გია ცეცაძე: ევროპის ჩემპიონატზე ბევრი შეცდომა დავუშვით

AutoSharing Option
გია ცეცაძე უკმაყოფილოა - წარსულის უსიამოვნო მოგონებად დარჩა ლიტვაში ჯერაც მიმდინარე ევროპის ჩემპიონატი.

ახალგაზრდა სპეციალისტს გული იმაზე წყდება, რომ, მისი აზრით, 19-წლამდელთა ნაკრებმა შესაძლებლობები ვერ გამოავლინა.

- მწვრთნელები და ფეხბურთელები საქართველოში დანაღვლიანებული დაბრუნდით. რა თქმა უნდა, ევროპის ჩემპიონობა ყველას გვსურდა, მაგრამ ნაკრების ლიტვაში მოხვედრაც წარმატება იყო. რეალურად, რის მიღწევას იმედოვნებდით?
- საკუთარ თავზე მეც და ფეხბურთელებიც ძალიან გაბრაზებულები ვართ, რადგან ერთი შეხვედრაც ვერ მოვიგეთ და ევროპის ჩემპიონატის ოთხეულში ვერ შევედით.

ეს ყველაფერი სერბეთთან წაგების ბრალია. ეს გუნდი ფინალში კი გავიდა,
მაგრამ მასთან მოგება შეუძლებელი სულაც არ იყო.

- სულ ამბობდით, რომ "მეორე ნომრად" არავისთან ითამაშებდით. თუმცა, ჩანდა, რომ მოთამაშეები ძალიან ნერვიულობდნენ და ეს არ გამოგვივიდა.
- ჩვენი პრობლემა ყოველთვის ეს იყო - სულ "მეორე ნომრად" ვთამაშობდით. საბედნიეროდ, ეს კომპლექსი მოვიხსენით, მაგრამ "პირველ ნომრად" თამაში ძალიან რთული აღმოჩნდა.

ამას პრაქტიკაც უნდა, დროც, მენტალურად გადაწყობაც - ერთი ჩემპიონატი საკმარისი არაა.

გამოუცდელობამაც დაგვაღალატა. საფრანგეთი და სერბეთი მაღალი კლასის გუნდები იყვნენ. მე რომ მკითხოთ, ჯგუფში ყველაზე სუსტი გუნდი თურქეთი იყო. მაგრამ ბიჭებს მასთან მოტივაცია უკვე დაკარგული ჰქონდათ და ამიტომაც წავაგეთ.

- საფრანგეთის შემდეგ გუნდი გამოფიტული ჩანდა. აღდგენის საშუალება არ გქონდათ?
- ეს არ იყო პრობლემა. საფრანგეთთან შეხვედრამ უდიდესი ძალა წაგვართვა, მაგრამ ფრანგებიც, სერბებიც, თურქებიც ძალაში გვჯობდნენ. ესაა ყველაზე ცუდი.

- ჯანის ნაკლებობა მართლაც თვალშისაცემი იყო.
- დიახ, კარგად ჩანდა და ეს ამ ბიჭების ბრალი არ არის. ძალის განვითარება კომპლექსური ვარჯიშის შედეგია და ამაზე მუშაობა 14-15 წლიდან მიმდინარეობს, ფეხბურთელების დაუფიქრებლად ტრენაჟორებში შეყრა არ შეიძლება, მოზომილი დატვირთვებია საჭირო.

ჩვენთან ეს გააზრებულად არ კეთდება და არც სისტემა მოქმედებს, თუ როგორ გამოვასწოროთ ეს პრობლემა.

- თვალშისაცემი იყო ისიც, რომ თავდაჯერებულობა გაკლდათ.
- რისთვისაც ჩავედით, ის მიზანი ვერ შევასრულეთ და ბიჭები გატყდნენ. ეს განსაკუთრებით სერბებთან შეხვედრაში გამოჩნდა.

ჩვენთვის ევროპის ჩემპიონატი ამის შემდეგ დამთავრდა. სერბებმა პორტუგალიასაც იმის ხარჯზე მოუგეს, რითაც ჩვენ - თამაშის საშუალებას არ გაძლევს, ხელს გიშლის, გეთამაშება პრესინგს. ამას გარდა, ჩვენთან ფიზიკურ ძალაშიც უპირატესობა ჰქონდათ.

- ეს ჩვენი ნაკლი ევროპის ჩემპიონატამდე ხომ იცოდით?
- ვიცოდით და ვემზადებოდით. ქართული ანდაზაა - ხერხი სჯობია ღონესა... ჩვენი ისტორიული გამოცდილებაც ამას გვასწავლის - აურაცხელი მტრის შემოსევის დროს, "ხერხის" გამოყენებას ვცდილობდით.

ქართული ზღაპრის გმირი ნაცარქექიაც დევს ჭკუით სჯობს და არა ძალით. ძალაში ჩვენი ნაკლი რომ ვიცოდით, ელიტ რაუნდში სწორედ "ხერხი სჯობიას" პრინციპით ვითამაშეთ, მაგრამ ევროპის ჩემპიონატზე ეს ვეღარ შევძელით.

- ამ დონეზე "ხერხი" აღარ ჭრიდა?
- უფრო იმას ვიტყვი, რომ ეფექტური "ხერხი" ვეღარ მოვიგონეთ. მერე სერბებშიც შევცდით. ეს გუნდი ხომ ევროპის ჩემპიონატზე დიდი წვალებით გავიდა.

ეს იმ დროს, როდესაც ევროფინალზე ლამის ყველა ნაკრები 100-პროცენტიანი შედეგით მოხვდა.

ამიტომაც გვეგონა, რომ ლიდერობას ვერ შეძლებდა. მაგრამ ფინალისთვის ეროვნული ნაკრების სამი მოთამაშე დაიმატეს - მიტროვიჩი, ჯორჯევიჩი და ლუკოვიჩი და ამით გუნდი საგრძნობლად გააძლიერეს.

თითქოს, მეორე ტაიმში მათთან თამაში გამოვასწორეთ და სუსტი წერტილებიც ვუპოვეთ, მაგრამ ჩვენი მარცხი დასახელებული სამეულის შეტევაში კარგმა თამაშმა განაპირობა.

ძალიან მაგრად მოძრაობდნენ, დარბოდნენ, ლამის ყველა ბურთი მიიღეს. მერე გაგვიტანეს და აღარც გაგვიმართლა.

- ამ გადასახედიდან ხომ არ თვლით, რომ რომელიმე მოთამაშე გამოგრჩათ? ამაზე ბევრმა გაგაკრიტიკათ.
- ეს უსაფუძვლო კრიტიკაა და ვერ მივიღებ. ბიჭებმა ელიტ რაუნდზე ყველაფერი ჩადეს, ყველამ ძალიან მაგრად ითამაშა, ევროპის ჩემპიონატის საგზური მოიპოვეს და შრომა არ უნდა დაფასებოდათ?

შედეგი გვქონდა და რომელიმე რატომ უნდა მოგვეშორებინა? ეს ბიჭების შეურაცხყოფა იქნებოდა.

თუმცა, ჩემი ნება რომ ყოფილიყო, 22-23 მოთამაშესაც სიამოვნებით წავიყვანდი. ევროპის ჩემპიონატზე 18 მოთამაშე ძალიან ცოტაა.

- კაჭარავაზე ამბობდნენ - ბიჭი თამაშს აშკარად ამწვავებდა და თავიდანვე რატომ არ აყენებდაო?
- არც ამ კრიტიკას მივიღებ, რადგან მე გუნდში ძირითადი და სათადარიგო მოთამაშეები არ მყავს.

ფეხბურთში აუცილებელია სტრატეგია და ის უნდა იყოს თანმიმდევრული, რაშიც ვერავის ჩავრევ.

კაჭარავას კი მნიშვნელოვანი როლი ჰქონდა: როდესაც მეტოქე დაიღლებოდა, მისი შესვლა სწორედ ამ დროს იყო აუცილებელი.

ასე იყო ფრანგებთან, სადაც მოგებაც შეგვეძლო, მაგრამ იღბალმა ზურგი გვაქცია. მესმის, რომ ყველას თავისი აზრი აქვს, მაგრამ ეს აზრები მაშინ გამოიყენოს, როდესაც გუნდს გაწვრთნის. მე კი საკუთარი სტრატეგია ვამჯობინე.

- იმაზეც გაკრიტიკებდნენ, რომ ზედმეტად ოპტიმისტურ განცხადებებს აკეთებდაო.
- აბა, ის უნდა მეთქვა, რომ წასაგებად მივდივართ და ბიჭები არ გამემხნევებინა? ამაზე ის ადამიანები ლაპარაკობენ, რომლებიც გუნდის სამზარეულოში კარგად ვერ ერკვევიან.

- ევროპის ჩემპიონატიდან რა დასკვნები გამოიტანეთ?
- მიუხედავად მარცხისა, მიმაჩნია, რომ ჩვენს ბიჭებს თამაში შეუძლიათ. სერბეთთან შეხვედრას სწორად რომ მივდგომოდით, ნახევარფინალშიც გავიდოდით.

კიდევ ის გვაჩვენა, რომ საქართველოსა და ევროპის წამყვან ქვეყნებში გაზრდილ ფეხბურთელებს შორის სხვაობა მაინც არსებობს. ძალა უკვე ვახსენე, მეორე კი სათამაშო დისციპლინაა.

- არასწორი გადაცემების საშინელი ხარისხი გამოგრჩათ?
- ფეხბურთელი ბურთს დროულად რომ არ გადააწვდის, ესეც არასასურველი სათამაშო დისციპლინის ბრალია.

ფეხბურთის კანონია - უნდა მოიგო დრო და სივრცე. როდესაც ბურთს ათრევ, ეს გუნდის ინტერესში ნამდვილად არ არის. არ ვამბობ, რომ ამ კუთხით ნულზე ვართ, მაგრამ ევროპელები ჩვენზე წინ არიან.

- გასაგებია, რომ მოთამაშეთა ჯანზე მოსაყვანად პირობებია საჭირო, მაგრამ ბურთის სწრაფ გადაწოდებას რა პირობები სჭირდება?
- სკოლაში გრამატიკას რატომ ასწავლიან? მართლწერას რომ შეაჩვიონ. ფეხბურთში მართლწერა დროული გადაცემებია. ვერ ვიტყვი, რომ ჩვენთან არ ასწავლიან, უნიჭიერესი ბავშვები გვყავს, მაგრამ ამ პირობებში ფრანგებს რომ ევარჯიშათ, ჩვენზე ათჯერ უარესები იქნებოდნენ.

ქართველი ბავშვები რაც უფრო ხშირად გავლენ ევროპის ჩემპიონატებზე და რაც უფრო გაუშინაურდებიან იქ არსებულ ატმოსფეროს, მით უფრო გავძლიერდებით.

საამისოდ ჩვენს კლუბებს გერმანიის მესამე ბუნდესლიგის პირობები მაინც უნდა ჰქონდეთ და ევროპის ჩემპიონატზე ყოველ წელს გავალთ.

- მსაჯობაზე რას იტყვით?
- ყველაფერი კარგი იყო, მაგრამ თურქეთთან პირველი გოლი "თამაშგარედან" გაგვიტარეს და მეორეზეც ეჭვები დამრჩა. სხვათა შორის, მსაჯებმა თურქები დაჩაგრეს - სერბეთთან ერთი, საფრანგეთთან კი ორი 100-პროცენტიანი გოლი არ ჩაუთვალეს.

- თქვენი აზრით, რომელი გუნდი იყო საუკეთესო?
- უდავოდ, საფრანგეთი. ასეთი ფეხბურთელები და გუნდი არავის ჰყოლია. მათი ნახევარმცველი რაბიო საერთოდ ფენომენი იყო, ზიდანს მაგონებდა. ასეთი დაცვა კი არ მინახავს. აღარაფერს ვლაპარაკობ მათ ფიზიკურ განვითარებაზე.

- შევიტყვეთ, რომ ქუთაისის "ტორპედოში" არ იმუშავებთ.
- იქ საინტერესოდ მუშაობენ და პერსპექტიული გუნდი ჰყავთ, მაგრამ ამ თემაზე აღარ დავკონკრეტებულვართ.

- შევიტყვეთ, რომ რუსთავის "მეტალურგი" და ბოლნისის "სიონი" გიწვევდნენ.
- ლაპარაკი ელიტ რაუნდის შემდეგ გვქონდა. მაგრამ ორი კურდღლის მადევარი ვერც ერთს დაიჭერს - ჩემი კლუბში დასაქმებაც არასწორი იქნებოდა. სადაც ვიმუშავებ, იქ 100 პროცენტით უნდა დავიხარჯო, ნაკრებში და კლუბში კი ამას თანაბრად ვერ მოვახერხებდი.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ასევე იხილეთ:
U19. საქართველო-თურქეთი 2:4 - მშვიდობით, ევროპა!

U19. საქართველო-სერბეთი 0:1 - გაცრუებული იმედი და შემცირებული შანსი [VIDEO]

U19. საქართველო-საფრანგეთი 0:0 - გამარჯვებაც ახლოს იყო [VIDEO]
მკითხველის კომენტარები / 15 /
ბატონო გია, ბევრი აქვთ სასწავლი როგორც თქვენ ფეხბურთელებს, ასევე თვითონ თქვენ, და მგონი ამას არც უარყოფთ, განსაკუთრებით კი სათამაშო დისციპლინა, დამუშავებული კომბინაციები, მუდმივი მოძრაობა არა მარტო ბურთIს ფლობისას და გახსნა...ერთადერთი რაც თვალში იყო საცემი, თU სად ხვდებოდნენ ბიჭები მოწინააღმდეგეს!...დაცვაში არავისთან ჩამჯდარა 11 კაცი, არავისი ეშინოდათ, ჰოდა ეს მაიმედებს... დაიზრდებიან ვაჟკაცები და თქვენც ბევრს ისწავლით კიდევ... ჩემპიონატის საბოლოო შედეგებმაც დაამტკიცა, რომ ხელწამოსაკრავი გუნდი არა გვყოლია და მისი გასვლა ფინალურ ეტაპზე სრულიად არ იყო შემთხვევითი...გული არ გაიტეხოთ ზოგიერთი ვაიგულშემატკივრის გამოთქმების გამო.
murtalo
03:18 02-08-2013
0
ნაცარქექიაც დევს ჭკუით სჯობს და არა ძალით-რას გვაბოლებ რა?
ვერ ქაჩავს ეს კაცი, თვითონ რომ ვერ ხვდება ფედერაცია რას აკეთებს
qomagi
07:38 02-08-2013
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული