ესეც 17-წლამდელთა ნაქები ფავორიტი

AutoSharing Option
ამ ასაკში ყოველთვის ჭირს ფავორიტისა თუ აუტსაიდერის დასახელება და ამიტომაც გუშინდელი მატჩის შედეგის პროგნოზირებაც არცთუ იოლი იყო. თუმცა დაიწყო შეხვედრა და თავიდანვე გამოჩნდა, რომ ინგლისის 17-წლამდელთა ნაკრები ჯგუფის ფავორიტის სტატუსს ამართლებს. ვერ ვიტყვით, რომ შვედებმა ცუდად ითამაშეს, მაგრამ ჯონ პიკოკის გუნდი მეტოქეზე მთელი თავით მაღლა იდგა და კანონზომიერადაც გაიმარჯვა.

საწყის წუთებში სკანდინავებს არა უშავდათ და შორეული დარტყმებით სცადეს მიზნის მიღწევა, მაგრა ბრიტანელებმა თამაში უმალ გადაიტანეს მოწინააღმდეგის ნახევარზე და ანგარიშიც უცებ გახსნეს. შვედეთის ნაკრების საჯარიმოში შექმნილი ქაოსით ინგლისელთა ცენტრფორვარდმა ჰალამ ჰოუპმა
ისარგებლა და ანგარიში იოლად გახსნა.

შვედებს ფარ-ხმალი არ დაუყრიათ და ანგარიშის გათანაბრების რეალური შანსი გაუშვეს ხელიდან. სიობერგი მეკარესთან პირისპირ გავიდა და ოდნავ მახვილი კუთხიდან ძლიერად დაარტყა – პიკფორდმა შესაშური რეაქცია გამოამჟღავნა და კარი გადაარჩინა. სამაგიეროდ, საკუთარი შანსი ხელიდან არ გაუშვიათ ინგლისელებს. მათ მიერ მოწოდებულ კუთხურს მეტოქის საჯარიმოში კიდევ ერთხელ აირია სიტუაცია და ნიკოლას პაუელმა რიკოშეტის დახმარებით ანგარიში ორამდე გაზარდა.

ამის შემდეგ უკვე იგრძნობოდა, რომ ფავორიტები დაგეგმილ გამარჯვებას ხელიდან აღარ გაუშვებდნენ. შვედეთის ნაკრები მარცხს უცებ არ შეგუებულა, მაგრამ რად გინდა – მეორე ტაიმი ორიოდე წუთის დაწყებული იყო, ჰოუპმა სტირლინგის გადაცემით ანგარიში გამანადგურებელი რომ გახადა. აი ამის შემდეგ კი აშკარა იყო, რომ ორივე გუნდი უკვე მეორე ტურის მატჩებზე ფიქრობდა.

ხვალ საქართველოს ნაკრები ეროვნულ სტადიონზე ინგლისს დაუპირისპირდება და ამიტომაც ორიოდე სიტყვით შევეხოთ მომავალი მეტოქის სათამაშო სტილს. ბუნებრივია, ინგლისელები აქტიურად იყენებენ ფლანგურ გარღვევებსა და მეორე სართულზე თამაშს, თუმცა მათი კოზირები მხოლოდ ეს არაა. პიკოკის გუნდის ფაქტობრივად ყველა წევრი ათლეტური აღნაგობის, მაგრამ ამავდროულად, უაღრესად ტექნიკური და მოაზროვნეა. ინგლისელი 17-წლამდელები ყველა რგოლში ძლიერად არიან დაკომპლექტებული, მაგრამ უპირველესად მაინც, მათი ცენტრფორვარდი ჰალამ ჰოუპი და გარემარბები, ნათან რედმონდი და ნიკოლას პაუელი უნდა გამოვარჩიოთ.

მოკლედ, ინგლისი ძლიერია, მაგრამ მასთან ბრძოლა ნამდვილად შეიძლება. სუსტი გუნდი არც შვედეთს ჰყავს და ვიმედოვნებთ, საქართველოს ნაკრების წევრები ამ ორივე მეტოქესთან ბოლომდე დაიხარჯებიან. მთავარია, ტურნირი გამარჯვებით დავიწყეთ და წესით, ბიჭებს ფსიქოლოგიური წნეხი უნდა მოეხსნათ.


ინგლისი-შვედეთი 3:0
18.10. თბილისი. მ. მესხი. 100 მაყურებელი
გოლები: 1:0 ჰოუპი (9), 2:0 პაუელი (23), 3:0 ჰოუპი (42)

ინგლისი შვედეთი
4-3-3 4-4-1-1
პიკფორდი მიულერი
კუზინსი აუგუსტინსონი
მეიგრი ბლომკვისტი
ჯექსონი ფორსელი
რეგანი პივოვსკი
ჩალობა ლარსონი
პაუელი სიობერგი
კოტონი ლინდგრენი
სტირლინგი ოვუსუ
რედმონდი ისლამოვიჩი
ჰოუპი სიოდერსტრიომი

მთ. მწვრთნელი მთ. მწვრთნელი
ჯ. პიკოკი რ. ლარსონი

ინგლისი
41. მეიგრი-კორტნი
56. სტირლინგი-ფანიმო
65. პაუელი-ტარგოტი
სათადარიგოები: ბარეტი, ჰენდრი, მორგანი, კესკი

შვედეთი
69. სიოდერსტრიომი-ესპლინგი
სათადარიგოები: სტარლანდერი, იესპერ ანდერსონი, იოჰან ანდერსონი, სტალი, ტიბინგი, ჟივანოვიჩი

არბიტრი: რ. აისნერი (ავსტრია)


ყოველდღიური სპორტული გაზეთი
"ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული