკრების ყოფილი შემტევი ნახევარმცველი ნიკა ახვლედიანიც.

- მთლიანობაში, მოსამზადებელი ეტაპით კმაყოფილი ბრძანდებით?
- ნაკრებში ფეხბურთელს ფიზიკურად და ფუნქციონალურად ვერ მოვამზადებთ. ამიტომ ჩვენი ამოცანა სათამაშო სქემების დახვეწა, მოთამაშეთა ტაქტიკურ საკითხებში გარკვევა და გუნდის შეთამაშება იყო. როგორ მოვემზადეთ, ამაზე პასუხს ოფიციალური შეხვედრები გაგვცემს.

- საერთოდ, რა დონის კონტიგენტია?
- ჩვენი მოთამაშეები იმ დროს დაიბადნენ, როდესაც საქართველოში სამოქალაქო ომის შედეგები მოშუშებული არ გვქონდა, ხალხს უჭირდა და ამის გამო იმ დროს დემოგრაფიული მდგომარეობა კატასტროფულად გაუარესდა.

ეს აშკარად იგრძნობოდა, ძალიან ცოტა ფეხბურთელია და დიდი არჩევანი არ გვქონია.

ამ ბიჭებს ძალიან დიდი შრომა დასჭირდებათ, მაღალ დონეზე რომ ითამაშონ. მათ მომზადებაში არსებული პრობლემების მიუხედავად, მიმაჩნია, რომ მაინც დიდი პოტენციალი გააჩნიათ.

- მეტოქეებზე რა ინფორმაციას ფლობთ?
- თითქმის ყველა მეტოქის თამაშების ვიდეოჩანაწერებს გავეცანი და უნდა გითხრათ, რომ ძლიერი მოწინააღმდეგეები გვყავს. მაგალითად, აზერბაიჯანის ნაკრებზე ცუდი შთაბეჭდილება ნამდვილად არ დამრჩენია.

შეტევაში საკმაოდ კარგად გამოიყურებიან, ინდივიდუალურად ძლიერი რამდენიმე ფეხბურთელი ჰყავთ. თუმცა დაცვაში ხარვეზები შევნიშნე და იმედია, ამ ნაკლს გამოვიყენებთ.

ტრადიციულად, ხორვატიას ძლიერი ახალგაზრდები ეზრდება. ევროპულ კლუბებში ბევრი ფეხბურთელი თამაშობს, იტალიაში, ჰოლანდიაში, გერმანიაში... ცხადია, ბალკანელებთან შეხვედრას დიდ მნიშვნელობას ვანიჭებთ.

ისლანდიელების საფეხბურთო ფილოსოფია მთლიანად ინგლისურ სტილს ეფუძნება, შეკრებასაც ბრიტანეთში გადიოდნენ და უმძიმესი მატჩისთვის ვემზადებით.

მოკლედ რომ ვთქვათ, არასასიამოვნო მეტოქეა. დღეს კი ბრძოლა და თამაში ყველამ ისწავლა და გასეირნება არც ერთ მეტოქესთან არ გვექნება. მეტიც, მიმაჩნია, რომ ჯგუფიდან გასვლისთვის ყველა იბრძოლებს და ოთხივე ნაკრებს თანაბარი შანსები გაგვაჩნია.

- რა არის თქვენი მიზანი?
- როგორ თუ რა არის?! რა თქმა უნდა, ჯგუფიდან გასვლა - ელიტრაუნდში აუცილებლად უნდა მოვხვდეთ, ხორვატიაში მოვალეობის მოსახდელად კი არ მივდივართ! მაგრამ ასეთ ხანმოკლე ტურნირებში ძალიან დიდი მნიშვნელობა ენიჭება ძალების აღდგენასა და მის სწორ განაწილებას.

- აღდგენებისა და ვიტამინიზაციის საკითხი ასაკობრივ ნაკრებებში კი არა, ეროვნულ გუნდშიც პრობლემა იყო...
- ეს საქართველოში მართლაც დიდი პრობლემაა. ფედერაცია ყველანაირად გვეხმარება, მაგრამ ესეც ფიზიკური მომზადების დარი საკითხია - თუ კლუბები აღდგენითი პროცესებისა და ვიტამინიზაციის საკითხს ვერ მოაგვარებენ, ნაკრებებში სათანადო მომსახურება საკმარისი ვერ იქნება.

ნაკრებები კლუბებიდან იკვებებიან და ამიტომ აქვს ძალიან დიდი მნიშვნელობა ეროვნული ჩემპიონატის დონის გაზრდას.

ფეხბურთელი სისტემატურად ფორმაში უნდა იყოს, ჰქონდეს სასურველი კვება, ვიტამინები და ა.შ.

სამწუხაროდ, ასე მხოლოდ ორიოდე კლუბშია. თუ აკვირდებით, საქართველოს ჩემპიონატის შეხვედრებში მოთამაშეები ბოლო 20-25 წუთი იფიტებიან, რაც სწორედ ზემოთ ნახსენები პრობლემების შედეგია - ფეხბურთელები ვერ იღებენ სათანადო კალორიებს.

არადა, ჩვენთან ისეთი კალორიული და ხარისხიანი ვაშლი მოდის, ვიტამინები საჭირო აღარ არის. ვიტამინები იქ სჭირდებათ, სადაც ასეთი ხილი არ აქვთ.

* * *
ბოლოს შეგახსენებთ შესარჩევი ციკლის მატჩების განრიგს:

26 ოქტომბერი
საქართველო - ხორვატია 17:30 (თბილისის დროით)
აზერბაიჯანი - ისლანდია.

28 ოქტომბერი
საქართველო - აზერბაიჯანი 17:30
ხორვატია - ისლანდია

31 ოქტომბერი
ისლანდია - საქართველო 17:30
აზერბაიჯანი - ხორვატია

შეგახსენებთ, რომ საკვალიფიკაციო ეტაპიდან ჯგუფურ ეტაპზე ორი საუკეთესო გუნდი გადის.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული