საქართველო-მოლდოვა 4:2 - მინსკში ქართველმა 17-წლამდელებმა კარი გამოიჯახუნეს

AutoSharing Option
საქართველოს 17-წლამდელთა ნაკრებმა მინსკის საერთაშორისო ტურნირზე, რომელშიც რვა გუნდი მონაწილეობდა, ბოლოსწინა, მეშვიდე ადგილი დაიკავა. გიორგი დევდარიანის გუნდმა დასკვნით მატჩში მოლდოვა 4:2 დაამარცხა.

ანგარიში გრიგოლ ჩაბრაძემ გახსნა, რომელსაც კარგი საგოლე გადაცემა გაუკეთა გიორგი ბერიძემ, ხოლო საგოლე შეტევა მეკარე ოთო გოშაძემ წამოიწყო.

ეს ჩაბრაძის პირველი გოლია 17-წლამდელთა ნაკრების შემადგენლობაში. მეორე ტაიმში ჩაბრაძემ რომან ჭანტურიას პასით გამოიჩინა თავი.

მოლდოველები შეხვედრის მსვლელობისას დაწინაურდნენ კიდეც, მაგრამ უპირატესობა ვერ შეინარჩუნეს. შეცვლაზე შესულმა რომან ჭანტურიამ თამაშში აშკარა გარდატეხა შეიტანა. მოედანზე შესვლიდან ერთ წუთში მან ჯერ თავად გაიტანა,
შემდეგ კი ჩაბრაძესაც გაატანინა.

მეოთხე გოლი კი ლუკა ზარანდიას ანგარიშზეა, რომელმაც მატჩს წერტილი შედეგიანი სოლო-რეიდით დაუსვა.

ტურნირის გამარჯვებული ბელგიის ნაკრები გახდა, რომელმაც ფინალში თერთმეტმეტრიანების სერიით რუსეთს სძლია. ძირითადი დრო ფრედ, 0:0 დასრულდა. მესამე ადგილისთვის მატჩში უკრაინამ მასპინძელი ბელორუსი 2:0 დაამარცხა.

ქართველებმა გუნდური ვერა, მაგრამ ერთი ინდივიდუალური ჯილდო მაინც მოიპოვეს. ტურნირის საუკეთესო თავდამსხმელად ლუკა ზარანდია დაასახელეს, რომელსაც პრიზი ბელორუსის ეროვნული ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა გეორგი კონდრატიევმა გადასცა.

ცნობისთვის, ტურნირის საუკეთესო მეკარე რუსი ანტონ მიტრიუშკინი გახდა, საუკეთესო მცველი - ალექსანდრ პავლოვეცი (ბელორუსი), საუკეთესო ნახევარმცველი - ვიქტორ კოვალენკო (უკრაინა). ტურნირის ბომბარდირი და საუკეთესო ფეხბურთელი კი ბელგიელი ზაქარია ბაკალი გახლავთ.

Sportall.Ge"ძალიან მოულოდნელი პრიზი იყო. ჩემი გვარი რომ გამოაცხადეს, გაოცება სახეზე მეწერა... საპრიზო ადგილზე რომ ვერ გავედით, გვეგონა, ჩვენკენ არავინ გამოიხედავდა.

დიდი მადლობა ყველას. მიუხედავად იმისა, რომ ეს ჩვენთვის ელიტრაუნდისთვის მოსამზადებელი ტურნირი იყო, ბიჭები ძალიან გულდაწყვეტილები ვართ, რომ შედეგი ვერ ვაჩვენეთ.

ამ ტურნირმა ბევრი რამ გვასწავლა და ჩვენი ბევრი შეცდომაც დაგვანახა. მთავარია, მარტისთვის ვიყოთ სათანადოდ მზად, რომ ავსტრიაში კარგი შედეგი ვაჩვენოთ და ჯგუფიდან გავიდეთ. მთავარი ესაა",
- უთხრა ზარანდიამ სფფ-ის ვებგვერდს.

საქართველოს ნაკრები ევროპის ჩემპიონატის შესარჩევი ტურნირის ელიტრაუნდისთვის მზადებას განაგრძობს და იმედი გვაქვს, იქ მინსკზე გაცილებით უკეთეს შედეგს აჩვენებს.

საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის ოფიციალური ვებგვერდის ცნობით, დევდარიანის გუნდს გერმანიის ნაკრებთან სპარინგი აქვს დაგეგმილი, 12 და 14 მარტს კი თბილისში შვედებს ამხანაგურად შეხვდება.

შეგახსენებთ, ავსტრიაში გასამართ ელიტრაუნდში საქართველოს ნაკრების მეტოქეები სერბეთი, ირლანდია და მასპინძლები იქნებიან.

U17. მინსკის საერთაშორისო ტურნირი.
საქართველო-მოლდოვა 4:2
1:0 ჩაბრაძე (18), 1:1 კატერი (27), 1:2 გოლუბტოვი (44), 2:2 რ. ჭანტურია (50), 3:2 ჩაბრაძე (57), 4:2 ზარანდია (63)
საქართველო: გოშაძე, ველიაშვილი, გელაშვილი, ტაბიძე, თევზაძე, მალანია (74. შულაია), ხარაიშვილი (49. რ. ჭანტურია), კერძევაძე (41. გოროზია), ბერიძე (66. რუხაძე), ზარანდია, ჩაბრაძე
მწვრთნელი: გ. დევდარიანი
მოლდოვა: ფრუნზა, ტრიფანი, გოლუბტოვი, ანდრიუხინი, სვინარენკო (64. სანდული), ვ. მარკიცკი, ა. მარკიცკი, გოლუბევი, ბოჟი, კატერი (57. გორბანი), ბეჟანი
მწვრთნელი: ნ. ბუნია
გაფრთხილება: ბერიძე, ბეჟანი
გაძევება: ბეჟანი (80+3)

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული