...გულშემატკივარი სულმოუთქმელად ელოდა ჩვენი 19-წლამდელების პირველ შეხვედრას, იყო ნერვიულობა, დაძაბულობა, პროგნოზები, იმედები.
გასაგები იყო ახალგაზრდა "მამლების" დამრიგებლის, ფრენსის სმერეცკის სურვილი, რომლის ხელშიც ფრანგებმა ამ ასაკის ჩემპიონობა 2010 წელს მოიპოვეს - ტურნირი მარშით სურდა დაეწყო და პირველივე ტურში საქართველო დაემარცხებინა.
აბა, სად ბევრად ტიტულოვანი და
დიდი მცდელობისა და სურვილის მიუხედავად, ფრანგებმა ეს ვერ მოახერხეს. მათ შეხვედრა თადაჯერებულადაც დაიწყეს.
10 წუთის განმავლობაში "ჯვაროსნებს" ფლანგებიდან აქტიურად უტევდნენ - მარცხნიდან ბენჟამენ მენდი (მარსელი), მარჯვნიდან - ჟორდან იკოკო (პსჟ), აქტიური იყო მადრიდის "ატლეტიკოს" ფეხბურთელი ემერიკ ლიაპორტიც.
"მამლებმა" მომენტებიც შექმნეს, მაგრამ ანგარიში ვერ გახსნეს: კევინ როდრიგესის ახლოდან დარტყმული ბურთის შემდეგ გუნდი გაბრიელ თებიძემ გადაარჩინა.
ათლეტურ და კარგად დაბალანსებულ მეტოქეს ქართველებმა ალღო მაინც აუღეს და ჟინიანი და რაც მთავარია, აზრიანი თამაშით დაუპირისპირდნენ. ნელ-ნელა შეტევების გაძლიერებაც სცადეს.
ჩვენი კაპიტანი, ბაჩანა არაბული ხშირად ახერხებდა ბურთის შენარჩუნებასა და ფრანგების ნახევარზე თამაშის გადატანას. გია ცეცაძის გაწვრთნილებიდან კარისკენ ორჯერ დაარტყა გიორგი ფანცულაიამ, თუმცა მიზანს ორჯერვე ააცილა.
დაცვა ბურთს უაზროდ არ იგერიებდა, მაგრამ შეტევების გამწვავებას მეტოქის ნახევარზე არაზუსტი პასების გამო ვერ ახერხებდნენ.
ფრანგებმა განსაკუთრებით პირველი ტაიმის ბოლოს გაილაღეს. სახიფათო გამოდგა მენდის შორეული დარტყმა და თებიძემ კვლავ საიმედოდ ითამაშა.
სმერეცკის გაწვრთნილებმა მეორე ტაიმიც ომახიანად დაიწყეს, თუმცა მათი შეტევები ერთფეროვანი იყო და ქართველები ვერც ტემპით დაჩაგრეს. მერე და მერე ფრანგების შეტევებს სიმწვავეც დააკლდა. ახლა უკვე ჩვენი ფლანგის მცველები გააქტიურდნენ, რომლებიც შეტევებში უფრო თამამად ერთვებოდნენ, მაგრამ მომენტების შექმნას ვერ ვახერხებდით.
ცეცაძემ შეცვლა ზუსტად გამოიცნო: ნიკა კაჭარავამ ბურთის დაჭერაც მოახერხა და თამაშიც გაამწვავა. 82-ე წუთზე ყაზანის "რუბინის" თავდამსხმელს ანგარიშის გახსნის რეალური შანსიც ჰქონდა: საჯარიმოსთან არაბულს "სამკუთხედი" გაუთამაშა, კარისკენ გაიჭრა და მახვილი კუთხიდან დაარტყა.
"მამლების" მეკარემ, კვენტინ ბონარდომ ბურთი მოიგერია, მაგრამ ვერ დაეუფლა და კარის ხაზიდან გამოიტანა. არადა, ამ დროს რამდენი ქართველი გულშემატკივარი სკამიდან წამოხტა ნაადრევი სიხარულისგან...
87-ე წუთზე თამაში საკუთარ თავზე ავთო ენდელაძემ აიღო და საჯარიმოს სიახლოვიდან ბურთი მოჭრა - მიზანს ვერც მან უწია.
წარუმატებელი გამოდგა ლენი ნანიესის შეტევაც, საბოლოოდ კი გუნდები 0:0-ზე დაზავდნენ, რასაც ფრანგების დამრიგებელმა ლოგიკური შედეგი უწოდა.
იხილეთ ვიდეო
იხილეთ ფოტოგალერეა
ცოტა უცნაური, მაგრამ სასიამოვნო იყო გია ცეცაძის ამბიციური განცხადება, შედეგით და თამაშით უკმაყოფილო ვარო - ფრანგებთან ფრეს ბევრი ჩვენნაირი ქვეყანა ინატრებდა, მაგრამ ჩვენი გუნდის მთავარ მწვრთნელს ნახევარფინალში გასვლის ამბიცია აქვს.
შეგახსენებთ, რომ საქართველოს 19-წლამდელები 23 ივლისს სერბეთს დაუპირისპირდებიან. ჩვენი გუნდის დახმარებას შეძლებენ მარცხენა მცველი დავით უბილავა და შემტევი ნახევარმცველი გურამ სამუშია - მათ პირველი შეხვედრა ელიტრაუნდზე მიღებული ყვითელი ბარათების მიზეზით გამოტოვეს.
გია ცეცაძემ თქვა კიდეც, ფრანგებთან სათანადოდ იმიტომ ვერ ვითამაშეთ, ძირითადი შემადგენლობის ეს ორი მოთამაშე რომ დაგვაკლდაო.
მატჩის შემდეგ
გია ცეცაძე (საქართველო):
"პირველი ტაიმით ძალიან უკმაყოფილო ვარ; განსაკუთრებით - წინა ხაზით, კონცენტრაცია დაგვაკლდა და ნაკლებად ვმოძრაობდით. მეორე ტაიმს არა უშავდა. თუმცა 100 პროცენტით კმაყოფილი არ ვარ - უფრო მეტს ველოდი და მდგომარეობა ცოტა გავირთულეთ... თუმცა აქ იმისთვის ვართ, რომ შემდეგ ეტაპზე გავიდეთ. ტურნირი გრძელდება და ვეცდებით, ჯგუფური ეტაპის დარჩენილი მატჩებიდან ქულათა მაქსიმუმი გამოვწუროთ...
შედეგით თავს მოგებულად არ ვთვლი და ფრანგების არ ვიცი... ამპარტავნობაში არავინ ჩამომართვას, საფრანგეთთან ფრე ითამაშა და უკმაყოფილოაო, მაგრამ მართლა ასე ვარ... თამაშის ხარისხმა არ დამაკმაყოფილა. ეს მთელი პროცესია - შესარჩევი სხვაა, ელიტრაუნდიც... ეს კი ევროპის ჩემპიონატია, სადაც ბიჭები პირველად თამაშობენ.
სხვა ქვეყნებივით ხუთჯერ და ექვსჯერ რომ მოვხვდებით ევროფინალზე, მაშინ სხვა ვითარება იქნება. მოკლედ, ჩვენ ამ შედეგით არ მოგვიგია და არც წაგვიგია - ქულა ავიღეთ.
სერბეთთან პრინციპული მატჩი გველის. მათ დღეს თურქები დაამარცხეს. ვეცდებით, რომ ამ მატჩზე შეცდომები გამოვასწოროთ, შევუტიოთ და მეტოქე დავამარცხოთ. აბსოლუტურად დარწმუნებული ვარ ჩემი გუნდის კარგ ფიზიკურ კონდიციებში. როცა გუნდში თემურ ლორთქიფანიძე გყავს, სხვანაირად არც შეიძლება იყოს. თან, მატჩებს შორის დასვენება 2 დღეა და ბიჭები აღდგენას და დასვენებას მოასწრებენ".
ფრენსის სმერეცკი (საფრანგეთი):
"ფიზიკური დატვირთვების მხრივ, ძალიან მძიმე მატჩი იყო და ამ თვალსაზრისით, ფეხბურთელებით უკმაყოფილო ვარ. როცა შანსი გვქონდა, ვერ გამოვიყენეთ. ასე რომ, ფრე სამართლიან შედეგად მიმაჩნია.
საქართველოს ძალიან სიმპათიური და კარგად ორგანიზებული გუნდი ჰყავს. შეტევის ხაზში კი რამდენიმე ინდივიდუალისტი აშკარად გამოსარჩევია. მე სხვა ფეხბურთელებიც მომეწონა.
ისე, დღევანდელი მატჩის შედეგი ჩვენ შეიძლება ძალიან ძვირად დაგვიჯდეს".
სხვა კომენტარები:
ბაჩანა არაბული: მწვრთნელის დავალებები ბოლომდე ვერ შევასრულეთ
ნიკა ჭანტურია: პირველ ტაიმში უკეთ თამაში გვმართებდა
ლუკა ზარანდია: საფრანგეთთან ამ შედეგმა არ დაგვაკმაყოფილა
* * *
ჯგუფის მეორე შეხვედრა მოულოდნელი შედეგით დასრულდა: სერბეთმა თურქეთს 2:1 მოუგო.
სერბეთი - თურქეთი 2:1
გოლები: 1:0 ლუკოვიჩი (17), 2:0 მიტროვიჩი (53), 2:1 რეჯეპი (88).
B ჯგუფი
ა გ თ მ ფ წ ბ ქ
1. სერბეთი 1 1 0 0 2-1 3
2. საფრანგეთი 1 0 1 0 0-0 1
3. საქართველო 1 0 1 0 0-0 1
4. თურქეთი 1 0 0 1 1-2 0
23 ივლისი
სერბეთი-საქართველო 19:30
თურქეთი-საფრანგეთი 21:45
A ჯგუფი
ჰოლანდია-ლიტვა 3:2
ესპანეთი-პორტუგალია 1:0
ა გ თ მ ფ წ ბ ქ
1. ჰოლანდია 1 1 0 0 3-2 3
2. ესპანეთი 1 1 0 0 1-0 3
3. ლიტვა 1 0 0 1 2-3 0
4. პორტუგალია 1 0 0 1 0-1 0
მომდევნო ტური:
ჰოლანდია-პორტუგალია 17:30
ლიტვა-ესპანეთი 19:30
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
ასევე იხილეთ:
ასე გააცილეს მოედნიდან ჩვენი ფეხბურთელები საფრანგეთთან მატჩის შემდეგ [VIDEO]