შესარჩევი ეტაპი ალექსანდრე ჩივაძის გუნდს სექტემბრიდან დაეწყება, სადაც ჩვენებურთა მეტოქეები ჰოლანდია, შოტლანდია, სლოვაკეთი და ლუქსემბურგი იქნებიან.
შეგახსენებთ, რომ შესარჩევში საქართველოს ახალგაზრდული ნაკრების ჯგუფში ერთი შეხვედრა უკვე გაიმართა - 25 მარტს შოტლანდიამ შინ ლუქსემბურგი დაამარცხა - 3:0. 11 ივნისს კი ლუქსემბურგი სლოვაკეთს მიიღებს.
ჩივაძეს 28 მარტს შევხვდით და ავსტრიულ შეკრებაზე ჩამოვუგდეთ სიტყვა.
- ნებისმიერი შეკრების დროს
ავსტრიული შეკრებისთვის ოცი ფეხბურთელი გამოვიძახეთ. სამწუხაროდ, თორნიკე ოქრიაშვილმა ტრავმის გამო ვერ მოახერხა ჩამოსვლა. შეკრებაზე დაშავდნენ დათო კირკიტაძე და კახა მეშველიანი, რომლების მაგივრადაც "დინამო თბილისის" მეკარეს, ლევან ტყეშელაშვილს ვუხმეთ.
საქმეში ყველა ფეხბურთელი ვნახეთ და საერთო ჯამში კმაყოფილი დავრჩი.
- დამდეგ შესარჩევ ციკლში 1992 წელს დაბადებულებს და მათზე უმცროსებს აქვთ თამაშის უფლება. ისე ჩანს, რომ ჩვენი ახალგაზრდული ნაკრები ერთ-ერთი ყველაზე "ახალგაზრდა" გუნდი იქნება ამ შესარჩევ ეტაპზე...
- წინა შესარჩევი ეტაპის ბოლოს ჩავიბარე გუნდი. ჯგუფიდან გასვლის შანსი უკვე გადაწურული იყო, ამიტომ აქცენტი იმ ფეხბურთელებზე ავიღეთ, რომელთაც მომდევნო შესარჩევში თამაშის უფლება ექნებოდათ. ამის გამო ჩვენს ფეხბურთელებს მეტწილად მათზე უფროსებთან უწევდათ თამაში, ავსტრიაში კი უკვე თანატოლებს გაეჯიბრნენ.
სწორად შენიშნეთ, ამ შეკრებაზე 1993 წელს დაბადებული ათი ფეხბურთელი წავიყვანეთ და ვფიქრობ, სწორი გეზი გვაქვს აღებული.
- ავსტრიაში ახალწვეულებიც გყავდათ - რა შთაბეჭდილება დატოვეს მათ?
- უნგრული "დიორის" თავდამსხმელი გიორგი ქვილითაია პირველად იყო მოწვეული ახალგაზრდულ ნაკრებში და საკმაოდ კარგი შთაბეჭდილება დატოვა. ნაკრებში პირველად გამოვიძახე ქუთაისის "ტორპედოს" ნახევარმცველი მერაბ გიგაური და მისი თამაშითაც კმაყოფილი დავრჩი - ორივე ფეხბურთელი 1993 წელსაა დაბადებული.
- რა ტაქტიკური სქემით ათამაშებდით გუნდს ავსტრიაში გამართულ შეხვედრებში?
- მეტწილად 4-3-3 განლაგებით. გასათვალისწინებელია ისიც, რომ შესარჩევში პირველი ორი შეხვედრა სტუმრად გვაქვს - 5 სექტემბერს ლუქსემბურგთან და 9 სექტემბერს სლოვაკეთთან. საკვალიფიკაციო რაუნდამდე კიდევ ერთი შეკრების გამართვა ვერ ხერხდება, 14 აგვისტოს კი ლატვიასთან ვითამაშებთ ამხანაგურ მატჩს.
- შეიძლება ითქვას, რომ შესარჩევი ეტაპის დაწყებამდე სასელექციო სამუშაოები თითქმის დასრულებულია?
- ნაკრების ყველა წევრისა და კანდიდატის თამაშს დავესწრები, ახალი ფეხბურთელების მოძიებასაც გავაგრძელებთ. მე და თემურ ქეცბაია საქართველოს 17-წლამდელთა ნაკრების ამასწინანდელ შეხვედრას დავესწარით სერბეთთან. მაისში საქართველოს 19-წლამდელებს ბელგიაში რომ ექნებათ ელიტრაუნდი, იქაც ჩავალ.
რა თქმა უნდა, ლეგიონერების გამოსვლაც არ დაგვრჩება უყურადღებოდ. არ მინდა, რომ რომელიმე საინტერესო ფეხბურთელი დარჩეს ნაკრებს მიღმა. ამ დროისთვის ჩვენი თვალთახედვის არეში 45 ფეხბურთელია.
- საერთო ჯამში, რამდენად კმაყოფილი ხართ გუნდის ბირთვით? ფეხბურთელთა სათანადო კონტინგენტის გარეშე ხომ მნიშვნელოვან წარმატებაზე ფიქრიც ზედმეტია...
- იმედი მაქვს, რომ საქართველოს 21-წლამდელი ფეხბურთელები გაითავისებენ მოთხოვნებს - ერთია კლუბში თამაში, ნაკრების დონე კი სულ სხვა არის.
ჩვენთვის უაღრესად მნიშვნელოვანია, რომ ქვეყნის პირველმა ნაკრებმა კარგი შევსება მიიღოს ახალგაზრდული ნაკრებიდან. ავსტრიული შეკრების ბოლო მატჩისთვის ჩვენთან ქეცბაია ჩამოვიდა, დაესწრო შეხვედრას და ფეხბურთელებსაც ესაუბრა...
(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
ასევე იხილეთ:
საქართველოს ახალგაზრდულმა ნაკრებმა მალაიზიას გადაურბინა
საქართველოს ახალგაზრდული ნაკრები აზერბაიჯანთან ფრეს დასჯერდა
საქართველოს 21-წლამდელთა ნაკრებმა ავსტრია მოგებით დაიწყო
ალექსანდრე ჩივაძე: ფეხბურთი შემოქმედი კაცის საქმეა