გაბრწყინებული საქართველო: ჰქმენ, რაც შენი ფერია

AutoSharing Option
...სასიხარულოა, რომ გია ცეცაძესა და კომპანიას აღმოაჩნდათ იმის შნო და უნარი, ევროპელ მეტოქეებსაც გამკლავებოდნენ და მსაჯების უსამართლობასაც.

ინგლისის, შოტლანდიისა და ბელგიის ჯგუფში პირველ ადგილზე საქართველოს 19-წლამდელები გავიდნენ და 29 მაისს სამშობლოს უზომო სიხარული მიანიჭეს.

ეს ყველაფერი უსაფუძვლოდ არ მომხდარა. გუნდს ჰყავს თავმოყვარე მწვრთნელი, რომელსაც უყვარს ფეხბურთი და სადაც უმუშავია, ამ გზიდან არ გადაუხვევია.

იხილეთ ვიდეო
Sportall.Ge

ცეცაძის სიტყვებია: "მინდა, უეფას გასაგონად ვთქვა, რომ ქართველები მათხოვრები არ ვართ და ბელგიაში ჩასვლა, კარგ სასტუმროში ცხოვრება და კვება არ გვაკმაყოფილებს.

პირადად მე მსურს, გუნდი
ევროპის ჩემპიონატზე გავიყვანო, სამეულში მოვხვდეთ და ქართველობა გავახაროთ! სწორედ ესაა ჩემი მიზანი და არა ევროპაში გუნდთან ერთად უთავმოყვარეოდ მოგზაურობა. ბიჭებს ამის პოტენციალი გააჩნიათ".

ეჭვიც არაა, ამ სიტყვების წაკითხვის შემდეგ ბევრს გაეცინებოდა, ჩვენ ხომ მხოლოდ საკუთარი ცუდის დაჯერებას ვახერხებთ, ქართველზე კარგის თქმა და ნდობა ხომ მოდაში აღარ არის. მწვრთნელის ნიჭი კი სწორედ ნიჰილისტურ გარემოში ვლინდება - მან მოთამაშეებს უნდა შესძახოს, გაამხნევოს, საკუთარი ძალების რწმენა შემატოს და მაღალი მიზნებისთვის ბრძოლა შთააგონოს.

დიახ, მოთამაშეებმა ყველაზე უკეთ იციან, რა მოხდა ბელგიაში და ეს წარმატება ვისი დამსახურებაა. გია ცეცაძემ კი დიდი ხანია, დაამტკიცა, რომ ის მწვრთნელად არის დაბადებული.

გია ცეცაძე ქართულ ფეხბურთში იმდენად შთამბეჭდავად გამოჩნდა, რომ მის წარმატებაზე თვალის დახუჭვა შეუძლებელი იყო. პირველი ღონიერი ნაბიჯები გორის "დილაში" გადადგა, სადაც ნარჩენი მოთამაშეებისგან ისეთი გუნდი შეკრიბა, თბილისის "დინამო" ვერ ამარცხებდა, გასვლაზე კი "ზესტაფონს" 4:0 მოუგო და საერთოდაც, გუნდი ლაღ და ლამაზ ფეხბურთს თამაშობდა.

ის მაინც გაათავისუფლეს და მხოლოდ გარკვეული დროის შემდეგ დააბრუნეს - თუმცა, შეკვეცილი უფლებებით და მერე თემურ შალამბერიძესთან ერთად გაუშვეს.

სამწვრთნელო საქმეში პირველი ნაბიჯები გიორგი დევდარიანთან, თემურ ფოცხვერიასთან, გურამ ჩომახიძესთან, გელა სანაიასთან და თემურ შალამბერიძესთან ერთად გადადგა. თანამოაზრეები იყვნენ და ხუმრობდა, ჩვენ ფეხბურთის მოყვარულთა სექტა ვართ და მხოლოდ შემტევ თამაშს ვცნობთ, სხვა ფეხბურთი ქართველებს არ გვეხერხებაო.

ცხადია, "პროფები" ამ სიტყვებზე მაშინაც იცინოდნენ. ჯერ იმიტომ, რომ ამ მწვრთნელს დიდი ფეხბურთი არ უთამაშია და მეორე იმიტომ, რომ რატომღაც დაგვიდგინეს, რომ თანამედროვე ქართული ფეხბურთი "კატენაჩოზე" უნდა გადაეწყოს, მეტი არ შეგვიძლიაო.

შეგვძლებია და მეტიც, ალაგ-ალაგ ჩვენი ასაკობრივი ნაკრებები ჭკვიანი ხალხის ხელში ფეხბურთსაც აჩვენებს, იმ დავიწყებულ ფეხბურთს, წარსულში დარჩენილი რომ გვეგონა.

და ეს ყველაფერი ბოლო 15 წელიწადში საქართველოში სულ რამდენიმე ნორმალური საფეხბურთო სკოლის ამოქმედების შედეგია - "ოლიმპი", "ლოკომოტივი", "საბურთალო", ზუგდიდის "ბაია", ქუთაისის "ტორპედო", "ზესტაფონი" სწორედ ამიტომ გაიხსნა და ამ მწირი გარღვევითაც ჩვენი ასაკობრივი ნაკრებები ორჯერ ევროპის ჩემპიონატის ფინალურ ეტაპზე მოხვდნენ, ელიტრაუნდებში კი ლამის დაბარებულებივით ცხადდებიან.

ასე ჩნდება საქართველოში იმედის კონტურები, რომ მცდარია ცნობილი ანეკდოტი - ფეხბურთი ინგლისში დაიბადა, ბრაზილიაში გაიზარდა და საქართველოში მოკვდაო. ჩვენში ნიჭიერი ბიჭები და მწვრთნელები კიდევ იბადებიან და ბოლო ორი წელია, ევროფინალებში ასაკობრივი ნაკრებები მაინც გადიან.

1990 წლის 15 თებერვალს თავისუფლებას მონატრებულმა ქართველობამ ფეხბურთის ფედერაციის დამოუკიდებლობა იმიტომაც გადაწყვიტა, რომ ასეთი წარმატებების იმედით საზრდოობდა. გულიანი, წესიერი შრომით და საკუთარი ძალების რწმენით ეს შესაძლებელი ყოფილა, რაც გია ცეცაძემ და მისმა შტაბმა დაამტკიცეს.

საამისოდ კი ის ფეხბურთი გვჭირდება, რუსთველის თქმის არ იყოს, რაც ჩვენი ფერია - ღამურას გზა ჩვენ არ გვარგებს.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ასევე იხილეთ:
გია ცეცაძე: მინდა, უეფას გასაგონად ვთქვა, რომ ქართველები მათხოვრები არ ვართ!
U19. ბელგია - საქართველო 0:2 - მზიანი ღამე ბელგიაში [VIDEO]
U19. საქართველო-შოტლანდია 3:1 - ძლევაი საკვირველი [VIDEO]
U19. საქართველო - ინგლისი 1:1 - პირველი ფრე და შენარჩუნებული შანსი
მკითხველის კომენტარები / 6 /
მშვენიერი სტატიაა. ყოჩაღ ცეცაძე!
Magar
01:16 01-06-2013
0
ფაქტია რომ ცჰვენი იმედი მომავალზეა გათვლილი და არაა სალაპარაკო ის თემა არც ტკივილს გაყენებს ვისაუბროთ იმ ბედნიერებაზე რაც ამ ნაკრებმა მოგვანიჭა
რატი ფირცხალაიშვილი
19:31 31-05-2013
0

სიახლეები პოპულარული