ევროფინალის პირველი მონაწილე ისედაც ცნობილი იყო - მასპინძელი ლიტვა, რომელიც თავის ისტორიაში პირველად უმასპინძლებს კონტინენტურ პირველობას, ფინალური ეტაპის მატჩები კი 20 ივლისიდან 1-ელ აგვისტომდე გაიმართება.
მეორე მონაწილე თურქეთი იყო. ჩვენმა სამხრეთელმა მეზობლებმა წარმატებას კრასნოდარში გამართულ უმძიმეს მატჩებში მიაღწიეს - თურქებმა მასპინძელ რუსეთს, იტალიასა და უკრაინას აჯობეს და სიკვდილის ჯგუფში მოულოდნელი შედეგი დააფიქსირეს.
ამის შემდეგ საქართველოს ჯერი დადგა, უფრო დიდი სენსაცია გამოაცხო და ინგლისს, მასპინძელ ბელგიასა და შოტლანდიას აჯობა.
ამგვარად,
4, 5 და 6 ივნისს კიდევ 5 ჯგუფში დაიწყო ელიტრაუნდის მატჩები.
გადავხედოთ დანარჩენ 5 ჯგუფს:
I. ავსტრია, საფრანგეთი, ბოსნია, შვედეთი
II. სერბეთი, ირლანდია, სლოვაკეთი, შვეიცარია
III. დანია, პორტუგალია, ჩეხეთი, ბულგარეთი.
IV. ესპანეთი, ხორვატია, პოლონეთი, საბერძნეთი.
V. ჰოლანდია, გერმანია, ნორვეგია, კვიპროსი.
პირველი ტურის შემდეგ გამოიკვეთა ფავორიტები, რომლებიც ევროპის ჩემპიონატზე გია ცეცაძის გუნდის შესაძლო მეტოქეები იქნებიან, მაგრამ ჯერ მათ დასახელებას აზრი არ აქვს, რადგან მთავარი მატჩები ჯერ წინ არის და დღევანდელი ფავორიტები, შესაძლოა, ხვალ ბოლო ადგილზე აღმოჩნდნენ.
სამწუხაროა, რომ ჩვენი გუნდი ელიტრაუნდის საწყის ორ ტურში მსაჯებმა უმძიმეს მდგომარეობაში ჩააგდეს. მართალია, უეფამ შესარჩევ და ელიტრაუნდის მატჩებზე მიღებული ერთი ყვითელი ბარათი ყველა ფეხბურთელს გაუუქმა, მაგრამ საქართველო ჯგუფური ეტაპის პირველ შეხვედრაში სრულ განაცხადს ვერ წარადგენს. ეს იმ შემთხვევაში, თუ გურამ სამუშია ("ზესტაფონი") და დავით უბილავა ("ვიტ ჯორჯია") საევროპო განაცხადში მოხვდებიან და თუ რაიმე სასწაული არ მოხდა, ასეც იქნება - ორივემ ბელგიაში ღირსეულად ითამაშა.
მაგრამ სამუშიას და უბილავას ორ-ორი ყვითელი ბარათი აქვთ და ევროპის ჩემპიონატის ფინალურ ეტაპზე პირველ მატჩს გამოტოვებენ.
თუმცა საქართველო ბელგიაში ასეთებს უკვე შეაჩვიეს: მასპინძლებთან შეხვედრაში ხომ განაცხადში სულ 13 მოთამაშე გვყავდა. როგორც მთავარი მწვრთნელის ასისტენტმა, ზაზა ბაკურაძემ გვითხრა, სათადარიგოებში მოხვედრილ მეკარე ბაჩო მიქავას ორი ფორმა ჰქონდა - მეკარის და წინა ხაზის მოთამაშის და საჭიროების შემთხვევაში, რომელიმე ფეხბურთელი უნდა შეეცვალა.
ასე ძვირად დაგვიჯდა ინგლისთან და განსაკუთრებით, შოტლანდიასთან მსაჯების ზღვარგადასული უსამართლობა.
ცეცაძის გუნდში ერთი სასიხარულო ამბავი მაინც არის: მოედანს ლუკა ჰუფნაგელი დაუბრუნდა, რომელმაც ელიტრაუნდი ტრავმის გამო გამოტოვა. საინტერესოა, რომ მამით გერმანელი და დედით ქართველი ნახევარმცველი გერმანიის 19-წლამდელთა ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა კრისტიან ციგემ მიიწვია, თუმცა ფეხბურთელმა დაუფიქრებლად უარი უთხრა, საქართველოს სასარგებლოდ არჩევანი უკვე გავაკეთეო.
ეს ის პრეცედენტია, რომელმაც კიდევ ერთხელ დაგვარწმუნა, რომ ეს 19 წლის ნახევარმცველი საქართველოს ნაკრებს სჭირდება. აბა, რა მტკიცება უნდა, რომ ამ გადაწყვეტილებით ჰუფნაგელმა სასწორზე დადო კარიერა, რადგან გერმანიის ნაკრების წევრს ბევრად მეტი პერსპექტივა და დაფასება აქვს, ვიდრე საქართველოს ნაკრებისას, რომელიც მსოფლიოს რეიტინგში მხოლოდ 96-ე ადგილზეა.
ლუკას არჩევანი ამიტომ უფრო გვახარებს.
ევროპის ჩემპიონატამდე ლუკა მომჯობინდებდა და ფორმას აღიდგენს. სხვათა შორის, "უნტერჰახინგის" მოთამაშემ თავის ყოფილ კლუბთან, მიუნხენის "ბაიერნის" 19-წლამდელებთან მოგებაში (3:2) დუბლის შესრულებით ლომის წილი დაიდო. ჩვენი 19-წლამდელების ნახევარმცველი ხომ 16 წლამდე მიუნხენელთა "ბაიერნის" აკადემიაში თამაშობდა.
ჰუფნაგელის ამბის მოსმენის შემდეგ ვერაფრით გაიგებ, რა სჭირთ იმ ქართველ ფეხბურთელებს, რომლებიც ეროვნულ ნაკრებში გამოძახებაზე უარს ამბობენ.
...ისევ 19-წლამდელებს დავუბრუნდეთ. ლიტვაში გასამართ ფინალურ ეტაპზე 8 გუნდი იასპარეზებს. თამაშები 20 ივლისიდან 1-ელ აგვისტომდე გაიმართება, ჯგუფების კენჭისყრა კი 14 ივნისს შედგება.
მოულოდნელია, რომ პოსტსაბჭოური ქვეყნებიდან ფინალურ ეტაპზე მხოლოდ საქართველო ითამაშებს - ყველა დანარჩენმა შანსი უკვე დაკარგა.
(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
ასევე იხილეთ:
დაუსვი კითხვა გია ცეცაძეს
გაბრწყინებული საქართველო: ჰქმენ, რაც შენი ფერია
გია ცეცაძე: მინდა, უეფას გასაგონად ვთქვა, რომ ქართველები მათხოვრები არ ვართ!
U19. ბელგია - საქართველო 0:2 - მზიანი ღამე ბელგიაში [VIDEO]
U19. საქართველო-შოტლანდია 3:1 - ძლევაი საკვირველი [VIDEO]
U19. საქართველო - ინგლისი 1:1 - პირველი ფრე და შენარჩუნებული შანსი
ლუკა ჰუფნაგელი: საქართველოს ნაკრებში ისევ გამომიძახეს!