ალექსანდრე ჩივაძე: სფფ-ში პრეზიდენტის რიგგარეშე არჩევნებზე საუბარიც კი ზედმეტია

AutoSharing Option
4 თებერვალს "მიხეილ მესხის" სტადიონის მედიაცენტრში 21-წლამდელთა ნაკრების მთავარი მწვრთნელი ალექსანდრე ჩივაძე ჟურნალისტებს შეხვდა და რამდენიმე დღის წინ ნიონში გამართული წილისყრის შესახებ ისაუბრა.

სფფ-დან წილისყრაზე მივლინებული იყვნენ თავად ბატონი ალექსანდრე და სფფ-ის ტექნიკური დირექტორი ნიკოლოზ ჩხეიძე.

მოგეხსენებათ, საქართველო მესამე ჯგუფში მოხვდა და ჩვენი მეტოქეები ჰოლანდიის, შოტლანდიის, სლოვაკეთისა და ლუქსემბურგის ნაკრები გუნდები იქნებიან. სფფ-ის ოფიციალურ ვებგვერდზე კი რამდენიმე დღის წინ უკვე განვათავსეთ შესარჩევი ციკლის ოფიციალური კალენდარიც.

"დავიწყებ იმით, რომ უკმაყოფილო ნამდვილად არ ვარ" - განაცხადა 21-წლამდელთა თავკაცმა. - ისეთი ჯგუფი შეგვხვდა,
რომ მიზნად უნდა დავისახოთ ორ საუკეთესოს შორის მოხვედრა, ანუ მეორე ადგილი, რაც ფლეი-ოფში თამაშის შანსს მოგვცემს.

ჯგუფის ფავორიტად, უდავოდ, ჰოლანდიას დავასახელებ. მათი ახალგაზრდული ნაკრები ორგზის ევროპის ჩემპიონია და ამ ზაფხულსაც ითამაშებს
ევროპაზე.

თუმცა თამაში ყველასთან შეიძლება. მთავარია, ძალიან მოვინდომოთ, მოტივირებულები ვიყოთ და კარგად მოვემზადოთ.

შარშან, როცა ეს გუნდი ჩავიბარე, ჯგუფიდან გასვლის შანსი აღარ გვქონდა და ამიტომ აქცენტი მომდევნო შესარჩევ ციკლზე გავაკეთეთ და დარჩენილი მატჩები მოსამზადებლად გამოვიყენეთ.

სწორადაც მოვიქეცით, რადგან ამ ხნის განმავლობაში, 50-მდე ფეხბურთელი გამოვცადეთ და ახლა უკვე ვიცით მათი შესაძლებლობები.

რაც შეეხება კალენდარს, მის გარშემო ბევრი ვიკამათეთ. ჰოლანდიას საკუთარი ვარიანტის გატანა უნდოდა, მაგრამ ამაზე ვერ შევთანხმდით და საბოლოოდ, ხანგრძლივი მსჯელობის შემდეგ, მგონი, ურიგო ვარიანტი არ მიგვიღია... ერთზე ყველა შევთანხმდით, რომ ზაფხულში თამაში არ გვინდოდა.

შესარჩევი ციკლის დაწყებამდე, 18-27 მარტს, საწვრთნელ შეკრებას ავსტრიაში გავივლით, სადაც სამ ამხანაგურ მატჩსაც ვითამაშებთ - ავსტრიის, რუმინეთისა და სავარაუდოდ, ალბანეთის ახალგაზრდულ ნაკრებებ
თან. ერთი ამხანაგური შეხვედრა გვექნება აგვისტოში, თუმცა, მეტოქის ვინაობა ჯერ გარკვეული არაა.

რა თქმა უნდა, კოორდინირებულ მუშაობას ვგეგმავთ ეროვნულ ნაკრებთან. ძალიან მიხარია, რომ თემურ ქეცბაია ახალგაზრდული ნაკრების ფეხბურთელებს ეროვნულში იძახებს და თავის გამოჩენის შანსს აძლევს.

ჩვენი მიზანიც ესაა - ფეხბურთელები მთავარი გუნდისთვის მოვამზადოთ, მაგრამ ჩვენ თუ გადამწყვეტი თამაშები გვექნება, იმედია, ანგარიშს გაგვიწევენ...

თვალყურს ვადევნებ იმ ბიჭებსაც, რომლებიც ამ ეტაპზე უკრაინისა და რუსეთის ახალგაზრდულ ნაკრებებში გამოდიან. მაგალითად, უკრაინაში - იაშვილი, მესხია და აქუბარდია.

რუსეთში კი - ჭეჟია და ურიდია. თუმცა ამ ეტაპზე ისინი იმ ქვეყნის მოქალაქეები არიან და იქ თამაში სურთ".

პრესკონფერენციის დასასრულს, სფფ-ის ვიცე-პრეზიდენტს ფედერაციის რიგგარეშე არჩევნებზე კიდევ ერთხელ ჰკითხეს.

"ადრეც ვთქვი და ახლაც ვამბობ, სავალალო და უსაშველო მდგომარეობა რომ იყოს, დამერწმუნეთ, არც საშა ჩივაძე გაჩუმდებოდა, არც მურთაზ ხურცილავა და არც რეზი არველაძე...

ფედერაცია სრული დატვირთვით მუშაობს და თავისი შესაძლებლობების მაქსიმუმს აკეთებს. ამიტომ რიგგარეშე არჩევნებზე საუბარიც კი ზედმეტად მიმაჩნია. არჩევნები დანიშნულ დროს - 2015 წელს ჩატარდება"
- განაცხადა ალექსანდრე ჩივაძემ.

gff.ge


ასევე იხილეთ:
U21. წილისყრა: გრანდებიდან მხოლოდ ჰოლანდია გვერგო
მკითხველის კომენტარები / 2 /
ქართველებს მოკლე და გამრუდებული მეხსიერება გვაქვს და სწორედ ამიტომაც ჩვენი საშველი არ იქნება.ერთადერთი ადამიანი რომელმაც სრული და მწარე სიმართლე თქვა ქართული ფეხბურთის შესახებ ეს თემურ ქეცბაია იყო.სხვა ყველა მათ შორის ბატონი ჩივაძეც.მიუხედავად იმისა რომ დიდი ფეხბურთი ითამაშეს.პირადად ჩემთვის მედროვეებად დარჩებიან ,ჩემდა და ჩვენთა სამწუხაროდ
VEP1963
13:17 11-02-2013
0
საშა ყოველთვის სწორი ადამიანი იყო და დარჩა კიდევაც
თამაზი
00:04 05-02-2013
0

სიახლეები პოპულარული