ჯონ პიკოკი: ქართველებს უპირატესობის გამოყენების საშუალებას არ მოგცემთ

AutoSharing Option
ინგლისის 17-წლამდელთა მთავარ მწვრთნელ ჯონ პიკოკს ინგლისი-შვედეთის მატჩის დასრულების შემდეგ მცირე ინტერვიუ ჩამოვართვით. მასთან საუბარში სასტარტო შეხვედრაც შევაფასეთ და საქართველო-ინგლისის დღევანდელ დაპირისპირებასაც შევეხეთ.

- რამდენად კანონზომიერია შვედეთთან მატჩში დაფიქსირებული შედეგი?
- ვფიქრობ, დამსახურებულად გავიმარჯვეთ, მაგრამ სამბურთიანი სხვაობა სულაც არ ნიშნავს იმას, რომ შვედეთს სუსტი გუნდი ჰყავს. უბრალოდ, საკუთარი კოზირები ბოლომდე გამოვიყენეთ და მეტოქეს დაცვაში დაშვებული უხეში შეცდომები არ ვაპატიეთ. დარწმუნებული ვარ, შვედეთის ნაკრები მომდევნო შეხვედრებში საკუთარ სიტყვას აუცილებლად იტყვის.

- რა ინფორმაციას ფლობთ საქართველოს 17
-წლამდელთა ნაკრებსა და ზოგადად ქართულ ფეხბურთზე?
- წილისყრამდე ბევრი არაფერი ვიცოდი, ორი თვის წინ კი საქართველოში სკაუტები გამოვგზავნე, რომლებმაც გარკვეული ინფორმაცია ჩამომიტანეს. ვიცი, რომ თქვენი გუნდი ტექნიკურ ფეხბურთს თამაშობს და შევეცდებით, საქართველოს ნაკრებს ამ უპირატესობის გამოყენების საშუალება არ მივცეთ.

- მიგაჩნიათ თქვენი გუნდი ჯგუფის ფავორიტად?
- პირველმა ტურმა ეს ალბათ დაადასტურა, მაგრამ ელიტ-რაუნდისკენ გადამწყვეთი ნაბიჯი ჯერ არ გადაგვიდგამს. საქართველოს ნაკრებმა პირველი მატჩის მოგებით ასევე სერიოზული განაცხადი გააკეთა და დიდია იმის ალბათობა, რომ ჯგუფიდან სწორედ ჩვენი გუნდები გავიდნენ.

- რამდენი ხანია, რაც ამ გუნდთან ერთად მუშაობთ?
- შარშან ამ ბიჭებთან ერთად 16-წლამდელთა ნაკრებში ვიყავი. გუნდის მთავარ მწვრთნელად კი აგვისტოში დამნიშნეს.

- როგორ მოგეწონათ თბილისი?
- უპირველესად, იმას აღვნიშნავ, რომ ცხოვრება და ვარჯიში იდეალურ პირობებში გვიწევს, რისთვისაც საქართველოს ფეხბურთის ფედერაციას მადლობას ვუხდი. თქვენი დედაქალაქით კი ყველანი აღფრთოვანებულები ვართ და ამიტომაც ვწუხვარ, რომ თბილისის კარგად დათვალიერებისა და კულტურული პროგრამების დრო არ გვაქვს. მჯერა, რომ საქართველოდან ყველა თვალსაზრისით კარგ მოგონებებს წავიღებთ.


ყოველდღიური სპორტული გაზეთი
"ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული